ცინიკური და ჰომოფობიური განწყობები geworld.ge-ზე
08.03.2017
„უზნეობა დემოტრაკიის სახელით,“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „საქართველო და მსოფლიომ (geworld.ge-მ)“ 1 მარტს ტრანსგენდერებთან დაკავშირებული მასალა.

„წვერიანი ქალები,“ - ასეთი ფრაზით მოიხსენიებს ავტორი ტრანსგენდერ ქალებს სტატიის დასაწყისში.

„მუსიკოსები მაკიაჟით გალამაზებულები და ქალების მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე “ამხედრებულები” წარსდგებიან მაყურებლების წინაშე. როგორც ამ ქალ-კაცებმა განაცხადეს, მათ მომზადებული აქვთ ნამდვილი ჰიმნი ლგბტ-თემის დასაცავად იმ ქვეყნებში, რომლებშიც “მამათმავლების უფლებები ირღვევა,“ - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც აშკარად იგრძნობა ჟურნალისტის ცინიკური და ჰომოფობიური განწყობები.

გამოქვეყნებულ მასალაში ავტორი ჰომოფობიურ დამოკიდებულებასა და ცინიზმს ავლენდა თავად ევროვიზიის მაყურებლების მისამართითაც: „ეს არასტანდარტული როკკოლექტივი აპირებს, გააოცოს დამსწრენი პროვოკაციული წარმოდგენით და იმედოვნებენ, რომ მათ თბილად მიიღებს “ევროვიზიის” მაყურებელი, რომელთა შორის ტრადიციულად ბევრი არიან პედერასტები ყველა ქვეყნისა.“

სტატიის მეორე ნახევარში ავტორი მოულოდნელად, პედოფილი მამაკაცის თემას ეხება და მკითხველისთვის გაუგებარი რჩება, როგორ უკავშირდება პედოფილიაში ბრალდებული პირის თემა ტრანსგენდერი ქალების თემას.

მასალის დასასრულ კი, ჟურნალისტი წერს უკრაინელ გეი წყვილზე, რომელმაც, როგორც სტატიიდან ირკვევა, „დასაქორწინებლად აშშ-ს მიაშურა.“ საყოველთაო სიხარულს ერთი კოვზი კუპრი ამწარებდა: უკრაინაში მათი ურთიერთობის დაკანონებას არავინ აღიარებს,“ - ვკითხულობთ სტატიაში.

ცინიკური იყო ავტორის კიდევ ერთი ფრაზა: „სამაგიეროდ პატრიოტები არიან: ნეფეს ლურჯი კოსტიუმი ეცვა და ყვითელი ჰალსტუხი ეკეთა, დედოფალს პირიქით _ ყვითელი კოსტიუმი და ლურჯი ჰალსტუხი ამშვენებდა. იქნებ, პირიქით? ალაჰმა უწყის.“

ჰომოფობიურია „საქართველო და მსოფლიოს“ 1 იანვრის კიდევ ერთი მასალა („ობამას შემოღებული ტრანსგენდერების სპეცტუალეტები აყროლდა და გააუქმეს“), რომელშიც ავტორი ტრანსგენდერებსა და ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების მომხრეებს დასცინოდა და მათ „საყროლეთის მეცენატებს“ უწოდებდა.

თეგები : სიძულვილის ენა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ