დაუსაბუთებელი ბრალდებები “კურიერში“ ფესტივალზე ნარკოტიკების გაყიდვის შესახებ
28.08.2018
27 აგვისტოს “კურიერის” მთავარ გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. მასალის მიხედვით, უწყებამ ბოლო ერთ კვირაში, ანაკლიაში, თბილისსა და ბათუმში 29 პირი დააკავა. სიუჟეტში ეს თემა ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Echowave-ის კონტექსტში განიხილეს. მასალის ყურებისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მასობრივად და უკონტროლოდ იყიდებოდა სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკი, ხაზი გაუსვეს ორგანიზატორის წარსულში ნასამართლეობასა და იგი ირიბად ბერა ივანიშვილის პროტეჟედ დაასახელეს. თუმცა, ამგვარი მესიჯების გასაჟღერებლად სიუჟეტიდან მყარი არგუმენტები და დასაბუთება არ მოგვისმენია.

თემის წარდგენისას წამყვანმა აღნიშნა, რომ “დაკავებულია სინთეტიკური ნარკოტიკის ოცამდე რეალიზატორი, აქედან შვიდი, აკრძალულ ნივთიერებას ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალის დროს ყიდდა”. “ემდიემაი, ლირიკა, ბიო და ექსტაზი, ეს იმ აკრძალული ნივთიერებების ჩამონათვალია, რომელიც სახელმწიფოს მიერ 4 600 000 ლარით დაფინანასებულ მუსიკალურ ფესტივალზე იყიდებოდა”, - განმარტა მანვე.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა სიუჟეტში აღნიშნა, რომ ირანის ორი მოქალაქე ნარკორეალიზაციის ბრალდებით პოლიციამ სწორედ ფესტივალის ტერიტორიაზე დააკავა. ნათქვამის გასამყარებლად სიუჟეტში ერთ-ერთი ადგილობრივის კომენტარი მოვისმინეთ, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტის დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ პასუხობს, რომ ირანის ერთ-ერთ დაკავებულ მოქალაქეს ნარკოტიკი ფესტივალის ტერიტორიაზე აღმოუჩინეს. აღნიშნული ქალი არც ფაქტის თვითმხილველი ყოფილა და ასაკის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჰქონოდა.

მასალაში ჩანს ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვის ფარული ვიდეოჩანაწერი, თუმცა რთული დასადგენია სად ხდება მოქმედება. ამას მოსდევს შსს-ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ ელექტრონულ ფესტივალზე უწყებამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ჯამში 22 პირი დააკავა. თუმცა, არ აკონკრეტებს მათი დაკავება უშალოდ ფესტივალის ტერიტორიაზე მოხდა, თუ მის გარეთ. აქვე ფესტივალის მენეჯერი განმარტავს, რომ ჯერ დადასტურებული არაფერია და ფესტივალის ტერიტორიაზე “ყველაფერი კარგად იყო გაკონტროლებული”.

ამის ფონზე სიუჟეტში ჟურნალისტი შემდეგ მსჯელობას ავითარებს - “როგორ მოხვდა აკრძალული ნივთიერება ფესტივალის ტერიტორიაზე, რომელსაც ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა, ოცამდე კი საავადმყოფოში მოხვდა? ორგანიზატორები ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტს უარყოფენ, რაც შეეხება მოხმარებას, ამტკიცებენ რომ მოხმარება ტერიტორიის გარეთ ხდებოდა”.

მსჯელობის გასამყარებლად მასალის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია “მანდალას” წარმომადგენლის კომენტარს გვთავაზობს. იგი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებით ინტოქსიკაციის შემთხვევებზე საუბრობს და არა ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის ფაქტებზე. თუმცა ჟურნალისტი ყოველგვარი სხვა, დამატებითი დაზუსტებული ინფორმაციის გარეშე, ამბობს: “ეს იმ ნარკოტიკების ჩამონათვალია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევით ფესტივალის ტერიტორიაზე ხვდებოდა. არასამთავრობო სექტორი ფესტივალის მიმდინარეობისას სიტუაციას ადგილზე აკონტროლებდა, ამბობენ, რომ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყველანაირი ნარკოტიკი იყო შესული და შემოწმების მეთოდებმა არაეფექტურად იმუშავა. ირკვევა, რომ ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად, დახმარება ბევრად უფრო მეტ ახალგაზრდას დასჭირდა, ვიდრე კლინიკაში მოხვდა”.

კიდევ ერთი გზავნილი, რასაც მასალიდან ასევე დაუსაბუთებელი მსჯელობებით ვიღებთ, არის ის რომ ფესტივალის ორგანიზატორს ბერა ივანიშვილი ლობირებს. აქვე მის ნასამართლევობასაც უსვამენ ხაზს. გაურკვეველ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავტორი ხაზგასმით ამბობს: “სწორედ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის პროტექციით ჩააბარეს 2018 წლის 21 მიასს დაფუძნებულ კომპანიას ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარება”. კომპანიის ხელმძღვანელი ბერა ივანიშვილთან ნაცნობობას ადასტურებს, თუმცა, მისი კომპანიის გამარჯვებაში ბერა ივანიშვილის ფაქტორს უარყოფს.

საბოლოო ჯამში, მასალიდან მაყურებელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ერთის მხრივ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანის კონტროლი, და მეორე მხრივ, ფესტივალის ორგანიზება, ტენდერის გარეშე, ანდეს ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ კონკრეტულ კომპანიას. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “რუსთავი 2” ნარკოვაჭრობის კონტექსტში ივანიშვილისა და მისი ოჯახის ინტერესებზე საუბრობს. თუმცა, არც ამ და არც სხვა შემთხვეებში, აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ გვინახავს.

თეგები : არაზუსტი ინფორმაცია ; მანიპულაცია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ