სენსაციური სათაურები, მითები, ზედაპირული ინფორმაცია - მედიის ნაწილი H1N1-ზე
14.01.2019

11 იანვრის მონაცემებით, ლაბორატიურად დადასტურდა, რომ საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსით, რომელსაც “ღორის გრიპს” უწოდებენ, 15 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა უმეტესობამ სამედიცინო დაწესებულებას გვიან მიმართა, ან გრიპთან ერთად სხვა ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა.

გრიპის ვირუსის შემთხვევები განსაკუთრებით იანვრის დასაწყისში გააქტიურდა, შესაბამისად, ამ პერიოდიდან გახშირდა მედიაშიც ახალი ამბები H1N1-ს შესახებ. თემას აქტიურად აშუქებს თითქმის ყველა მედია, თუმცა, საიტების ნაწილზე გრიპის ვირუსისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია მეტწილად შუქდება ზედაპირულად, სენსაციური და პანიკის შემცველი სათაურებით, ხშირია დაუდასტურებელი ფაქტები გარდაცვალების მიზეზად გრიპის ვირუსის დასახელებაზე, ვრცელდება სხვადასხვა ტიპის მითები - რამ გამოიწვია საქართველოში ვირუსის გავრცელება, ზოგიერთმა საიტმა კი გამოაქვეყნა რამდენიმე თითქოსდა ხალხური საშუალება და რეცეპტი ვირუსისგან თავის დასაცავად, რაც გადაუმოწმებელია და ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის სახიფათოც.

  •  პირველი მასალები H1N1-ზე

გრიპის ვირუსის გაშუქება მედიაში დეკემბრიდან დაიწყო და განსაკუთრებით თვის ბოლოს გააქტიურდა, მაშინ, როდესაც ბათუმში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მედიის ნაწილი დეკემბერშივე წერდა, რომ ქვეყანაში H1N1-ს ეპიდემიაა, თუმცა ქვეყანაში ეპიდემიის საშიშროებაზე არც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი და არც ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ საუბრობს.

„გრიპის ვირუსის მორიგი ეპიდემია საქართველოში - კლინიკებს რეკორდული რაოდენობის პაციენტები მიმართავენ“, - ამ სათაურით 2018 წლის 15 დეკემბერს “რუსთავი 2-ის” 15:00 საათიან გამოშვებაში გავიდა მასალა, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევებმა მოიმატა. ამავე დღეს მსგავს თემაზე ახალი ამბები მოამზადეს გამოცემებმა: commersant.ge, newposts.ge, 2020news.ge და mediamall.ge.

  • სენსაციური სათაურები

საიტების ნაწილზე H1N1-ს შესახებ მომზადებული მასალების უმეტესობას სენსაციური და პანიკის შემცველი სათაური აქვს. მაგალითად, „სრული კატასტროფაა, ხალხი პანტაპუნტით კვდება“, „ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა“, „ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს“, „საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის“ და ა.შ.

მსგავი ტიპის მასალებს ყველაზე ხშირად შემდეგი ვებგვერდები ავრცელებენ: alia.ge, newposts.ge, resonancedaily.com, droni.ge, presa.ge, infonews.ge, cyc.ge, itv.ge, 2020news.ge, news.coa.geexclusivenews.ge.

  • დაუდასტურებელი ინფორმაცია

გამოცემების ნაწილი ვირუსთან დაკავშირებით ხშირად დაუდასტურებელ ინფორმაციას აქვეყნებს, ყოველი ახალი გარდაცვალების შემთხვევას H1N1 ვირუსს იქამდე უკავშირებს, ვიდრე ამის შესახებ ლაბორატორიულად დადასტურდება და ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო ან დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაადასტურებს.

ასეთი მასალების დიდი ნაწილი შესაძლოა ვინმეს გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრის, ან ახლობლის მიერ დაწერილი ემოციური პოსტიც იყოს. ასე მოხდა მაგალითად, 22 წლის სალომე ქემაშვილის შემთხვევაში. მისი გარდაცვალების მიზეზად ე.წ. ღორის გრიპს იქამდე ასახელებდნენ, ვიდრე ეს ლაბორატორიულად დადასტურდებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მას გრიპთან ერთად ჯანმრთელობის სხვა პრობლემაც ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა, თუმცა, გარდაცვალების მიზეზად მაინც ცალსახად, მხოლოდ H1N1 სახელდებოდა.

  • ზედაპირული გაშუქება

ასეთი საიტების უმეტესობა ამბავს ზედაპირულად აშუქებს, შემოიფარგლება მხოლოდ გარდაცვლილთა სტატისტიკით, ან უცვლელად აკოპირებს სოციალურ ქსელში ვინმეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებისა და გარდაცვალების შესახებ.

ამგვარ ტექსტებში არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, H1N1-ს ასეთი მასშტაბით გავრცელება საქართველოში წელს პირველი შემთხვევაა, თუ გასულ წლებშიც დაფიქსირდა; როგორია დინამიკა წლების მიხედვით (დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ამგვარი სტატისტიკა გამოაქვეყნა); რა მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში; რა არის საჭირო ვირუსის თავიდან ასაცილებლად; რა სიმპტომები აქვს ვირუსს და როდის და ვის უნდა მივმართოთ ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში; არ აქვეყნებენ საჭირო დაწესებულებების ცხელი ხაზის, ან სხვა საკონტაქტო ნომრებს და ა.შ.

  • ჯანმრთელობისთვის სახიფათო ინფორმაცია

გრიპის ვირუსის გავრცელებისთანავე სხვადასხვა პლატფორმებზე გაჩნდა მასალები თითქოსდა ვირუსის სამკურნალო, ხალხური საშუალებების შესახებ. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი, რუსი ექიმის, ივან ნეუმივაკინის მოსაზრებებზე დაყრდნობით წერდა, რომ ე.წ. ღორის გრიპთან საბრძოლველად ეფექტურია წყალბადის ზეჟანგი ანუ პერეკისი.

მასალები იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ განმარტებების გაკეთება მოუხდათ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს. უწყებებში განაცხადეს, რომ არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული წყალბადის ზეჟანგით მკურნალობის ეფექტურობის შესახებ და მოსახლეობას რეკომენდაციას არ უწევენ.

  • მითები და დეზინფორმაცია

H1N1-ს შემთხვევების გამოვლენისთანავე რამდენიმე გამოცემამ დეზინფორმაციისა და მითების გავრცელება დაიწყო. ასეთ ინფორმაციებს უმეტესად ანტიდასავლური საიტები აქვეყნებენ.

სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა საიტებზე ძირითადად სამი ტიპის მითი ვრცელდება: ღორის გრიპი ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელდა; ეს არის ხელოვნურად შექმნილი ეპიდემია და ბანანში ღორის გრიპია.

ამათგან, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მითი ე.წ. ღორის გრიპის ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ. ასეთი ტექსტები იანვრის დასაწყისიდან ვრცელდება და მეტწილად, ფეისბუკის ერთი მომხმარებლის პოსტს ეყრდნობა. ეს მომხმარებლები კი არიან: ქართული მარშის ყოფილი წევრი ლადო სადღობელაშვილი, ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და ადვოკატი ანა ჟღენტი. მათ პოსტებს საიტები უცვლელად, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, მტკიცებით ფორმაში აქვეყნებენ.

ასეთ მითს ავრცელებენ: intermedia.ge, for.ge, alia.ge, euronews.ge, digest.pia.ge, 2020news.ge, infonews.ge, tbiliselebi.com, geonews.ge, akhalitaoba.ge, infopostalioni.com, news.coa.ge, timenews.ge, otime.ge, vanoggg.ge, onone.ge, tvm.ge, news.net.ge, plus.kvira.ge, brandnews.ge,  exclusivenews.ge.

ღორის გრიპის გავრეცელებას მედიკამენტების გასასაღებლად, ხელოვნურად შექმნილ ეპიდემიას უკავშირებენ ისეთ საიტებზე, როგორიცაა: primetime.ge, pain.ge, vanoggg.ge, newsmedia.ge, alia.ge, cyc.ge.

მესამე მითი, დავირუსებული ბანანების შესახებ, საიტებზე ისე მასშტაბურად არ გავრცელებულა, როგორც წინა ორი. ასეთი შინაარსის პოსტები უმეტესად სოციალურ ქსელ ფეისბუკში შექმნილ სხვადასხვა გვერდებზე გავრცელდა.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ