ყალბი ამბები droni.ge-ზე სატირულ გვერდზე დაყრდნობით
22.02.2019

ბოლო სამ დღეში, 20-დან 22 თებერვლის ჩათვლით, Droni.ge-მ ხუთი ამბავი გაავრცელა Worldnewsdailyreport.com-ზე დაყრდნობით, რომელიც ყალბი, სატირული შინაარსის მასალების გამავრცელებელი გვერდია. Droni.ge-ს არცერთ სტატიაზე არ მიუთითებია, რომ ის ყალბი იყო. ხუთიდან ორი ისე გამოაქვეყნა, მასში ისიც არ აღნიშნა, რომ World News Daily Report-ზე დაყრდნობით წერდა.

ხუთიდან სამ სტატიაში ბავშვების მიმართ ძიძების მიერ ჩადენილი მძიმე და არარეალური დანაშაულებია აღწერილი. ერთ-ერთი სტატია გვაცნობს ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალების ქვეშ მყოფ „კანიბალ ძიძას“, რომელმაც სამი თვის ჩვილი მიკროტალღურ ღუმელში შესვა. მეორე ამბავიც ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ ძიძას ეხება, რომელმაც ერთი თვის ჩვილი ტირილის გამო ჭაღის ვენტილატორზე ჩამოკიდა. მესამე სტატიაში კი მოყოლილია ძიძაზე, რომელმაც ბავშვი თავის სასქესო ორგანოში მოათავსა.

ორი სტატიიდან ერთი 189 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქალს ეხება, მეორე სტატია კი კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარზეა, რომელიც ანალურ ხვრელში მოთავსებული ჯვრის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

World News Daily Report გვერდის აღწერაში წერს, რომ გამოცემა ქმნის სატირული კონტენტს, არც გამოქვეყნებული ამბები შეესაბამება სინამდვილეს და არც გმირები არიან ნამდვილი. ასევე უთითებს, რომ მათ მიერ გამოგონილი პერსონაჟებსა და რეალურ ადამიანებს შორის ნებისმიერი სახის მსგავსება უბრალოდ „სასწაულად“ შეიძლება ჩაითვალოს.



თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ