“ვიტამინი ბიძინა”, “ნაცვირუსი” და “ოცნების” “იმედი”
18.04.2020
“რა უფრო სახიფათოა - კორონავირუსი თუ ნაცვირუსი?” - ეს არის საკითხი, რომლის გამორკვევას ტელეკომპანია “იმედმა”, ბოლო დღეების განმავლობაში, არაერთი “ღია ეთერი” მიუძღვნა და შესაბამისად, ასე აქცია პოლიტიკური ოპოზიციის კრიტიკა აქტუალურ თემად მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაშია ჩართული.

“მედიაჩეკერი” 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდა ტელეკომპანია “იმედის” “ღია ეთერს”. 7 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით ეთერში 6 გადაცემა გავიდა. სტუმრის სახით ოპოზიციის, ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი არც ერთ მათგანში არ ყოფილა მიწვეული, მაშინ, როცა თითქმის ყველა გადაცემაში წარმოდგენილი იყო ოპოზიციის და ოპონენტების კრიტიკა.

სტუმრების სია ასე გამოიყურებოდა: პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ჯანდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, ამავე პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ასევე, კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში და ა.შ.

altრესპონდენტებისა და გადაცემის ცვალებადი წამყვანების საუბრის მთავარი თემა იყო ხელისუფლების წარმატებული აქტივობების ხაზგასმა და ოპოზიციის კრიტიკა. იმავე პათოსით იყო გაჯერებული გადაცემის ინტერაქტივებიც.

გასული ათი დღის განმავლობაში “იმედი” მაყურებელს სთხოვდა აზრი დაეფიქსირებინა შემდეგ საკითხებზე:


  • არის თუ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება ნაც. მოძრაობის მორიგი პოლიტიკური განაჩენი?
  • სპეკულირებს თუ არა ნაც. მოძრაობა ქართველების დაბრუნების თემით?
  • ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების აგრესიული კრიტიკა არის ქვეყნის მტრობა, თუ დემოკრატიული პროცესი?
  • ახდენს თუ არა პანდემია პოლიტიკურ ლუსტრაციას?
  • საჭიროა თუ არა წესების უფრო მეტად გამკაცრება?
  • მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გაქვთ თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლების იმედი?
ამ ინტერაქტივებში 2000-დან 4000-მდე მონაწილე აფიქსირებდა აზრს და ძირითადად, მათი აბსოლუტური უმრავლესობა (91-დან 97%-მდე) პასუხობდა “დიახ”. იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც თავად “იმედის” ჟურნალისტმაც გაახმოვანა თავისი პოზიცია ინტერაქტივის შეკითხვაზე:

alt




მაგალითად, “ღია ეთერის” ერთ-ერთმა წამყვანმა, ინტერაქტივის შეჯამებისას ღიად თქვა, რომ იმ 94.9%-ისკენაა, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების აგრესიული კრიტიკა არის ქვეყნის მტრობა. მარტივად რომ ვთქვათ, ჟურნალისტს, რომელსაც იმავდროულად მთელი არხის საინფორმაციო სამსახურის მუშაობა აქვს მინდობილი, მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, მთავარი ხელისუფალის კრიტიკა არის ქვეყნის მტრობა. ამ შემთხვევაში ზედსართავი სახელი “აგრესიული”, ალბათ, ვერაფერს შეცვლის. არც თავად ჟურნალისტს განუმარტავს ინტერაქტივის შეკითხვის ფორმულირების დროს, რას ნიშნავს “აგრესიული კრიტიკა”.

სამაგიეროდ, გვაჩვენა სიუჟეტი, სხვა ჟურნალისტის მიერ მომზადებული, რომელიც ეძღვნებოდა ოპოზიციის კრიტიკას და ხელისუფლების ქებას. ამონარიდები ჟურნალისტის ტექსტიდან:

  • “ეს ის ოპოზიციაა, რომელიც მხოლოდ ლაპარაკობს, ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს ქვეყნისთვის ამ უმძიმეს პერიოდში, ლაპარაკის გარდა”;
  • “ოპოზიცია, რომელიც ბიუჯეტიდან მილიონებით ფინანსდება, ვირუსთან ბრძოლისთვის 1 თეთრსაც ვერ იმეტებს”; “ოპოზიცია ყველაფერს კადრულობს”;
  • “ნაციონალურ-პარტიული მედია კადრულობს ტყუილებს და თესავს შიშს”.
  • “თეთრი და შავი იყო ამ სიუჟეტში ერთად წარმოდგენილი”, - განაცხადა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.
“ამ სიუჟეტში რეალობა იყო ასახული”, - ასე შეაფასა სიუჟეტი “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი და “ვირუსული” აღმოჩნდა “ღია ეთერის” 14 აპრილის გამოშვება, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში “ქართული ოცნების” კონსულტანტი, ლაშა ნაცვლიშვილი სტუმრობდა.

გადაცემაში გაუშვეს ნაცვლიშვილის ვიდეობლოგი, რომელიც თავდაპირველად 2 წლის წინ გამოქვეყნდა. ბლოგში “ნაციონალური მოძრაობა” და მისი წარმომადგენლები შედარებულია ვირუსთან, ხოლო ბიძინა ივანიშვილი - ვიტამინის ინექციასთან, რომელმაც დავირუსებული ქვეყანა “განაჯადოვა”. ივანიშვილთან მიმართებაში სხვა ეპითეტებიც უხვადაა გამოყენებული: “ხალხის მსახურების უკანასკნელი სიმბოლო”, “გმირი”, “უკანასკნელი საერო ავტორიტეტი”.

ივანიშვილის ქება-დიდების 2 წლის წინანდელი რიტორიკა ნაცვლიშვილმა ამჯერადაც წარმატებით გააგრძელა და მოქალაქეებს უთხრა, რომ “წლების განმავლობაში მოხდა ბიძინა ივანიშვილის ინსტიტუციონალიზაცია” და რომ “ყველგან ბიძინაა”, რადგან ის არის ამ ხელისუფლების მშობელი:

“რომ ლაპარაკობდა გახარია დამაჯერებლად, ბიძინა იყო ის, ჯანდაცვის მინისტრი … არ გჭირდებათ თქვენ ფიზიკური ბიძინა, ყველა, ვინც ადამიანის სამსახურში დგას, პოლიციელიდან ექიმის ჩათვლით, ყველგან ბიძინაა, ამიტომ ნუ ნერვიულობთ”.

ასეთია საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მმართველი პარტიის კონსულტანტის გამოხმაურება ოპოზიციისა და მოქალაქეთა ნაწილის მოთხოვნაზე, რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ამ ხელისუფლებაზე პასუხისმგებელმა პირმა, აიღოს ღიად მოსახლეობის წინაშე გარკვეული ვალდებულებები კრიზისულ სიტუაციაში და მიმართოს ხალხს, როგორც ამას აკეთებენ ცივილურ ქვეყნებში ხელისუფლების წარმომადგენლები და არა მხოლოდ.

რესპონდენტთან არანაირი კრიტიკული შეკითხვა არ დაუსვამს გადაცემის არც ერთ წამყვანს, ერთ-ერთმა მათგანმა კი თავის შესავალ სიტყვაში ღიად დააფიქსირა, რომ ის თავის მხრივ წარმოადგენდა ამ გადაცემაში ხელისუფლების მხარეს:

“რა უფრო სახიფათოა, კორონავირუსი თუ ნაცვირუსი?! თუ შევადარებთ, რამდენად შხამიანია, მე მგონი აქ არის აშკარად ნაცვირუსის უპირატესობა, სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ასევე ნაცვირუსი... თუ ვიცავთ ჰიგიენურ და სანიტარულ ნორმებს, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს, რატომ არ გვაქვს ჩვენ, საზოგადოებას, სახელმწიფოს, შესაბამისი პროცედურები ნაცვირუსთან საბრძოლველად?” - განაცხადა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ვაკა გორგილაძემ “ღია ეთერში”.

“ღია ეთერში”, ისე როგორ ტელეკომპანია “იმედის” სხვა საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებში, ბოლო დღეებისგანმავლობაში მთავარი თემა იყო ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, არაერთი სიუჟეტი მიეძღვნა იმას, რომ ივანიშვილმა აღადგინა ეკლესია-მონასტრები, ააღორძინა კურორტები, ააშენა გზები და ა.შ. და რომ ახლა კორონავირსუთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა და ისევ ქველმოქმედება გამოიჩინა.

ივანიშვილის გარდა, “იმედის” კიდევ ერთი გმირი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და უშუალოდ მართლმადიდებელი ეკლესია. არაერთი სიუჟეტი მიეძღვნა იმის ილუსტრაციას, თუ როგორ იცავს ეკლესია დისტანციის წესებს ღვთისმსახურების პროცესის დროს მაშინ, როცა თავად პრემიერმაც კი აღიარა, რომ ამ წესების დაცვა, იგივე, ბზობის დღესასწაულზე ვერ მოხერხდა და პოლიციას უფრო ეფექტიანად უნდა ემუშავა.

ექიმების და ხელისუფლების მოწოდების მიუხედავად, საპატრიარქომ მრევლს არ მოუწოდა სახლში დარჩენისკენ. მან ღიად დატოვა ტაძრები და ერთი კოვზით აზიარებდა ტაძრებში მისულ მრევლს, ინფექციის ფართოთ გავრცელების მაღალი რისკის მიუხედავად. ასეთ დროს, “იმედის” საინფორმაციო მანქანა, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეკლესიის პიარით იყო დაკავებული. შესაძლოა, ამ ამოცანის პასუხი ისევ ლაშა ნაცვლიშვილის ძველ ვიდეობლოგში იყოს, სადაც ის ამბობდა, რომ ქვეყანაში მხოლოდ “2 მორალური ავტორიტეტია” დარჩენილი: “სასულიერო - პატრიარქი და საერო - ბიძინა”.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ