სააკაშვილის ერთი თანამდებობა ორი რაკურსით “იმედსა” და “მთავარ არხზე”
12.05.2020
7 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული ბრძანებით, უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის ამბავი 10 მაისს ტელეკომპანია “იმედისა” და “მთავარი არხის” კვირის მთავარ გამოშვებებში გაშუქდა, თუმცა სხვადასხვა აქცენტებით.

თითოეული მაუწყებლის მაყურებელმა რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მიიღო. ეს განსხვავება მხოლოდ სიუჟეტების სათაურებიდანაც კი ცხადია - “იმედმა” მაყურებელს წარუდგინა სიუჟეტი - “სააკაშვილი და მისი პოლიტიკური კლასტერი - გაქცეული პრეზიდენტის ფორმალურ პოსტს ზეიმობს”, ხოლო “მთავარი არხმა” მაყურებელს “უკრაინის მთავარი რეფორმატორის” შესახებ მოუყვა.

რადიკალურად განსხვავდებოდა გადაცემის წამყვანების შესავალი ტექსტებიც.

“იმედის კვირის” წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნით დაიწყო კვირის მთავარი გამოშვება და ამბავი შემდეგნაირად წარუდგინა მაყურებელს:

“სააკაშვილი და მისი პოლიტიკური კლასტერი გაქცეული პრეზიდენტის ფორმალურ პოსტს ზეიმობს, რეალურად კი, საზეიმო არაფერია. საქმე ძალიან მარტივად არის: პირველი - ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი სააკაშვილის კურსელია და ახლო მეგობარი, და მეორე - სააკაშვილი ძალიან კარგად თანამშრომლობს უკრაინელი ოლიგარქების ერთ ჯგუფთან, ნაწილი დღეს კიევიდან რუსეთშია გაქცეული. ვინ დააშვებინა ზელენსკის შეცდომა, ეს ნაწილობრივ უკვე ვიცით, და რაში გამოიყენებს ის ექს პრეზიდენტს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა დათმო, ამას ძალიან მალე დავინახავთ. შორენა ხვიჩია გიჩვენებთ სამუშაოს მაძიებელი ძებნილის უკრაინულ მეორედ მოსვლას და ე.წ. რეფორმატორის რეალურ სახეს - დესტრუქციულ მიშას.”

ირაკლი ჩიხლაძემ თუ “დესტუქციული მიშა” წარადგინა, “პოსტ ფაქტუმის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მაყურებელს სააკაშვილის, როგორც “ქართული ოცნების” თავის ტიკივილის” და “უკრაინის მთავარი რეფორმატორის” შესახებ უამბო:

“როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” დასავლეთის მხრიდან თავის ტკივილი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ მოაკლდება. ეს მათივე ბრალია. ჯერ იყო და წლის დასაწყისში ამერიკამ და ევროპამ, ფაქტობრივად, აიძულეს ივანიშვილის ხელისუფლება დათმობაზე წასულიყო და საარჩევნო სისტემა შეცვლილიყო, ბოლო დღეებია საჯარო ზეწოლა დასავლეთის მხრიდან ისევ განახლდა, განსაკუთრებით, პოლიტიკური ნიშნით გასამართლებულთა კონტექსტში, რომლებსაც ქართული ოცნება ასეთებად, უბრალოდ, არ აღიარებს. პარალელურად, ევროპის უდიდესმა ქვეყანამ, უკრაინამ, ქვეყანაში ძირეული რეფორმების გატარება მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილის ანტიპოდს, პოლიტიკური ნიშნით კიდევ ერთ გასამართლებულს, მიხეილ სააკაშვილს ჩააბარა. “ქართულ ოცნებას” მაშინვე უმტყუნა ნერვებმა - დაიწყეს წერილების წერა, მუქარა, ტელევიზიებით ჩართვები, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილი მაინც დანიშნა. ჩვენი ხელისუფლება თან ცდილობს გვაჩვენოს, რომ სულაც არ ადარდებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბედი და მომავალი, მაგრამ ამ დროს უკრაინიდან საქართველოს ელჩს იწვევს, მასთან თითქოსდა უბრალოდ კონსულტაცციების გასავლელად. ამას ჰქვია ზუსტად “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”. თუ, როგორც თქვენი ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, მიხეილ სააკაშვილი ყავის მომდუღებელ მდივნადაც კი არ გამოდგება, მაშინ რაზე ნერვიულობთ ამდენს?!”

აღნიშნული შესავლების შემდეგ, “იმედისა” და “მთავარი არხის” მაყურებელმა, რადიკალურად განსხვავებული გზავნილებით, თუმცა ერთნაირად ცინიკური რიტორიკით გაჯერებული სიუჟეტები ნახა.

“იმედი” თავის მასალაში სააკაშვილის დანიშვნის ორ ვერსიაზე საუბრობს - პირველი ვერსიით, “საქართველოდან გაქცეული პრეზიდენტი ფორმალურ პოსტზე” დაინიშნა თავისი კურსელის ლობისტობით, რომელიც ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელია. მეორე ვერსიით კი, სააკაშვილი უკრაინელ ოლიგარქებთანაა შეკრული და პრეზიდენტმა იგი მათი მხარადჭერით დანიშნა. სიუჟეტიდან ისიც გავიგეთ, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნით, ვოლოდიმირ ზელენსი ისევე დაასრულებს “პოლიტიკურ ისტორიას”, როგორც მანამდე ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაასრულა.

10 წუთის განმავლობაში, “იმედი” ირწმუნებოდა, რომ სააკაშვილი, თავისი ახალი თანამდებობით, საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობის გაფუჭებას შეეცდება, ამის საპირწონედ კი, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინიდან საქარელოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია, რათა უკრაინასთან სტრატეგიული და ძმური ურთიერთობები “ავანტიურისტი პოლიტიკოსისგან” დაიცვას.

“იმედის” მასალიდან რამენიმე მთავარი გზავნილი გამოიყოფა:

  • სააკაშვილი “ფორმალურ პოსტზე” თავისი კურსელის ლობისტობით, ანდა უკრაინელი ოლიგარქების მხარადჭერით დაინიშნა
  • უკრაინის პრეზიდენტს სააკაშვილი “განტევების ვაცად” სჭირდება
  • გაქცეული პრეზიდენტი საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობის გაფუჭებას შეეცდება
  • პრემიერმა საქარელოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია, რათა უკრაინასთან სტრატეგიული და ძმური ურთიერთობები დაიცვას
ამ გზავნილების მაყურებლამდე მიტანას და მანიპულირებას ავტორი მუსიკის ფონზე, არქივიდან ამოღებული მასალებით, შეფასებითი და ირონიული ტექსტებით გაჯერებული და ამავდროულად დამაჯერებელი რიტორიკით ცდილობდა.

“იმედისგან” განსხვავებით, “მთავარი არხი” მაყურებელს არწმუნებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა და იგი ქვეყნის მთავარი რეფორმატორი გახდა. სიუჟეტის ავტორი მთავრობის ანტიდასავლურ განწყობებზეც ამახვილებდა ყურადღებას და ამბობდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნა ისევე აწუხებს ბიძინა ივანიშვილს, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ისიც ისევე ელოდება როდის გაუფუჭდება სააკაშვილს ურთიერთობა უკრაინასთან, როგორც საქართველოს მთავრობა.

თუ “იმედი” ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა თანამდებობა ოლიგარქების მხარდაჭერით მოიპოვა, “მთავარი არხი” ცდილობდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ სააკაშვილის მიზანი სწორედ ოლიგარქებთან და კორუფციასთან ბრძოლაა.

“მთავარი არხის” მთავარი გზავნილები:

  • სააკაშვილი უკრაინის “მთავარი რეფორმატორი” გახდა
  • “ქართულ ოცნებას” სააკაშვილის ეშინია და მისი თანამდებობაზე დანიშვნით მთავრობას ახალი “თავის ტკივილი” გაუჩნდა
  • საქართველოს მთავრობა ელჩის გამოწვევით დიპლომატიურ ომს უცხადებს უკრაინას
  • სააკაშვილის თანამდებობაზე ყოფნა პუტინსა და ივანიშვილს ერთნაირად აშფოთებს

საარქივო მასალის გამოყენებით, ცინიზმითა და ირონიული ტექსტებით გაჯერებული რიტორიკით სცადა “მთავარმა არხმაც” ამ გზავნილების მაყურებლამდე მიტანა.

საბოლოო ჯამში, “მთავარი არხისა” და “იმედის” პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, მაყურებელმა ერთი და იმავე ამბავზე ორი სრულიად განხსვავებული რეალობა იხილა.

თეგები : პარალელური რეალობა;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ