ჟურნალისტურ ეთიკაზე - მერამდენედ?!
07.01.2023


ეს ტექსტი იქნება ჟურნალისტურ ეთიკაზე, მაგრამ არ ვილაპარაკებ არცერთ პროფესიულ სტანდარტზე, არც რამე ტექნიკურ წიაღსვლებში ჩავალ და არც ქარტიის პრინციპებს მოვიშველიებ არგუმენტებად.


სკოლას რომ ვამთავრებდი და ჟურნალისტობა გადავწყვიტე, წარმოდგენა რომ არ მქონდა, სინამდვილეში სად მივდიოდი და რის გაკეთებას ვაპირებდი, ერთმა უფროსმა მეგობარმა მანქანაში ჩამისვა და მხოლოდ ეს მკითხა, რატომ გინდა ჟურნალისტობა? მეც არც ვაციე, არც ვაცხელე, ძალიან თავდაჯერებით ვუპასუხე, იმიტომ, რომ სიმართლე მინდა ვილაპარაკო მეთქი.

აი მაშინ მითხრა ერთი რამ, რამაც რეალურად განსაზღვრა მთელი ჩემი წარმოდგენა ამ პროფესიაზე - ჟურნალისტობა სიმართლის ლაპარაკი კი არა, ამბის სამართლიანად მოყოლააო (შეიძლება ზუსტი ციტატა არ არის, მაგრამ შინაარსი ეს იყო).

მას შემდეგ 13 წელი გავიდა და ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რამდენად მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც თავს ჟურნალისტს უწოდებს, ეს გაიაზროს.

ჟურნალისტობა პასუხისმგებლობაა, დიდი პასუხისმგებლობა. ოღონდ არა ის, რაც ზოგიერთს ჰგონია, რომ ჩვენ ვართ მესიები, მოციქულები, მქადაგებლები, სამყაროს გადამრჩენლები და ათასი მსგავსი ეგოცენტრული სისულელე...

არა.

ჟურნალისტობა პასუხისმგებლობაა იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვაქვს პირდაპირი გავლენა ადამიანებზე. ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივ აზრს (მეტწილად თუ არა, ნაწილობრივ მაინც) და, შესაბამისად, ძალიან მარტივად შეგვიძლია მისით მანიპულირებაც. სწორედ ამის გააზრება უნდა იყოს პასუხისმგებლობის საფუძველი - გააზრება იმისა, რომ მაგ ცდუნებამ არ უნდა გძლიოს.


ეს ტექსტი ლიზა ქისტაურის დაღუპვაზეა. ახალგაზრდა გოგოზე, რომლის სიკვდილიც ქართულმა მედიამ (საბედნიეროდ, ყველამ არა, მაგრამ მაინც, ბევრმა), წინასწარ გამოაცხადა. არადა, იმ დროისთვის დროს ეს ამბავი მხოლოდ ჭორი იყო და როგორც აღმოჩნდა, ოჯახმაც არაფერი იცოდა ზუსტად. შესაბამისად, მედიამაც სამართლიანი კრიტიკა და ზოგ შემთხვევაში ლანძღვაც მიიღო პასუხად, მისი სიკვდილის წინასწარ გამოცხადების გამო.

სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მეორე დღეს დადასტურდა. მათ კი, ვინც ლიზას სიკვდილზე წინა დღეს დაწერეს, ამჯერად ნიშნის მოგებით გამოაცხადეს, აი, რომ გვლანძღეთ და გვაგინეთ, ხომ მართლები აღმოვჩნდითო.

ჰოდა, მაპატიეთ, მაგრამ კარგი, რა, მართლა და მართლა, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, ნამუსიც კარგი საქონელია.

ყველა ადამიანი, ვისაც თანაგრძნობის ნატამალი მაინც შემოგვრჩა, მთელი დღე სულ მცირე იმედს მაინც ვიტოვებდით, რომ „იქნებ გადარჩა, იქნებ არ დადასტურდეს, იქნებ ეგრე ცუდადაც არ არის ყველაფერი“. და ამ დროს შენ, ვინც თავს ჟურნალისტს უწოდებ, თავს იმართლებ (კიარადა, აქეთ გვანამუსებ), რომ „იშ, ხომ სიმართლე აღმოჩნდა?!“

სიმართლე კი არა, სულ რომ წყალგაუვალი ინფორმაცია ყოფილიყო, თითი არ უნდა გაანძრიო ასეთ ამბავზე, სანამ ამას ოჯახი არ გაიგებს. მშობლები შვილების სიკვდილს მედიიდან არ უნდა იგებდნენ. ამის გააზრებას არ სჭირდება „ენჯეოშნიკური ტრენინგები“ (როგორც ზოგიერთი უწოდებს), არც ქარტიის 11 პრინციპის დაზუთხვა, არც რამე სამეცნიერო ხარისხი ჟურნალისტიკაში და არც საერთოდ ჟურნალისტობა, მე თუ მკითხავ. ელემენტარულად, უნდა შეძლო სხვის ადგილას თავის წარმოდგენა და გაიაზრო რომ შენი ნებისმიერი საქციელი შეიძლება სხვა ადამიანისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს.

ნებისმიერი მსგავსი გაშუქება, და შემდეგ ამ გაშუქების ნებისმიერი „გაპრავება“ ისევ ჟურნალისტების წინააღმდეგ მოქმედებს - პატიოსანი ჟურნალისტების, კარგი ჟურნალისტების, სინდისიერი ჟურნალისტების, რომლებიც კი, ჯერ კიდევ ვარსებობთ თუმცა, სამწუხაროდ, უფრო და უფრო და უფრო ნაკლებ ადამიანს სჯერა ჩვენი არსებობის.

არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანების კეთილდღეობა - და პირიქით, ინფორმაცია მხოლოდ მაშინაა ღირებული, თუ ის ადამიანების კეთილდღეობას ემსახურება.


ავტორი : გიორგი გოგუა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ