კრიტიკული შენიშვნის გამო ეთერიდან სტუმრის "გაძევება" - აჭარის საზმაუს ეთერში
02.12.2022

კრიტიკის მიუღებლობა.

თავის მოკატუნების გარეშე ვთქვათ, დიდად არავის მოგვწონს, როცა გვაკრიტიკებენ და უნდა ვაღიაროთ, რომ ნეგატიური უკუკავშირის მიუღებლობა ერთგვარი ადამიანური რეფლექსიც კია: იქამდე, ვიდრე ჩვენი ტვინი კრიტიკის შინაარსის რაციონალურად გააზრებას დაიწყებს, ამ პროცესს წინ მაინც ბრაზი, ან წყენა უფრო უსწრებს-ხოლმე.

მაგრამ არსებობს თავისი დანიშნულებითა და არსით იმდენად საჯარო პროფესიები, მაგალითად, მედია, პოლიტიკა, სადაც სფეროში ფეხის შედგმისთანავე ვაწერთ ხელს, რომ კი, ჩემი ტექსტი, რეპორტაჟი, საჯარო გამოსვლა ან, თუნდაც, რეპლიკა, შეფასდება საზოგადოებისგან, რადგან ეს საქმიანობები თავისთავადვე, ჩანაფიქრშივე უკაკავშირზეა "მიბმული".

თითქოს, ამ პროფესიაში მომუშავე ადამიანებისთვის, ურთიერთობის ეს ფორმულა იმდენად მარტივია, რომ უხერხულობასაც კი ქმნის ამაზე საუბარი, მაგრამ მოცემულობამ გვიკარნახა, ვისაუბროთ ამ თავისთავად ცხად აზრზე, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება.

ეთერიდან გაძევება

ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, მერე რა, ისიც ხომ ადამიანია, ნერვებმა უმტყუნაო, მაგრამ მე ასე შევაფასებ: რესპონდენტისა და ტელემაყურებლისთვის უპატივისცემლობის სამწუხარო მაგალითი გვიჩვენა აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, როდესაც არხის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანმა, ვახო ხუზმიაშვილმა მის მიერვე მოწვეული სტუმრის კრიტიკას ეთერიდან აგრესიული ტონით გაძევებით უპასუხა.

აი, რა მოხდა:
  • გადაცემა, "თავისუფალი სივრცის" 30 ნოემბრის გამოშვება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა პარტიულ დაპირისპირებებს, დაგეგმილ შიდა არჩევნებსა და ამ პარტიის შემადგენლობიდან ერთი ნაწილის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას დაეთმო.
  • გადაცემამ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ფაქტები და მოსაზრებებიც განიხილა, ოღონდ ეს ისე, რომ 45-წუთიან გადაცემაში თავად ამ პარტიიდან არც ერთი წარმომადგენლის აზრი არ შეუთავაზებია მაყურებლისთვის.
  • სამაგიეროდ, წამყვანმა 25 წუთზე მეტი დაუთმო არჩილ თალაკვაძეს და ამ დიალოგში, მაყურებელი მოქმედი მთავრობის მაღალჩინოსნისგან ისევ და ისევ, დაუსრულებლად უსმენდა, რა ცუდი და დამაზიანებელია პარტია, რომელიც ქვეყანას უკვე 10 წელია, აღარ მართავს.
მართალია, ეს უკვე ათასჯერ მაინც მოგვისმენია სხვადასხვა ეთერებიდან, მაგრამ წამყვანს ნებისყოფა ამის მოსასმენად მაინც ეყო, მაშინ, როცა არ ეყო პროფესიული უნარი, არ გამოეხატა ღია აგრესია სხვა სტუმრის მიმართ, რომელიც ისე "ჩართო" და "გამორთო" ეთერიდან, ფაქტიურად, საუბრის შესაძლებლობა არ მისცა. "ჩართვასა" და "გამორვას" შორის იმ რამდენიმე წუთშიც,  ტელემაყურებელს მეტწილად, მხოლოდ წამყვანის აღელვებული საუბარი ესმოდა.
alt
ფოტოკოლაჟი: გადაცემის წაყვანი და არჩილ თალაკვაძე / გადაცემის წამყვანი და მაია ნადირაძე

გადაცემის 39-ე წუთზე, წამყვანმა ვახო ხუზმიაშვილმა საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", მაია ნადირაძე ჩართო ეთერში, თუმცა რესპონდენტს საკუთარი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა არ მისცა.



წამყვანმა სტუმარი ეთერში ჩართვიდან 3 წუთში გათიშა როცა მისგან მიიღო კრიტიკა, იმაზე, თუ რატომ არ შეაჩერა გადაცემის პირველი სტუმარი, არჩილ თალაკვაძე, როდესაც ის, ნადირაძის შეფასებით, წარმოადგენს "რუსეთზე ორიენტირებულ ხელისუფლებას", რომელიც მხოლოდ მტრულად განწყობილი ქვეყნის დირექტივების შესრულებითა და "მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაცვით არის დაკავებული".

საქმე ისაა, რომ ხუზმიაშვილი მხოლოდ ამ თოქ-შოუს წამყვანი კი არა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო, შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობა ორმაგად იზრდება რესპონდენტისა და ტელემაყურებლების წინაშე.

გაურკვეველია, რა იყო წამყვანის მოტივაცია, გარდა რესპონდენტის საჯარო დამცირებისა. რა აზრი ჰქონდა სტუმრის მოწვევას, რომელსაც არც საუბარს დააცდიდა და არც ტელემაყურებელს მისცემდა მისი მოსაზრების მოსმენის შესაძლებლობას?! თუნდაც, მის მიმართ უსიამოვნო კრიტიკული რეპლიკის მიუხედავად, რატომ არ იყო მისთვის უფრო მნიშვნელოვანი, დაეცვა რესპონდენტისა და მაყურებლის პატივისცემის მედიასტანდარტი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე სამაგალითო უნდა იყოს.

პროფესიული წიგნებიდან რომ არ დავიწყოთ შესაბამისი ნორმების ციტირება, ახალი ამბების, ან ანალიტიკური გადაცემების ყურებისას, მაყურებელს ამ გადაცემების წამყვანების ემოციების ნახვის კი არა, ინფორმაციის მიღებისა და გაანალიზების მოტივი ამოძრავებს და გვინდა, რომ ეს ყველაზე მეტად პირველ რიგში, სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის არხებზე ესმოდეთ, განსაკუთრებით — ხელმძღვანელ პირებს, როგორიც ვახო ხუზმიაშვილია.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ