ერთმანეთს აცდენილი მედია და მეცნიერება საქართველოში
26.05.2022
ნებისმიერ საჯარო დისკუსიაში პროფესიონალური მედია განსაკუთრებულ როლს ასრულებს (და ასეც უნდა იყოს). თუმცა საქართველოში ხშირად დისკუსიის ხარისხი დრამატულად იკლებს ხოლმე იმის გამო, რომ ჟურნალისტებმა, უბრალოდ, არ იციან, თუ ვისთან რა თემაზე ჩაწერონ ინტერვიუ. ზოგჯერ ისეც გამოდის, რომ თავის დარგში კომპეტენტურ ადამიანს აბსოლუტურად სხვა თემაზე ეკითხებიან აზრს და შედეგად გზასაცდენილ დებატებს ვიღებთ.

ამ სტატიაში შევეცდები მოკლედ გადმოვცე ის, თუ როგორ ახერხებს დასავლეთში პროფესიონალი მედია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე კომპეტენტური დისკუსიების წამოწყებას. ამის გასაგებად, პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ სულ თავიდან და აღვწეროთ ის, თუ როგორია დასავლეთში ახალი ცოდნის წარმოებისა და ამ ცოდნის გადაცემის სისტემები.

უმთავრესი ინსტიტუცია, რომელიც დასავლეთში ახალ ცოდნას აწარმოებს და სხვებს გადასცემს, არის აკადემია. ყველაზე პრესტიჟული აკადემიური ინსტიტუცია არის უნივერსიტეტი, რომელიც აწარმოებს არა მხოლოდ კვლევას, არამედ უზრუნველყოფს ძველი და ახალი ცოდნის სტუდენტებისთვის გადაცემას. უნივერსიტეტები სტუდენტებს ანიჭებენ ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიურ ხარისხებს (აკადემიური ხარისხების ჩამონათვალი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაცია ეს არის); ამას გარდა, არსებობს უნივერსიტეტებისგან სრულად ან ნაწილობრივ დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტებიც (მაგალითად, ნასას კვლევითი ცენტრები აშშ-ში ან CNRS საფრანგეთში).

აკადემიური ინსტიტუტების ერთ-ერთი ფუნდამენტური დანიშნულება ახალი ცოდნის შექმნაა. ისინი ამისათვის სამეცნიერო კვლევებს ატარებენ. გასათვალისწინებელია, რომ სამეცნიერო კვლევები ტარდება არა მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (როგორიცაა მაგალითად, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), არამედ სოციალურ მეცნიერებებშიც (როგორიცაა მაგალითად, სოციოლოგია, პოლიტოლოგია, ანთროპოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ფსიქოლოგია).

იდეალურ შემთხვევაში, როდესაც საჯარო სივრცეში რაიმე სახის სადავო საკითხი წამოიჭრება, პროფესიონალური მედია, პირველ რიგში, აზრს ეკითხება ხოლმე კონკრეტული დარგის მკვლევრებს ან მოცემულ სფეროში მოღვაწე დამსახურებულ პრაქტიკოსებს. მაგალითად, თუ საკითხი ეხება მე-15 საუკუნეში კათოლიკური ეკლესიის ისტორიას, აზრს ვეკითხებით, პირველ რიგში, მოცემული პერიოდით დაინტერესებულ რელიგიის ისტორიკოსს და არა ვთქვათ, ფართო პროფილის პოლიტოლოგს ან სოციოლოგს.

დასავლური პროფესიონალი მედიების უმეტესობა სწორედ ამ სქემით მოქმედებს. ნებისმიერ თემაზე, პირველ რიგში, საინტერესოა ისეთი ადამიანის აზრი, რომელმაც ა) ცხოვრების გარკვეული პერიოდი მიუძღვნა ამ საკითხის კვლევას და სწავლებას;

ბ) რომელიც ფლობს კაცობრიობისთვის ღირებულ ახალ ცოდნას.

ამის შემდეგ არის უკვე საინტერესო იმ ადამიანების აზრი, რომლებიც მომიჯნავე დისციპლინებს წარმოადგენენ ან რომლებსაც უბრალოდ, ამ თემაზე ბევრი უფიქრიათ და ღირებული არგუმენტების შემოთავაზება შეუძლიათ.

გასათვალისწინებელია, რომ დასავლურ აკადემიაში ახალი ცოდნის შექმნისა და გადაცემის სტანდარტები არის, როგორც წესი, უფრო მაღალი, ვიდრე ვთქვათ, არასამთავრობო ინსტიტუტებში ან პოლიტიკურ ორგანიზაციებში. ამიტომ პროფესიონალი მედია, პირველ რიგში, ცდილობს ამ მაღალი კვლევითი სტანდარტებით მიღებული ცოდნის მოპოვებას, დამუშავებასა და სხვებისთვის გაცნობას.

საქართველოში, იმის გამო, რომ ადგილობრივი აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტების შესაძლებლობები ბევრად შეზღუდულია, ვიდრე დასავლეთის დიდ და განვითარებულ ქვეყნებში, ნებისმიერ საკითხზე ვიწრო სპეციალიზაციის ადამიანის პოვნა გაჭირდება. თუმცა ხშირ შემთხვევაში, ქართული მედია არც მომიჯნავე სფეროს ან ფართო პროფილის სპეციალისტების მოძებნას ცდილობს.

ქართულ მედიაში, როგორც წესი, ნებისმიერ თემაზე, უმთავრესად, აზრს გამოთქვამენ ადამიანები, რომლებსაც შესაბამის სამეცნიერო კვლევების შესახებ არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ. ძირითადად, ამის გამო საქართველოში საჯარო დისკუსიების უმეტესობა აცდენილია თანამედროვეობას.

ქართულ მედიას ამ მოჯადოებული წრის გარღვევა მარტივად შეუძლია. თუმცა ეს ამ დრომდე ვერ ხერხდება, ვინაიდან გარდა იმისა, რომ პოლიტიკური ნების ნაკლებობაა (განსაკუთრებით, სამთავრობო მედიაში), არსებობს ჟურნალისტების კომპეტენციის პრობლემაც.

ჟურნალისტების ნაწილს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე სამყაროში მეცნიერება, რა არის სამეცნიერო კვლევა, როგორი სტანდარტებით იწარმოება ის, რა არის რეცენზიის სისტემა, როგორ ხდება კვლევების მნიშვნელობის რანჟირება და ა.შ. ერთი სიტყვით, მათ არ აქვთ ელემენტარული ცოდნა იმისთვის, რომ გაიგონ, რომელი ინფორმაციაა ღირებული და რომელი - უბრალოდ, საეჭვო.

ქართულ მედიაში კომპეტენციის პრობლემები ერთ დღეში ვერ მოგვარდება. ასევე, გასათვალისწინელია ისიც, რომ ბოლო დროს ე.წ. „ფეისბუქ-ექსპერტების“ გაჩენამ ვითარება კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. თუმცა ყველაფერი გამოსწორებადია, იმ შემთხვევაში, თუკი იარსებებს იმის სურვილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიები თანამედროვეობას დაეწიოს.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ