რატომ იღებენ ჟურნალისტები "სელფებს" პოლიტიკოსებთან?
22.04.2022
მედიაში დასაქმებული ადამიანებისთვის დეკემბრის ბოლო განსაკუთრებულია. წელი ჯამდება, რედაქციებში და ტელევიზიებში წლის მთავარი მოვლენებს იხსენებენ, სერიოზული და სახალისო მასალები ერთმანეთს ენაცვლება.

წლის ბოლო პრესსამსახურებისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, სახელმწიფო სტრუქტურები ანგარიშვალდებულების ეგიდით მედიის წარმომადგენლებთან მინისტრების შეხვედრას აორგანიზებენ. ასეთ შეხვედრებს ორმხრივი ბუნება აქვთ – ფორმალური და არაფორმალური.

ერთი მხრივ, შეუძლებელია, ამგვარ გარემოში ისეთი შეკითხვების დასმა, რაც ჩაღრმავებასაც მოითხოვს. შეიძლება, მაგალითად მოულოდნელად ვინმემ მინისტრს საახალწლო ტრადიციის შესახებ ჰკითხოს. მწვავე კითხვისთვის თავის ასარიდებლად, ამ შესაძლებლობას ჩინოვნიკიც აუცილებლად გამოიყენებს, შეხვედრის ბოლოს საჩუქარსაც შემოგაპარებენ – ღვინოს ან ხელნაკეთ საახალწლო სათამაშოს. ამ ყველაფრის ფონზე, გამჭვირვალობის მისიაც შესრულებულია – ფაქტია, პოლიტიკოსებმა უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს.

ასეთ შეხვედრებზე მეც ვყოფილვარ, მთავრობის ადმინისტრაციაში, თავდაცვის სამინისტროში, მგონი, საგარეოშიც, მაგრამ გამორჩეულად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა დამამახსოვრდა.

მაშინაც ახალი, 2017 წელი დგებოდა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო, რომელმაც წლის მთავრობის ბოლო სხდომა გამართა. მინისტრები, როგორც წესი, კანცელარიის ბოლო სართულზე იკრიბებიან, პირველ სართულზე მოწყობილ ბრიფინგების სპეციალურ ოთახში კი ჟურნალისტები და ოპერატორები ვიცდით. როგორც წესი, დრო იმაში გადის ხოლმე, გამოვიცნოთ, რომელ მინისტრს ჩამოიყვანენ პრესსამსახურის წარმომადგენლები. იქ მართლა ამგვარი საკომუნიკაციო ენაა დამკვიდრებული, ინფანტილიზმთან შეზავებული ფამილიარობა – იზორია ჩამომიყვანე, წულუკიანიც რა – გადასძახებენ ერთმანეთს. იმ დღეს ესეც არ გვქონდა გამოსაცნობი, ისედაც ცხადი იყო, კვირკაშვილი ჩამოვიდოდა, ან ჩამოგვიყვანდნენ.

ბრიფინგების თეთრ ოთახს, რომელიც სულ ოდნავ ჰგავს საავადმყოფოს პალატას, ორი კარი აქვს. ერთი კარიდან თანამდების პირები შემოდიან, მეორედან - ჟურნალისტები. კვირკაშვილიც მისთვის განკუთვნილი კარიდან შემოვიდა, თავისი სათქმელი თქვა და კითხვების დასმაც არ გვაცადა, ისევ კარისკენ გაემართა.

ამ ოთახის თავისებურება ისიცაა, რომ მინისტრებისთვის და ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარებს შორის მანძილს, ოთახის გარეთ ლიფტი ესაზღვრება. იქამდე მისასვლელად კვირიკაშვილს ეს მანძილი უნდა უნდა გაევლო. და თუ ამ დროს ჟურნალისტები ვიმარჯვებდით და ჩვენთვის განკუთვნილი კარიდან სწრაფად გავიდოდით, პრემიერ-მინისტრს ლიფტთან მივუსწრებდით და სულ მცირე ერთი შეკითხვის დასმას მოვახერხებდით.

ასეც ვეცადეთ, მაგრამ ჩვენი განზრახვა პრემიერის დაცვამ წინასწარ გათვალა, კარი გარედან ალბათ 10 წამით ჩაგვიკეტა და სახელურს მხოლოდ მას შემდეგ გაუშვა ხელი, რაც კვირიკაშვილი ლიფტში დაიგულა. რა უნდა გვექნა?! დავნებდით, ჩვენთვის მოწყობილ კიდევ ერთ, ნიუსრუმის მაგვარ ოთახში შევედით და კვირიკაშვილის ბრიფინგის გაშიფვრა დავიწყეთ. ამ პროცესში ვიყავით, როცა ოთახში მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელი შემოვიდა და გვითხრა, რომ რამდენიმე წუთში გიორგი კვირიკაშვილი ჩამოვიდოდა, ახალ წელს მოგვილოცავდა და თუ მოვისურვებდით, ჩვენთან ერთად სელფისაც გადაიღებდა.

აღარ მახსოვს, გაოგნებული უფრო ვიყავი თუ გაბრაზებული. სულ რაღაც 15 წუთის წინ მისმა დაცვამ, მართალია, 10 წამით, მაგრამ გადაადგილების თავისუფლება შეგვიზღუდა, კითხვებს დასმის და, შესაბამისად, ჩვენი ფუნქციის შესრულების საშუალება არ მოგვცა და ამ ფონზე ჩვენთან სელფის გადასაღებად ჩამოსვლას გეგმავდა. ამ ამბავში კიდევ ერთი თავისებურება გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ პრემიერის ქცევაში მანიფესტირებულმა უპატივცემულობამ, ჟურნალისტების მხოლოდ ნაწილი გაგვაღიზიანა.

სატელევიზიო და ონლაინ მედიის ჟურნალისტებს შორის პასიურად არსებულმა ფუნდამენტურმა სხვაობებმა თავი აქაც იჩინა. მედიის ნახევარმა ოთახის ისეთ კუთხეს შევაფარეთ თავი, სადაც შეუმჩნევლები დავრჩებოდით, მეორე ნახევარი კი შემოსვლისთანავე გვერდში ამოუდგა პრემიერს და საახალწლო სელფიც შედგა.

ეს ამბავი დღის პირველ ნახევარში მოხდა. რედაქციაში დაბრუნებულმა მაშინდელი მთავარი ოპოზიციური არხის, „რუსთავი 2“-ის გამოშვება ჩავრთე, რომელიც ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის სელფის ამბით გაიხსნა და დღის მთავარ გამოშვებაშიც განმეორდა. ცხადია, არაფერი თქმულა ამბის კონტექსტზე, კითხვის დასმის წართმეულ უფლებაზე და გამოკეტილ ჟურნალისტებზე. ასე უფუნქციოდ არც თავი და არც ჟურნალისტის პროფესია არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მომჩვენებია.

თუ სწორად მახსოვს 2016-17 წლები მსოფლიოში სელფის აღზევების პერიოდია, რაც ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც განმეორდა, ოღონდ უკიდურესი ფორმებით. თავდაცვის სამინისტროშიც, ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს გვთხოვეს, აბა, საერთო ფოტოსთვის დადექითო.

ამ ტენდენციით შეწუხებულმა, პოლიტიკოსების ჟურნალისტების საერთო სელფების სანახავად გუგლს მივაშურე, მაგრამ ტყუილად. ყველაზე „სახალხო კომუნიკაციის“ სტრატეგიის მქონე და ციფრული პლატფორმების უზადო ამთვისებელ ბარაკ ობამასაც კი არ აღმოაჩნდა ამგვარი სელფი, მაშინ როცა ჯეიმს აპატურაისთან ერთად სმარტფონის წინა კამერით გადაღებული ფოტო ჩვენ ქვეყანაში ჟურნალისტობის ერთგვარი საბუთია, რომელმაც თავი აგერ გუშინაც შეგვახსენა.

ჟურნალისტურ ეთიკას, პროფესიონალიზმს, მინიმალურ სტანდარტს საერთოდ თავი რომ დავანებოთ და ამგვარ პრინციპებზე დაფუძნებულ მუშაობაზე ოცნებას ცოტა ხნით საერთოდ რომ შევეშვათ, ჟურნალისტების სელფი ადგილობრივ და საერთაშორისო თანამდებობის პირებთან მაინც კომიკურად გამოიყურება. რა ფენომენია სელფი და რა შემთხვევაში იყენებენ მას პრაქტიკულად უცნობ, ცნობილ ადამიანთან კომუნიკაციისას?

აქამდე თუ ჰოლივუდელ მსახიობებს, ან მუსიკოსებს სთხოვდნენ ავტოგრაფებს, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ცნობილ ადამიანებსა და მათ გულშემატკივრებს შორის კომუნიკაციის ეს ფორმაც შეიცვალა. დღეს კალამი და ფურცელი სმარტფონმა და სელფიმ ჩაანაცვლა. ჰოდა, სასაცილო არ არის იზორიას ავტოგრაფი სთხოვო, კვირიკაშვილს, ან ღარიბაშვილს ან თუნდაც აპატურაის?!

ბლოგის ავტორი : ელენე ხაჭაპურიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ