რუსეთმა Meta “ექსტრემისტულ ორგანიზაციად” გამოაცხადა
21.03.2022
მოსკოვის სასამართლომ “ექსტრემისტულ ორგანიაციად” გამოაცხადა კომპანია “მეტა” (ყოფილი ფეისბუკი). შედეგად, რუსეთში აიკრძალა “ფეისბუქი” და “ინსტაგრამი”.

რა მოხდა?

რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალების, “ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით:
  • სასამართლოში “მეტას” წარმომადგელებმა სხდომის გადადება ითხოვეს, რათა დამატებითი დრო ჰქონოდათ თავიანთი პოზიციისთვის მოსამზადებლად, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
  • “მეტას” ადვოკატი ამბობს, რომ მოსკოვის სასამართლოს ამ საქმეზე გადაწყვეტილების უფლებამოსილება არ აქვს, რადგან კომპანია უცხოეთშია რეგისტრირებული და ქვეყანაში წარმომადგენელი არ ჰყავს.
  • რუსეთის გენერალური პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ სოციალურ ქსელებში “ფეისბუქსა” და “ინსტაგრამზე” ექსტრემისტული მასალები იყო გამოქვეყნებული. მაგალითად, 2016 წელს “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული ადლოფ ჰიტლერის ფოტოები.
  • პროკურატორა ასევე ირწმუნებოდა, რომ “მეტამ” გამოაქვეყნა მოწოდებები “მასობრივ არაკოორდინირებულ ქმედებებში მონაწილეობისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობის, მათ შორის უკრაინაში გაგზავნილი სამხედროების მიმართ”.
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმიანობა აეკრძალება “ფეისბუქსა” და “ინსტაგრამს”, თუმცა არა “მეტას” კიდევ ერთ კუთვნილ ქსელს “ვოტსაპს”. ჯერჯერობით უცნობია, როგორ განაგრძობს “ვოტსაპი” მუშაობას.
  • პროკურორის განმარტებით “პირები პასუხს არ აგებენ მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ ისინი “მეტას” მომსახურებით სარგებლობენ”, ასევე მეტას აეკრძალება ფილიალების გახსნისა და კომერციული საქმიანობის უფლება.
რუსეთის პროკურორის მოთხოვნებს მხარი დაუჭირეს რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა “როსკომნადზორმა” და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა.

“მეტას” ადვოკატმა სასამართლოში განაცხადა, რომ კომპანია ექსტრემისტულ საქმიანობას არ ეწევა და რუსოფობიის წინააღმდეგ დგას.

კონტექსტი

  • რუსეთს აქამდე “ფეისბუქი” უკვე დაბოლკილი ჰქონდა, რადგან პლატფორმამ შეზღუდა წვდომა რუსულ სამთავრობო მედიაზე.
  • “ინსტაგრამის” დაბლოკვა კი “მეტას” მიერ უკრაინის ომის კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტისა და ჯარის მიმართ ძალადობრივი მოწოდებების შესახებ პოლიტიკის ცვლილებას მოჰყვა.
  • “მეტამ” 10 მარტს სიძულვილის ენის აკრძალვის პოლიტიკაში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც დროებით რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის სქართველოში, “ფეისბუქსა” და “ინსტაგრამზე” უკრაინაში ომის კონტექსტში რუსეთის ლიდერებისა და სამხედროების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდების შემცველ პოსტებს არ წაშლიდა.
  • რუსეთში “ექსტრემისტულად” ასამდე ორგანიზაციაა გამოცხადებული, მათ შორის რელიგიური, უფლებადამცველი, პოლიტიკური და სხვა ორგანოზაციები. რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდიც.
“მეტას” სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთი უკრაინაში შეჭრასა და ომს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს. “ომზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების შესახებ კანონის გამო რუსეთში დაიბლოკა ან დაიხურა თითქმის ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება. რთულდება “ტვიტერის” გამოყენება”, რუსეთში მიღებული კანონის გამო რუსეთის ტერიტორიიდან ახალი კონტენტის ატვირთვა შეზღუდულია “ტიკტოკზეც”. ქვეყანაში კვლავ ხელმისაწვდომია “იუთუბი” და “ტელეგრამი”.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ