„ქართული ოცნების“ რეპრესიულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ჟურნალისტიკა გაქრობის ზღვარზე დააყენა - საერთაშორისო ორგანიზაციები
31.01.2026

 

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) კონსორციუმის წევრი ორგანიზაციები „გრანტების შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებს, რომელიც  გრანტებისა და უცხოური დაფინანსების მიმღებთა მიმართ დამატებით შეზღუდვებსა და ჯარიმებს აწესებს, მკაცრად გმობენ და „ქართული ოცნების“ მეთაურობით მოქმედმა პარლამენტმა უარი უნდა თქვას ამ შემზღუდავი ცვლილებების მიღებაზე და გააუქმოს არსებული რეპრესიული კანონმდებლობა.

„ამ ცვლილებების განხორციელება გააძლიერებს უკვე ისედაც შემზღუდავ საკანონმდებლო გარემოს, რომელიც მიმართულია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერის წინააღმდეგ. ამან შესაძლოა ქართველ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს ყოველგვარი დამოუკიდებელი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა წაართვას“.

5 საერთაშორისო ორგანიზაცია იმ საკანონმდებლო ცვლილებებს მიმოიხილავს, რომელიც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს დააანონსა. ეს ინიციატივა „გრანტების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის ჯარიმას, 300-დან 500 საათამდე საზოგადოებრივ შრომას ან 6 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

„წინადადებები მნიშვნელოვნად გააფართოვებს „გრანტის“ განმარტებას და ფაქტობრივად გრანტად განსაზღვრავს ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ან პოლიტიკაზე ორიენტირებულ საქმიანობასთან. მედია ორგანიზაციები და ჟურნალისტები, რომლებიც ამ გრანტებს ან დაფინანსებას მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე მიიღებენ, შეიძლება ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქროთ.

უცხოელი აქტორების მიერ ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების, კვლევის ან ექსპერტიზის საფასურის გადახდა ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უკანონო გრანტებად. მთავრობის თანხმობა ასევე საჭირო იქნება უცხოური ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ გრანტების გაცემას საკუთარი ადგილობრივი ფილიალებისთვის, უცხოეთში რეგისტრირებული პირებისთვის, რომლებიც ძირითადად საქართველოსთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევიან და უცხოელი აქტორებისთვის, რომლებიც საქართველოში ექსპერტებს ქირაობენ. 

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში ჩნდება „დამამძიმებელი გარემოება“  „ფულის გათეთრება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საშინაო პოლიტიკურ საქმეებთან“, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“.

ორგანიზაციების შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა მედიის შემზღუდავმა რეპრესიულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა არა მხოლოდ მედიის გადარჩენას შეუქმნა საფრთხე, არამედ დააწესა შემზღუდავი ცენზურა, რამაც ქართული ჟურნალისტიკა გაქრობის ზღვარზე დააყენა. 

საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი მედიისთვის სულ უფრო მტრული გარემოს მიუხედავად, დამოუკიდებელი ჟურნალისტები ქვეყანაში რჩებიან და უარს ამბობენ გაჩუმებასა ან იძულებით ემიგრაციაზე, თუმცა მათ სასწრაფოდ სჭირდებათ საერთაშორისო მხარდაჭერა.

„შემოთავაზებული ცვლილებები შეუთავსებელია საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებთან, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებთან და ევროპის საბჭოში წევრობასთან. ისინი ასევე, ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს ეუთოს წინაშე, რომლებიც მოითხოვს გამოხატვის თავისუფლების დაცვას და მედიის დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას“.

მედიის თავისუფლების დარღვევებზე მომუშავე ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ პარლამენტს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გააუქმოს ამ შემზღუდავი ცვლილებების მიღების გეგმები და არსებული რეპრესიული კანონმდებლობა, მათ შორის ე.წ. FARA,  გრანტებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში შეტანილი ცვლილებები. ასევე, ისინი მოუწოდებენ „ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას, მკაცრი რეაგირება იქონიონ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე, მათ შორის, დამატებითი მიზნობრივი სანქციების გზით“.

განცხადებაზე ხელმოწერილი ორგანიზაციები:

International Press Institute (IPI)

European Federation of Journalists (EFJ)

Free Press Unlimited (FPU)

Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa (OBCT)

European Centre for Press and Media Freedom (ECPMF)

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ