„ფორმულა“ და „ TV პირველი“ „შიგა განაწესის დარღვევისათვის“ მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ
14.10.2025

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, 14 ოქტომბერს შიგა განაწესის დარღვევის გამო, „TV პირველისა“ და „ფორმულას“ გადამღები ჯგუფები, მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ. 

„დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიგა განაწესის დარღვევისათვის, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, პრესისთვის გამოყოფილი სივრცის თვითნებურად დატოვებისათვის, ტვ. პირველის და ტვ. ფორმულას გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ“,  - ნათქვამია განცხადებაში. 

სვეტიცხოვლობამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 ოქტომბერს, საპატრიარქოს პრესამსახურმა განაცხადა, რომ სვეტიცხოვლობაზე მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებდნენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც „კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე“.

მათ აკრედიტაციისთვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის უნდა მიემართათ.

„დღესასწაულზე მცხეთის 12 მოციქულის სახელობის (სვეტიცხოვლის) ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი „ბეიჯები„“, - წერია  საპატრიარქოს პრესამსახურის 11 ოქტომბრის განცხადებაში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ