„კანონები სიტყვის წინააღმდეგ“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის“ ახალი
კვლევაა, რომელშიც 2025 წლის
თებერვლიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში, გამოხატვის თავისუფლებასა
და მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო
ცვლილებებია განხილული.
როგორც საია წერს, 2024 წლის დეკემბრიდან ძალადობრივი კანონშემოქმედების პროცესი კიდევ უფრო სწრაფი და ინტენსიური გახდა, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის საქმიანობის შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები კი აქტიურად მიმდინარე წლის თებერვლიდან ინიციირდება, რასაც „ქართული ოცნება“ მოკლე ვადებში ამტკიცებს.
ამ ცვლილებებში შედის:
- პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის აკრძალვა;
- მედიისთვის უცხოური დაფინანსების მიღების აკრძალვა;
- ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ ახალი რეგულაციები;
- მაუწყებლის „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობასთან“ დაკავშირებული ვალდებულებები;
- ცილისწამებასთან დაკავშირებული სტანდარტების გაუარესება;
- სასამართლოში მედიის საქმიანობის შეზღუდვა.
- ცვლილებები საქართველოს კანონში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;
- ცვლილებები საქართველოს კანონში „მაუწყებლობის შესახებ“;
- ახალი კანონის მიღება „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (ე.წ. FARA);
- ცვლილებები საქართველოს კანონში „გრანტების შესახებ“;
- ცვლილებები ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“;
- ცვლილებები საქართველოს კანონში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.
ორგანიზაციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვნად და დაუსაბუთებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და აფერხებს მედიის საქმიანობას:
- ე.წ. FARA-ს ფართო და ბუნდოვანი დებულებები ახალისებს თვითცენზურას და შესაძლებლობას იძლევა, ამ კანონით გათვალისწინებული მასტიგმატიზებელი სტატუსი, ექსტენსიური ანგარიშგების სისტემა და სხვა ვალდებულებები, ასევე, სისხლისსამართლებრივი სანქციები თვითნებურად იყოს გამოყენებული, მათ შორის, გამოხატვის და მედიის საქმიანობის წინააღმდეგ.
- სამოქალაქო საზოგადოების და მედიის უცხოური დაფინანსება საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი სამიზნეა. დაფინანსების შეზღუდვა რამდენიმე საკანონმდებლო აქტითაა გამოწვეული, მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ კანონით, რომელიც პირდაპირ კრძალავს მაუწყებლების მიერ უცხოური დაფინანსების მიღებას. სხვა ფორმის მედიასაშუალებებისთვის, ამ მხრივ, რელევანტურია ე.წ. FARA-ს საფუძველზე და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით დადგენილი რეგულაციები, რომლის შედეგად, დაფინანსების მიღება მთავრობის ნებაზე დამოკიდებული ხდება. ეს კი საფრთხეს უქმნის მთავრობის მიმართ კრიტიკულ მედიებს. ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ რეგულაციები მედიასაშუალებებს უბიძგებს, თავად თქვან უარი უცხოურ დაფინანსებაზე „აგენტის“ იარლიყის თავიდან ასაცილებლად.
- მაუწყებლობის შესახებ კანონში „სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის“ ახლებური განუჭვრეტელი რეგულირება ქმნის კრიტიკული მაუწყებლების თვითნებური დასჯისა და გაუმართლებელი შინაარსობრივი კონტროლის საფრთხეს.
- სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის მომწესრიგებელი ახალი ნორმები პრაქტიკაში სრულად კრძალავს ამ საქმიანობას, უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს, პირადი ცხოვრების პატივისცემასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსის დაცვის ვალდებულებას, იმავდროულად, მიზნად ისახავს მიმდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეების გაშუქების ხელშეშლას.
- ცილისწამებასთან დაკავშირებული ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონში“ ასუსტებს იმ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა მიზანიც საჯარო დისკურსის დაცვა იყო და მედიას (ასევე, სხვა აქტორებს) უფრო მოწყვლადს ხდის SLAPP-ების მიმართ.
- თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა შეურაცხყოფის დასჯადობა არღვევს გამოხატვის თავისუფლებას და შეუთავსებელია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316-ე მუხლის აქტიური გამოყენების პრაქტიკა და დასაშვები გამოხატვისთვის მაღალი ადმინისტრაციული სანქციების დაწესება ცხადყოფს, რომ მისი მიზანი მსუსხავი ეფექტისა და თვითცენზურის გამოწვევაა.
კვლევის მიხედვით, „გამოხატვის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებები არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმდინარე, მზარდი და მწვავე კრიზისის შემადგენელი ნაწილი, ასევე, განსხვავებული აზრისა და სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ინსტრუმენტი პარტია „ქართული ოცნების“ ხელში“.
კვლევა -„კანონები სიტყვის წინააღმდეგ“ ვრცლად იხილეთ აქ.