თამთა ჯანაძის სარჩელზე სააპელაციო გადაწყვეტილებას 19 დეკემბერს გამოაცხადებს
08.12.2025

დღეს, 8 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული „ახალი კვირის“ ჟურნალისტის, თამთა ჯანაძის სარჩელი არსებითად განიხილა და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 19 დეკემბრამდე გადადო.

თამთა ჯანაძემ სააპელაციოში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც მოსამართლე სოსო ღურწკაიამ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ჯანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვდა. 

-------------------------

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „ახალი კვირის“ ჟურნალისტები: თამთა ჯანაძე, სოფიო ზედელაშვილი და გადაცემის წამყვანი, იმედა დარსალია სამსახურიდან 2022 წლის აპრილში გაათავისუფლა. გათავისუფლებამდე 2 თვით ადრე მათ „პირველ არხზე“ არსებული ცენზურისა და ე.წ. „შავი სიების“ შესახებ ისაუბრეს. სოფიო ზედელაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ დაუწყია, იმედა დარსალიას სარჩელი კი არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

------------------------

დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ თამთა ჯანაძემ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი ინტერესით ელოდება, თუმცა დიდი იმედი არ აქვს:

„როდესაც პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა, ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ სისტემაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც უფრთხილდებიან საკუთარ პროფესიულ ღირსებას, ინარჩუნებენ საკუთარ პროფესიულ რეპუტაციას. თუმცა, სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე სოსო ღურწკაია ასეთი მოსამართლე არ აღმოჩნდა. რაც შეეხება მეორე ინსტანციას, მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს შალვა კაკაურიძე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოზე ხელისუფლების მხრიდან ძალიან სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან თუ სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა, ეს იმას ნიშნავს, რომ დადასტურდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ზეწოლა, რაც ფაქტობრივად, სახელისუფლებო პროპაგანდას მთლიანად ჩამოშლის. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ხელისუფლება არ დაუშვებს. შესაბამისად, მე არ ვიცი სასამართლოს რამდენად ეყოფა იმის გამბედაობა, რომ ხელისუფლებას დაუპირისპირდეს და სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს. თუმცა, ის რომ აქ ბნელა, არ ნიშნავს, რომ სტრასბურგშიც ასეთი მდგომარეობა იქნება. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი ინტერესით ველოდები, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს და ჩემი საბოლოო, ასე ვთქვათ, სამართლიანობის აღდგენის პუნქტად სტრასბურგი მიმაჩნია“.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტის ადვოკატის, „საერთაშორისი გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, თეონა ზაქარაშვილის შეფასებით, ამ საქმეში აუცილებელია, იმსჯელონ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასა და მასში ჩარევაზე:

„სამწუხაროდ, მაღალი მოლოდინი არ გვაქვს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება სასამართლომ გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა და არსებითად სწორად განიხილოს საკითხი და დააკმაყოფილოს მოთხოვნები, რომლებიც თამთა ჯანაძეს აქვს. პრაქტიკულად, ამ საქმეში დასტურდება როგორც  შავი სიების არსებობა, ისე სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და ასევე, მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს მიემართება“.


თეონა ზაქარაშვილმა მიუთითა საქმეში არსებულ სახალხო დამცველის დასკვნაზეც, რომელმაც 2022 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებელიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების საქმეზე არსებითი დარღვევა დაადგინა და მაუწყებელს მათი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მიმართა

„ჩვენც იგივე არგუმენტები გვქონდა. წარვადგინეთ სახალხო დამცველის აღნიშნული დასკვნა და სამწუხაროდ, მეორე მხარის, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლის საპირისპირო არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენ შეცდომაში შევიყვანეთ სახალხო დამცველი, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ უბრალოდ, არ უნდა იცოდე, რა სახის ინსტიტუციასთან გაქვს შეხება…“

მან ყურადღება გაამახვილა იმ ჟურნალისტთა საქმეებზეც, რომლებიც „პირველმა არხმა“ თამთა ჯანაძესთან ერთად გაათავისუფლა:

„იმედას [დარსალია] საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში დასრულებულია. სამწუხაროდ, სასამართლოებმა პრაქტიკულად გადაწერეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია, რომელიც მათ სასამართლო სხდომებზე გააჟღერეს და არ დააკმაყოფილეს ჩვენი მოთხოვნები… სოფიო ზედელაშვილის საქმის განხილვა საერთოდ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელი გავიდა, მას შემდეგ რაც სარჩელი შევიტანეთ“. 

დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით „მედიაჩეკერმა“ კომენტარი სთხოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელსაც, რომელმაც უარი განაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის მესამე კვარტლის ანგარიშის მიხედვით,  „პირველი არხის“ წინააღმდეგ საერთო სასამართლოებში 8 საქმეა, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას შეეხება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარიამ სონიშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საჩივრები არ დააკმაყოფილა. სასამართლოს წარმოებაში კი არის: სოფიო ზედელაშვილის, არაზ მაშოვის, ნიკოლოზ ცერცვაძის, ნინო ზაუტაშვილის და გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდის წევრების [ქეთევან კაპანაძე, იოსებ კაციტაძე, თამარ მშვენიერაძე, ომარ წოწორია, ტუხა კვინიკაძე] სარჩელები. 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან 2025 წლის აპრილში გაათავისუფლება, მალევე დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, 2025 წელს კულმინაციური სახე მიიღო და კიდევ უფრო მკაფიოდ გამოვლინდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარით ფინანსდება, სახელისუფლებო ინტერესებისა და გავლენების გაძლიერების სწრაფი დინამიკა: „მიმდინარე წელს არხზე არსებული ცენზურის შესახებ მაუწყებლის არაერთმა თანამშრომელმა ისაუბრა და მენეჯმენტი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებში ამხილა, რის შემდეგაც მათი ღია დევნა და შევიწროება დაიწყო“.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კი მიიჩნევს, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც აქამდეც ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო, მმართველი პარტიის რუპორად იქცა და დევნის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც, მათი აზრით, მაუწყებლის ღირებულებებს არ ეთანხმებიან. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ