„უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები საქართველოში: მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა ერთ წელიწადში“, - პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამ სათაურით გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოზე, რომელშიც ქვეყნის მედიაგარემოა შეფასებული.
RSF-ისა და „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ (CMIS) პარტნიორობით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.
ანგარიშში აღნიშნულია ბოლო ერთი თვის განმავლობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაკავებული ჟურნალისტების: ნინია კაკაბაძის, გიორგი მამნიაშვილისადა ლიზა ციცქიშვილის საქმეებიც:
„ეს დაკავებები ასახავს იმას, თუ როგორ იქცა საქართველო ქვეყნად, სადაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ ყოველთვიურად თითქმის 50 ინციდენტი ფიქსირდება“.
საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წლის 28 ნოემბერს პროევროპული მოძრაობის დაწყების შემდეგ საქართველოში პრესის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა:
„2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომრამდე - რა დროსაც, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში, საარჩევნო დარღვევების ფონზე, სადავო გამარჯვება მოიპოვა - მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა აღირიცხა, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, არამართლზომიერი ჯარიმები, დაკავებები, მუქარა, აკრედიტაციის შეჩერება და სხვა. დარღვევების მზარდი მაჩვენებელი პოლიტიკური კონტროლის უპრეცედენტო ზრდასა და დაჩქარებულ გამკაცრებაზე მიუთითებს, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების დისტანცირებას ევროპული დემოკრატიული სტანდარტებისგან“.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი, ჟან კაველიე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ატარებს პოლიტიკას, რომელიც მიზნად დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას ისახავს:
„საქართველოს არ შეუძლია დამაჯერებლად განაცხადოს, რომ ის ევროკავშირს უახლოვდება, მაშინ როცა ფეხქვეშ თელავს პრესის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და პლურალიზმს“.
RSF-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სულ უფრო ხშირად აიგივებს ჟურნალისტებს მომიტინგეებთან და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მოქმედ კანონებს იყენებს ისე, რომ შეზღუდოს ჟურნალისტების საქმიანობა და ხელი შეუშალოს მათ პროტესტის გაშუქებისას:
„ქართულმა მედიასაშუალებებმა დაგმეს ჟურნალისტების წინააღმდეგ „გზის გადაკეტვისთვის“ ჯარიმების სისტემატური გამოყენება, როცა ისინი პროტესტის ადგილებზე მხოლოდ გაშუქების მიზნით იმყოფებოდნენ. რამდენიმე შემთხვევაში, სამართალდამცავებმა ასევე გამოიყენეს ახლად გამკაცრებული ნორმა, „პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ შესახებ, რათა ჟურნალისტები პროტესტის ადგილებიდან გაეძევებინათ - რაც უძლურების განცდას ქმნის. დარღვევებზე პასუხისმგებლები, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ სამართალდამცველები არიან“.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ხაზს უსვამს, რომ ტელევიზიების მიმართ განხორციელებული ძალადობა განსაკუთრებით მაღალი და არსებულ შემთხვევებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივია:
„თვალშისაცემია „TV პირველის“ წინააღმდეგ არსებული ინციდენტები, რომლის გადამღებ ჯგუფებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 80-ზე მეტჯერ დაესხნენ თავს. საპროტესტო აქციებზე გადამღებ ჯგუფებს პოლიცია ხშირად ხელს უშლიდა, ზღუდავდა მათ შესაძლებლობას კამერები ჩართულიყო ან განეთავსებინათ ისინი შემაღლებულ ადგილებში, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა პოლიციის მოქმედებების დაფიქსირება“.
RSF-ის შეფასებით, ონლაინ მედიასაშუალებები: „პუბლიკა“, რომელიც საზოგადოებრივი და პოლიტიკური საკითხების გაშუქებაზეა ორიენტირებული, და „ბათუმელები“, რომლის თანადამფუძნებელიც პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელია, რეპრესიების ყველაზე ხშირ სამიზნეებს შორის არიან:
„ფისკალური და ადმინისტრაციული შემოწმებები, პოლიციის ზეწოლა ჟურნალისტებზე და ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანიები... - „ბათუმელები“, რომლის რედაქციაც ბათუმში მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროზე, განიცდის განსაკუთრებულ ზეწოლას როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. მზია ამაღლობელი კვლავ უკანონოდ არის დაკავებული უსამართლო სასამართლო პროცესის შედეგად, ხოლო მისი ორწლიანი სასჯელის გასაჩივრება, 2025 წლის 18 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს კი შიშს იწვევს მედიის წარმომადგენლებს შორის, მათ მიმართ სამართლებრივი დევნის მზარდი გამოყენების გამო“.
ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული უცხოელი ჟურნალისტების საქართველოში არ შემოშვებისა და მათთვის ხელშეშლის შემთხვევებზეც:
„დღეს უცხოელი ჟურნალისტებიც სამიზნენი არიან. ფრანგ-გერმანელმა ფრილანსერმა რეპორტიორმა, მაქსიმ ჰანაკმა, „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ განუცხადა, რომ ბოლო დროს პოლიცია მას ავიწროებდა, უთვალთვალებდა და ხელს უშლიდა გადაღებაში - ახალი ფენომენი, რომელიც დაშინების ტაქტიკის მზარდ გავრცელებაზე მიუთითებს. გახშირდა უცხოელი რეპორტიორებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვები, რაც დემოკრატიული რეგრესის დოკუმენტირებას უშლის ხელს“.
ცალკე ქვეთავი ეთმობა „მედიის მიზანმიმართულ მოგუდვას“, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დააჩქარა პრესის თავისუფლების შემზღუდავი კანონების მიღება, რომლებიც დიდწილად რუსეთში გამოყენებული პრაქტიკით არის შთაგონებული.
საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 2025 წლის გაზაფხულიდან „უცხოელი აგენტების“ კანონის ახალი ვერსია, ასევე გრანტებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში შეტანილი ცვლილებები, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მათი სამართლებრივი დევნის საფრთხეს:
„ანტიკორუფციულმა ბიურომ რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენებით დაიწყო გამოძიება მინიმუმ ექვსი დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ. კერძო კომპანიები თავს იკავებენ მედიასთან თანამშრომლობისა და რეკლამის შეძენისაგან, შესაძლო ზეწოლის საფრთხის გამო“.
RSF-ის ანგარიშში მოხვდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც აქამდეც ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო, მმართველი პარტიის რუპორად იქცა და დევნის იმ ჟურნალისტებს რომლებიც, მათი აზრით, მაუწყებლის ღირებულებებს არ ეთანხმებიან:
„“საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებლობის ნაკლებობის და მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის შესახებ ევროკომისიამ აღნიშნა გაფართოების შესახებ ანგარიშში, რომელიც 2025 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა. ამ სტრატეგიის ცენტრში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია - რომელიც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ ცოტა ხნის წინ, 2025 წლის პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში დასახელდა; ივანიშვილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ხასიათის განსაზღვრასა და დაუსჯელობის კლიმატის დამკვიდრებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, არსებული პრობლემების დაკნინება, „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ დიკრედიტაციითა და ორგანიზაციის „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტად მოხსენიებით სცადა. დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ეს თავდასხმა რეპრესიების უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია“.
საქართველო RSF-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში, ორ წელიწადში, 36 პოზიციით დაქვეითდა და 180 ქვეყნიდან 114-ე ადგილს იკავებს.

