ფოტომანიპულაცია საქართველოს შესახებ Gazeta.ru-ს სტატიაში
13.04.2017
რუსულმა ინტენრეტ გამოცემამ Gazeta.ru, საქართველოს გაზმომარაგების შესახებ სტატიის მომზადებისას ფოტომანიპულაციას მიმართა. კერძოდ, სტატიის მთავარ ფოტოდ მედიასაშუალებამ აირჩია 14 წლის წინ, თბილისში, სასტუმრო ივერიას წინ გადაღებული ფოტო, სადაც ჩანან შეშით მოვაჭრეები, მათ უკან კი გაპარტახებული სასტუმრო “ივერია”. ფოტოზე არ არის მინაწერი, თუ როდისაა აღნიშნული ფოტო გადაღებული.

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება 2017 წელს, ბუნებრივ აირს, რუსეთის ნაცვლად, აზერბაიჯანისგან იყიდის. ამის მიზეზი კი გახდა გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის საფასურს, საქართველო რუსეთისგან ფულის სახით მიიღებს. ამ დრომდე, რუსეთი, გაზის ტრანზიტის საფასურად, საქართველოს გატარებული აირის 10 პროცენტს აძლევდა. მას შემდეგ, რაც საქართველო დათანხმდა გაზპრომს და გაზის ნაცვლად ფულს აიღებს, გადაწყდა, რომ ხელისუფლება ბუნებრივ აირს უფრო იაფად შეიძენს აზერბაიჯანისგან, შესაბამისად, საქართველო რუსულ გაზს არ მოიხმარს.

როგორც Gazeta.ru წერს, საქართველოს აღნიშნული გადაწყვეტილება რუსულ მხარეს არ მოეწონა და აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა “პოლიტიკურ გადაწყვეტილებად” შეაფასა.

2017 წლის 12 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაზე თანდართული ფოტო, რომელიც Itar Tass-ის ფოტორეპორტიორმა, დავით ხიზანიშვილმა 2003 წლის იანვარში გადაიღო, აჩენს ასოციაციას, რომ რუსულ გაზზე უარის თქმის გამო, საქართველოს შეშის მოხმარება მოუწევს. ფოტომანიპულაცია ასევე, არასწორ წარმოდგენას ქმნის ქვეყნის ენერგო მდგომარეობის შესახებ.

2003 წლის ზამთრის შემდეგ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, ეს განსაკუთრებით ეხება იმ ტერიტორიას, რომელიც Gazeta.ru-ს მიერ გამოყენებულ ფოტოზეა ასახული. უკვე 14 წელია საქართველოში ენერგოკრიზისი არ ყოფილა (თუ მხედველობაში არ მივიღებთ 2006 წელს რუსეთში, გაზსადენზე მომხდარ დივერსიას, რის შედეგადაც საქართველო მცირე დროით ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა) . აქედან გამომდინარე, თბილისში შეშას გასათბობად თითქმის არავინ იყენებს და ვერც შეშის ბაზრობებს შეხვდებით. ასევე, კეთილმოწყობილია ვარდების მოედნის (ადრინდელი რესპუბლიკის) ტერიტორია, შეშის ბაზრობა თანამედროვე კაფემ ჩაანაცვლა, სასტუმრო “ივერიას” შენობა კი - ხუთვარსკვლავიანმა “რადისონ ბლუ ივერიამ”.

თეგები : ფოტომანიპულაცია; მანიპულაცია;
ავტორი : თაზო კუპრეიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ