"მოამბე“ საქართველოში არსებული „გაუმჯობესებული მედიაგარემოს“ შესახებ
29.07.2017
28 ივლისის “მოამბის” მთავარ გამოშვებაში სიუჟეტი ქართულ მედიაგარემოში არსებულ სიტუაციას მიეძღვნა. ამბის საინფორმაციო საბაბი გახდა ის ფაქტი, რომ ადგილობრივმა 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც საქართველოში არსებულ ისეთ პრობლემურ საკითხებთან ერთად, როგორიცაა საკონსტიტუციო ცვლილებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ა.შ, მედიის გაუარესებულ მდგომარეობაზეც იყო საუბარი. ნახსენები იყო საზოგადოებრივი მაუწყებელიც.

„მოამბე“ ამ წერილიდან მხოლოდ მედიაგარემოს ნაწილით დაინტერესდა და მომზადებულ სიუჟეტში ისე წარმოაჩინა, თითქოს ქვეყანაში მედიაგარემო არათუ გაუარესდა, არამედ პირიქით, გაუმჯობესდა, არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა კი უსაფუძვლოა.



არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაგზავნილ წერილში ეწერა, რომ სამი სამაუწყებლო კომპანია („იმედი“, „მაესტრო“ და „GDS“) მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ეკუთვნით. მსგავს კავშირებზე იყო საუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტთან დაკავშრებითაც. იქვე აღნიშნული იყო, რომ ალტერნატიული კრიტიკული აზრი მხოლოდ ერთადერთი ნაციონალური მაუწყებელიდან, „რუსთავი 2-დან“ ისმის, რომელიც გადარჩენისათვის იბრძვის და ჩართულია მისი საკუთრების საკითხზე წარმოებულ სამართლებრივ დავაში.

“რატომ არ მოსწონს არასამთავრობო სექტორს საქართველოში არსებული მედიაგარემო და რა პრეტენზიები აქვთ მათ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით - ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხი „მოამბემ“ დღეს ვერ მიიღო”, - ამბობს გადაცემის წამყვანი შესავალში და დასძენს, რომ გზავნილის ხელმომწერთა უმრავლესობა „მოამბესთან“ აღნიშნავდა, რომ წერილის შინაარსს არ იცნობს, ან არ სურს კომენტარის გაკეთება.

მსგავსი შინაარსის ტექსტი ჰქონდა სიუჟეტის ავტორსაც, თუმცა, მასალიდან ირკვევა, რომ 24 ხელმომწერი ორგანიზაციიდან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არა უმრავლესობასთან, არამედ 5 მათგანის წარმომადგენელთან სცადა დაკავშირება, საიდანაც საკითხზე ორმა მათგანმა ისაუბრა. სამმა კი კომენტარი არ გააკეთა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებაზე რესპონდენტს, ISFED-ის ხელმძღვანელ მიხეილ ბენიძეს, “კონკრეტული პასუხი არ აქვს, თუმცა აქვს ეჭვები, რომელსაც ჯერ ფაქტებით ვერ ასახელებს”. არადა, ჟურნალისტის ამ ტექსტის შემდეგ, რესპონდენტი პრობლემის საილუსტრაციოდ, ასახელებს, რომ მაგალითად, გუშინ მოკრა თვალი, (იგულისხმება 26 ივლისის გამოშვება) რომ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში NDI-ს კვლევა “მოამბემ” არ გააშუქა. ჟურნალისტი იქვე ეკამათება რესპონდენტს და ამბობს: “არა, იყო ნამდვილად, 20 საათიან გამოშვებაში”. იმ გამოშვებაში, რომელსაც რესპონდენტი გულისხმობს, ეს თემა "მოამბეს" მართლაც არ გაუშუქებია. ჟურნალისტის ამ რეპლიკით კი ისე აღიქმებოდა, თითქოს რესპონდენტი ცრუობდა.

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ რესპონდენტების კრიტიკის უსუსურობაში აუდიტორიის დარწმუნებას შეეცადა, ჟურნალისტი ზოგადად მედიაგარემოს მიმოხილვაზეც გადავიდა. სიუჟეტიდან იკვეთება, რომ მედიაპლურალიზმი ავტორს მხოლოდ მაუწყებლობის შესაძლებლობის გამარტივება და არხების სიმრავლე ჰგონია. იმავე მოსაზრებებს გამოთქვამენ რესპონდენტები: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი, ისინი ამბობენ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, იმატა მაუწყებელთა რაოდენობამ. ამით მაყურებელს ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რადგან ახლა მაუწყებლების რაოდენობა მეტია, შესაბამისად მედიაპლურალიზმის კუთხით ქვეყანაში კარგი მდგომარეობაა, არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიები და მათ მიერ გაგზავნილი წერილი კი არაკომპეტენტურია.

იმის საჩვენებლად, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმის პრობლემები არ არის, ჟურნალისტი საკუთარ ტექსტში წინა ხელისუფლების (ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე) და ახალი ხელისუფლების (ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ) პერიოდებს ადარებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მაუწყებლების სიმრავლეს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ მაუწყებელთა რაოდენობა ავტორიზაციის გამარტივებული პროცესის გამო გაიზარდა, თუმცა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგაც გვაქვს კვლავ ორი დიდი კერძო ნაციონალური მაუწყებელი - “რუსთავი 2”, “იმედი”, აგრეთვე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე იყო. ახლადშექმნილი მაუწყებლები ვერ უწევენ მათ კონკურენციას. აქედან გამომდინარე, გაუგებარია რას ცვლის მედიაში პოლიტიკური გავლენების, პოლარიზების, პლურალიზმის კუთხით სიუჟეტში დასახელებული ფაქტი ახალი მაუწყებლების დაფუძნების შესახებ და რატომ იყო წარმოჩენილი მაუწყებელთა რაოდენობის ზრდა მედიაგარემოს გაუმჯობესების საილუსტრაციოდ.

საერთო ჯამში, სიუჟეტის ყურების შემდეგ, მაყურებელს ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საქარველოში კარგი მედიაგარემოა, რაზეც მეტყველებს მედიასაშუალებების რაოდენობის ზრდა. მედიაგარემოს შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიები კი უსაფუძვლო, შეცდომაში შემყვანი და არაკომპეტენტურია.

მედიაგარემოსთან დაკავშირებული თემები სიუჟეტში ისე მიმოიხილეს, რომ საერთოდ არ აღუნიშნავთ ბოლო პერიოდში მედიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები: სამი ტელეკომპანიის „იმედის“, „მაესტროსა“ და „GDS-ის“ გაერთიანება და „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივი დავები, რასაც მედიაგარემოს გაუარესებაზე საუბრისას 24 არასამთავრობო ორგანიზაციაც აღნიშნავდა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ