“ კურიერP.S.“-ის წამყვანმა გადაცემაში ხელისუფლების ქმედებები შეაფასა
01.03.2015
1 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული გადაცემის, “კურიერ P.S.“-ის წამყვანმა დავით კიკალიშვილმა ერთ-ერთი სიუჟეტის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„ამ ისტორიიდან მე დასკვნა გამოვიტანე, რომელიც, მომიტევეთ და, უნდა გაგანდოთ. ის, რაც სკრისა და ხურვალეთის გარშემო ხდება, ხდება მთელ საქართველოში. ესაა სახე დღევანდელი ხელისუფლების, რომელსაც არათუ სხვისი დაწყებულის ბოლომდე მიყვანა, არამედ სხვისი გაკეთებულის გამოყენების უნარიც კი არ გააჩნია“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის (მუხლი 54) თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით (მუხლი 12) კი მაუწყებელმა უნდა დაიცვას ჯეროვანი სიზუსტე, რაც გულისხობს იმას, რომ „ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიეწოდება მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით.“

განსხვავებული რეგულაცია მოქმედებს საავტორო გადაცემებისთვის, რაც მაუწყებელთა კოდექსში ცალკე მუხლით რეგულირდება.

აღსანიშნავია, რომ PS-ის არც დაწყებისას და არც მსვლელობისას მითითებული არ ყოფილა, რომ გადაცემა საავტოროა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად (მუხლი 17), „საავტორო პროგრამის შემთხვევაში, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამებში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნას აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.

საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა“.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ