სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის იდენტიფიცირება და „კურიერის“ ბოდიში
25.08.2015
ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერში, „კურიერის“ დღის გამოშვებაში გავიდა ინფორმაცია არასრულწლოვანის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. კადრ სინქრონის ტიპის მასალაში წამყვანი ასახელებს მსხვერპლის სახელსა და გვარს და აღნიშნავს, რომ მისმა ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვეს, რომლის თანახმადაც მოზარდზე ძალადობის ფაქტი მტკიცდება. თავად ადვოკატი კომენტარში დეტალურად ახმოვანებს ექსპერტიზის დასკვნას, რითიც არასრულწლოვნის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები საჯაროვდება.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური ეთერში გასულ მასალათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„კურიერისერთ-ერთ გამოშვებაში ეთერში გავიდა მასალა, კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულისა და მასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე, სადაც სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არასრულწოლოვანია. მასალაში იდენტიფიცირებული იყო მსხვერპლის ვინაობა, ხოლო ინტერვიუს ფრაგმენტი უხეშად არღვევდა მის პირად ცხოვრებას. ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო, რამდენადაც მეტი ყურადღებით და სიფრთხილით უნდა მოვკიდებოდით მსგავსი თემის გაშუქებას და ვაცნობიერებთ, რომ ამ ფაქტის ტირაჟირებამ შესაძლოა არასრულწლოვანს ზიანი მიაყენოს. აღნიშნული მასალა უკვე ამოღებულია ჩვენი ვებ-გვერდიდან,"-აღნიშნულია „კურიერის“ მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

გოგონა იდენტიფიცირებულია სხვა მედიასაშუალებების მიერ ამავე თემაზე მომზადებულ მასალებში. მათ შორისაა Palitratv.ge, interpressnews.ge, kirispalitra.ge, etanews.ge, ambebi.ge.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, „მაუწყებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა (განსაკუთრებით სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა) ანონიმურობა“. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „არასრულწლოვნის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად“.

იმავე მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ „მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო“.

თეგები : ბავშვთა საკითხები; შესწორება;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ