წამყვანის სიძულვილის ენა აზერბაიჯანელების მისამართით: „ჩამოსახლდნენ და ქართველობა აყარეს“
01.08.2015
28 ივლისს, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში, გადაცემაში - "სტუდია სპექტრი, სადაც წამყვანი - დავით აქუბარდია სტუმართან, პროფესორ ჯუმბერ ფანჩულიძესთან ერთად მიწის რეგისტრაციის ახალ კანონზე საუბრობდა, წამყვანმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ქართველების შევიწროებაში დაადანაშაულა.

“გიაურ არხს ეძახიან აგერ მარნეულში აზერბაიჯანელები. ქართველების გაყვანილი არხი იყო. ეს ჩვენი იდენტობაა, იცით. ჩამოსახლდნენ ისინი და ქართველობა აყარეს იქედან. ბიჭო, ეს ჩვენი სივრცე არის. ამ სივრცეს დათვლა უნდა, აღწერა უნდა,” -აცხადებს წამყვანი.


ეთნიკურ კუთვნილებას დაუსაბუთებლად უსვამს ხაზს დავით აქუბარდია 29 ივლისის გადაცემაშიც, სადაც ის სტუმართან, ვახტანგ ძაბირაძესთან ერთად, აჭარაში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ კი ეკომიგრანტთა პრობლემებზე და ყოფილი ხელისუფლების საქმიანობაზე საუბრობს: “აღარ მინდა (ლაპარაკი), იქ რა საშინელებები აქვს მიშას გაკეთებული და რომელ თურქზე რა ტერიტორიები აქვს კაპიკებში მიცემული”.



მაუწყენელთა ქცევის კოდექსის თანახმად (თავი IX, მრავალფეროვნება, თანასწორობა და შემწყნარებლობა, მუხლი 31, მრავალფეროვნებისა, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპი), მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე და თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან (მუხლი 33).

მედიის განვითარების ფონდი სახელმძღვანელოში „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქება მედიაში“ მედიასაშუალებებს ურჩევს თავიდან აიცილონ ისეთი მასალის გამოქვეყნება, რომელიც შესაძლოა შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს რომელიმე ეთნიკური უმცირესობისთვის, აღვივებდეს სიძულვილს, შეუწყნარებლობას მათ მიმართ, თესავდეს შუღლს ეთნიკურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, იყოს დისკრიმინაციული ეთნიკური ნიშნით. ფონდი ასევე ურჩევს ჟურნალისტებს არ განაზოგადონ უმცირესობის ცალკეული წარმომადგენლის საქმიანობა, ქცევა თუ ქმედება მთელ ეთნიკურ ჯგუფზე, თავი შეიკავონ პირის ეთნიკურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებისაგან. ხელი შეუწყონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრირებას საზოგადოებაში.

თეგები : სიძულვილის ენა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ