ვიცე-პრემიერის სექსისტური გამონათქვამის ტირაჟირება მედიაში
27.07.2016
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის სექსისტური შეფასება 25 ივლისს მედიასაშუალების ნაწილმა პირდაპირ, ყოველგვარი მითითების გარეშე გამოაქვეყნა.

ამ მედიასაშუალებების მხრიდან არ ყოფილა აღნიშნული, რომ გამონათქვამი სექსისტურია და რედაქცია ემიჯნება სიძულვილის ენას, შესაბამისად, ტელეეთერი და გამოცემების გვერდები დისკრიმინაციული გამონათქვამების ტრიბუნად იქნა გამოყენებული.

კახა კალაძემ პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს “ჭორაობა უწოდა” და ამ კონტექსტში ქალები მოიხსენია:

„მე ეჭვი მეპარება. ამ განცხადებებს როდესაც ვისმენ მგონია პოლიტიკური სპეკულაციები, რადგან დღემდე არ მისულა ბატონი პაპუაშვილი პროკურატურაში. მგონია, საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, როდესაც ქალბატონები ჭორაობენ. ეს, ვფიქრობ, არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია სახელმწიფო ინსტიტუტების”.

ეს განცხადება გაავრცელა საინფორმაციო პორტალმა “ნეტგაზეთმაც”, თუმცა მათ მასალის დასაწყისშივე აღნიშნეს, რომ ვიცე-პრემიერის განცხადება სექსისტური იყო. სათაურიდანვე ჩანდა სარედაქციო მიდგომა, რომ გაშუქების მიზანი, პირველ რიგში, არატოლერანტული გარემოს ჩვენება იყო და არა ნათქვამის პირდაპირი ტირაჟირება.

“საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სექსისტური შეფასება გამოიყენა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, ხოლო ჭორიკნობის კონტექტსში კალაძემ ქალები გაიხსენა”, - ვკითხულობთ “ნეტგაზეთის” სტატიაში.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში წერია, რომ მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, ხოლო თუ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს რესპონდენტი პირდაპირ ეთერში ამბობს: “წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის განმარტებით ნაწილში მითითებულია, რომ:

"პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს".

ვრცლად, ამავე თემაზე:როგორ უნდა გავშუქოთ რესპონდენტის დისკრიმინაციული გამონათქვამები.

თეგები : სიძულვილის ენა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ