„შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ და წინასაარჩევნო პროცესი
08.09.2016
ტელეკომპანია GDS-ზე პირველი სექტემბრიდან კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს გადის გადაცემა “შეხვედრა რეგიონულ მედიასთან“ და მისი ერთადერთი სტუმარი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილია. ფორმატის მიხედვით, ივანიშვილი პირდაპირ ეთერში ხვდება რეგიონის ჟურნალისტებს და პასუხობს მათ შეკითხვებს.

გადაცემებში ივანიშვილი საუბრობს, რა პოზიტიური ცვლილებები მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, როგორ გაიზარდა ინვესტიციები, გაძლიერდა ტურიზმი, აშენდა საწარმოები, როგორ უსისხლოდ გადაიბარეს ხელისუფლება. სტუმარი იძლევა საარჩევნო დაპირებებსაც: „კიდევ ერთჯერ შევახსენებ კვირიკაშვილის დაპირებას ჩვენს ტელემაყურებელს, რომ 4 წელიწადში, და ჩემი აზრით, ამ მთავრობას ხელეწიფება, რომ საქართველოში ძირითადი ინფრასტრუქტურული მშენებლობა, ძირითადი მაგისტრალები უნდა დასრულდეს“.

მიწვეული ჟურნალისტები, როგორც წესი, სტუმარს ისე უსვამენ შეკითხვებს, როგორც ქართული ოცნების წევრს. ეკითხებიან, როდის დაიგება ესა თუ ის გზა, როდის დაიწყება ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტები. მთელი გადაცემათა ციკლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად, პოზიციონირებულია, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი.

ასევე, ხშირად ისმის მისი მხრიდან კრიტიკა სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის მიმართ, მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე, მათ არ ეძლევათ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებზე რეაგირების ან პასუხის გაცემის საშუალება.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, საარჩევნო პროცესი მაუწყებლებმა მიუკერძოებლად უნდა გააშუქონ, „არჩევნებთან დაკავშირებული პროგრამის მონაწილის შერჩევა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან და გამჭვირვალე კრიტერიუმებს“.

გარდა ამისა, გაუგებარია, რა საჯარო ინტერესი არსებობს იმისა, რომ ტელეკომპანიამ კვირაში ორჯერ, საარჩევნო პერიოდში საათ-ნახევრიანი ქრონომეტრაჟის გადაცემა მხოლოდ ერთ რესპონდენტს, ბიძინა ივანიშვილს დაუთმოს.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება; არჩევნები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ