“კურიერი P.S-ის” სიუჟეტში ბავშვის ბანაობის სცენა აჩვენეს
19.04.2017
კვირას, 16 აპრილს “რუსთავი 2-ზე” გადაცემა “კურიერი P.S.”-ში ბავშვთა ჰოსპისზე სიუჟეტი მომზადდა. მასალის ბოლოს, ჟურნალისტი ჰოსპისში განთავსებული ჯაკუზის შესახებ ყვება, რომლიც ბენეფიციარებისთვისაა გაკეთებული, საილუსტრაციოდ კი ერთ-ერთი ბენეფიციარის ბანაობის კადრები აქვს გადაღებული, ბანაობის დროს ჟურნალისტი ბენეფიციარის მშობელთან საუბრობს. მასალაში ბავშვი იდენტიფიცირებულია და გარდა ამისა, ის კადრში ფაქტობრივად, შიშველი ჩანს.

მიუხედავადად, რომ ბავშვის მშობელი ინფორმირებული და თანახმა იყო გადაღების შესახებ, (და ეს კადრებშიც ჩანს) სიუჟეტში არაა გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები, მით უფრო, როცა ბანაობის ამსახველმა კადრებმა მაყურებელს რაიმე დამატებითი ინფრომაცია არ მიწოდა საკითხის შესახებ. ჟურნალისტს შეეძლო, იგივე საკითხი ბავშვის ბანაობის ამსახველი კადრების გარეშე გაეშუქებინა.

“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” (მუხლი 44) მიხედვით, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად. “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” 11 პრინციპიდან ერთი სრულად ბავშვთა ინტერსების დაცვას ეხება. ამ პრინციპის მიხედვით,ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

“მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხი­ მგებლობისგან თავად გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება. მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს” - ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო წესებში.

გელა ბოჩიკაშვილი

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .

თეგები : ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ