ბავშვები ქველმოქმედებისა და რეკლამის ობიექტად droni.ge-ს მასალაში
02.05.2017
"შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რას გრძნობენ ბავშვები, რომლებიც დედამ მიატოვა? ის წავიდა გაუფრთხილებლად და 5 პატარა გოგონა დატოვა", - ამ სათაურით გამოქვეყნდა droni.ge-ზე მასალა, რომელიც 5 არასრულწლოვნის მძიმე სოციალურ პირობებს ეხება და რომელშიც ბავშები ქველმოქმედების ობიექტებად არიან წარმოჩენილნი. მასალაში ვკითხულობთ, რომ ოჯახს ჩერნოვეცკის ფონდი დაეხმარება, სტატიის ბოლოს მითითებულია ანგარიშის ნომერიც, სადაც მკითველს თანხის ჩარიცხვა შეუძლია. იგივე მასალა გამოაქვეყნა news.ge-მაც, თუმცა, droni.ge-სგან განსხვავებით, აქ სიახლეს რეკლამის ნიშანი აქვს.

"შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას გრძნობენ ბავშვები, რომლებიც დედამ მიატოვა? ქალმა, რომელმაც მათ სიცოცხლე აჩუქა... ის წავიდა, გაუფრთხილებლად და 5 პატარა გოგონა დატოვა. პატარა ნინო მხოლოდ 3 თვისა იყო, უფროსი მონიკა კი რვა წლის! ბავშვები ამ დღის დავიწყებას ცდილობენ, ისინი საერთოდ არ საუბრობენ დედაზე, პატარა ნინომ კი საერთოდ არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა“, - ვკითხულობთ მასალაში ბავშების პირადი ცხოვრების შესახებ. სიახლეს თან ერთვის ბავშვების ფოტოც.

სტატიის ბოლოს კი გამოცემა მოგვიწოდებს, ოჯახს დავეხმაროთ: „თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე. მართალია, ამ პატარებს დედას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ იმაში მაინც დავარწმუნებთ, რომ მარტოები არ არიან!"

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, დაუშვებელია ბავშვის ქველმოქმედების, რეკლამის ან პიარის ობიექტად წარმოჩენა:

"მოერიდეთ ბავშვის ქველმოქმედების ან მოწყალების მიმღებ ობიექტად წარ­მოჩენას. ხშირად, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ სხვადასხვა ჯგუფები საკუთარი პიარკამპანიისთვის, იმიჯის შესაქმნელად აქტიურად იყენებენ ბავშვებს, მიდიან მათთან და ურიგებენ საჩუქრებს. მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს ამ ჯგუფებს, აწარმოონ საკუთარი პიარკამპანია ბავშვების გამოყენებით", - ვკითხულობთ გაიდლაინში.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .

თეგები : ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ