ე.წ. ქართველთა მარში და ქსენოფობია გაზეთ „ალიაში“
14.07.2017
14 ივლისს დაგეგმილ „ქართველთა მარშს“, ქსენოფობიურ აქციას, რომლის ძირითადი მოთხოვნაა „ ყველა არალეგალმა უცხოელმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია“ ქსენოფობიური მასალა მიუძღვნა გაზეთმა „ალიამ.“ გაზეთში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ერთ-ერთ ორგანიზატორთან, სანდრო ბრეგაძესთან, რომელიც დისკრიმინაციულ გამოთქმებს იყენებს უცხოელების და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიმართ.

დოკუმენტების გაყალბება, სხვადასხვა სახის კრიმინალური დანაშაული, არასრულწლოვნების გარყვნა, დაკავშირებულია მათთან: „გაივსო ეს ქვეყანა არალეგალი არაბებით, ირანელებით, ჩინელებით, პაკისტანელებით.“ - ვკითხულობთ გაზეთში.

გაზეთ „ალიას“ ამავე ნომერში გამოქვეყნებულია მასალა: „საქართველოში ინდოელთა რამდენიმე დაჯგუფება მოქმედებს, რომელიც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიულ ფილმებს იღებს და შემდეგ მას ევროპაში ასაღებს!“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე- 7 პრინციპი: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის. ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს".

„დაუშვებელია ბრალდებულის ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის იდენტობის დაკავშირება დანაშაულთან, ან მისი იდენტობის ხსენება, თუკი ის პირდაპირ არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს“ - ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში, რომელიც კრიმინალთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ეხება.

თეგები : სიძულვილის ენა;
ავტორი : თამთა აბუსელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ