ციხე პოზიტიური რაკურსით "პრაიმშოუში"
19.10.2017
18 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმშოუ“ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას მიეძღვნა. მთელი გადაცემის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, თუ რა კარგი პირობებია ციხეებში, როგორ ეძლევათ მსჯავრდებულებს თვითგანვითარების საშუალება. ასევე, არაერთხელ აღნიშნეს, როგორ აწამებდნენ თავისუფლებააღკვეთიკლებს 2012 წლამდე.

გადაცემაში სტუმრად მოიწვიეს: სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საგანმანათლებლო სექტორის მენეჯერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და N 5 ქალთა დაწესებულების დირექტორი. მათთან ერთად, დაწესებულებებში ახლა არსებულ კარგ პირობებზე საუბრობდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი და უცნობი ყოფილი მსჯავრდებულები.

იმისთვის, რომ უკეთ გვენახა, რა კარგი პირობებია დაწესებულებებში, “პრაიმშოუს” გუნდმა გადაცემის განმავლობაში რამდენიმე სიუჟეტიც გვაჩვენა. ერთ-ერთ მათგანში კალათბურთელები, „იმედის“ სპორტული ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე და „პრაიმშოუს“ წამყვანები დაწესებულებას, მსჯავრდებულებთან ერთად, კალათბურთის სათამაშოდ ესტუმრნენ.

„ჩვენ ახლა უკვე შემოვედით სპორტდარბაზში, რომელიც არის ძალიან მაგარი, მართლა გაკვირვებული ვარ“ - ამბობს დიმიტრი ობოლაძე და შემდეგ, სპორტდარბაზსაც ათვალიერებინებს მაყურებელს: „ძაან მაგარია, მართლა კაია ძაან“.

სპორტდარბაზის დათვალიერებისას ობოლაძე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „აი ასეთ პირობებში არიან აქ ადამიანი, მოკლედ“. ამავე მასალაში ვისმენთ პატიმრის ინტერვიუსაც, სადაც ის საუბრობს იმაზე, თუ რამდენ საშუალებას იძლევა ეს დაწესებულება, როგორი მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა და რამდენი წყაროა, თვითგანვითარებისთვის, მისი თქმით, „ადმინისტრაციისა და სოციალური სამსახურის დახმარებით“, მან ეს რესურსი გამოიყენა და სხვადასხვა პროექტშია ჩართული.

კიდევ ერთი სიუჟეტი მხატვარ მსჯავრდებულს მიეძღვნა. გვიჩვენეს, როგორ ატარებს ის დროს საპატიმროში, მოგვიყვნენ, როგორ ჩააბარა მან გამოცდები საპატიმროდან, როგორ შეისწავლა კულინარია და ა.შ.

სტუდიაში საუბარი კვლავ ყოფილ მსჯავრდებულთან გაგრძელდა, რომელიც ამბობდა, რომ დაწესებულებაში იდეალური პირობებია: „ბევრი საინტერსო კურსი ტარდება, მე კულინარიის კურსი გავიარე და გამოსვლიდან მეექვსე დღეს დავიწყე მუშაობა“.

გადაცემის კიდევ ერთი წამყვანი ანრი ჯოხაძე კი ქალთა დაწესებულებას სტუმრობს. სიუჟეტი იწყება კადრებით, სადაც წამყვანი ყავის ჭიქით ხელში დაწესებულების გამწვანებულ ბაღში სეირნობს. ის გვათვალიერებინებს დაწესებულებაში გახსნილ სილამაზის სალონსაც.

სტუდიაში იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სასჯელის მოხდა წინა ხელისუფლების დროის მოუწიათ, მაგალითად, მომღერალი პანჩო ყვებოდა, რომ 8 კაცისთვის განკუთვნილ საკანში 30 მსჯავრდებული იყო, შესაბამისად, მორიგეობით ეძინათ: „ფაშისტები უფრო ჰუმანურად ექცევიან ტყვეებს, ვიდრე იმ ციხეში ექცეოდნენ ხალხს“, - აღნიშნა მან.

კიდევ ერთი სტუმარი კი ყვებოდა, რომ მისი მეგობარი დასჯის მიზნით, მორგში ჩაიყვანეს და გარდაცვლილის ცხედარზე „დაასკოჩეს“. იმ მსჯავრდებულებმა, კი რომლებსაც გამუდმებით სცემდნენ, პროტესტის ნიშნად მუცელი გამოიფატრეს.

მომღერალი თემურ თათარაშვილიც იხსენებს, რომ მუდმივად ესმოდა პატიმრების ყვირილი, როცა მათ აწამებდნენ. ასევე, მან აღნიშნა, რომ მაშინ დაწესებულებებში საშინელი საკვები იყო და პატიმრობის პერიოდში, ფაქტობრივად, არასოდეს უჭამია დაწესებულების საკვები.

„რა ხდება დღეს“ - ამ ისტორიების შემდეგ, წამყვანმა ამ კითხვით სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს მიმართა. სტუმარმა დეტალურად ისაუბრა, რომ ახლა საპატიმროებში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, რომ საკვების პრობლემა მოწესრიგებულია, ინფრასტრუქტურა შეცვლილია და „ყველაფერი გალამაზებულია“.

გადაცემაში შემოგვთავაზეს მინისტრთან ინტერვიუც, რომელმაც კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ პოზიტიურ ცვლილებებზე, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელდა.


საბოლოდ, გადაცემა ემოციურად, ერთ-ერთი პატიმრის გათავისუფლების ამსახველი კადრებით დასრულდა და ამ კონკრეტული ისტორიის გაგრძელება შემდეგი გადაცემისთვის დააანონსეს.

გადაცემაში არ ისმის კრიტიკული აზრი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვერ ვხვდებით ვერც იმ პატიმრების პოზიციას, რომლებიც ფიქრობენ, რომ დაწესებულებაში გარკვეული პრობლემები არის და რიგი საკითხები გამოსწორებას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების პოზიტიურ მხარეებს, რამდენიმე თვის წინ, ტელეკომპანია „იმედის“ კიდევ ერთი გადაცემა მიეძღვნა. მაშინ ამ თემაზე „ეკა ხოფერიას“ შოუში იმსჯელეს.



თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
ავტორი : სალომე აჩბა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ