„შიდსიანმა პატიმარმა ნემსი, რომელიც მას გაუკეთეს, ექიმს შეურჭო“ - დისკრიმინაციული მასალა „ახალ თაობაში“
03.11.2017
„შიდსიანმა პატიმარმა ნემსი, რომელიც მას გაუკეთეს, ექიმს შეურჭო“ - ამ სათაურით ქვეყნდება გაზეთ „ახალ თაობაში“ ინტერვიუ უფლებადაცმველთა გაერთიანების თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ მჟავანაძესთან. მჟავანაძე ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ კვლევას ეხმიანება, სადაც მისი განმარტებით, აღნიშნულია, რომ ექიმების მიერ პატიმრების შემოწმებისას, ადგილზე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების ყოფნა, პრობლემაა. მჟავანაძე ფონდს სამინისტროს და მისი თქმით, ყველაზე წარმატებული მინისტრის, კახი კახიშვილის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და ცდილობს მკითხველი დაარწმუნოს, რომ ექიმის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში დაწესებულების თანამშრომლის ადგილზე ყოფნა აუცილებელია. ამ არგუმენტის გასამყარებლად, მჟავანაძე ყვება, რომ იყო შემთხვევა, როცა „შიდსიანმა პატიმარმა ნემსი, რომელიც მას გაუკეთეს, ექიმს შეურჭო“. მჟავანაძეს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა ეს ფაქტი, ან საიდან იცის მან ამის შესახებ. ინფორმაცია არც ჟურნალისტს გადაუმოწმებია შესაბამის წყაროებთან (გადამოწმების მცდელობა მასალიდან არ ჩანს), მიუხედავად ამისა, ინტერვიუს ეს ნაწილი სათაურად არის გატანილი.

ინფორმაციის სანდოობა ეჭვს აჩენს, არ დასტურდება, ნამდვილად მოხდა თუ არა ამგვარი ფაქტი და არ ჩანს მისი გადამოწმების მცდელობა. გარდა ამისა, შესაძლოა, აივ/შიდსთან დაკავშირებული საკითხების ამგვარად გაშუქებამ ხელი შეუწყოს აივ დადებითი ადამიანების სტიგმატიზაციას.

“აივ ინფექციისა და ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში” - ამ სახელმძღვანელო წესებში, რომელიც USAID-ის დაფინანსებით და “აივ პრევენციის პროექტის” ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით მომზადდა, აღნიშნულია:

„თავი აარიდეთ უარყოფით ქვეტექსტს: აივ/შიდსთან დაკავშირებული პუბლიკაციები აუცილებლად ადამიანის უფლებების დაცვაზე დაყრდნობით უნდა მომზადდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია მარგინალიზებულ ან მოწყვლად ჯგუფებზე. გამიჯნეთ ერთმანეთისგან ფაქტები და მოსაზრები: მოსაზრების ფაქტებთან აღრევის საფრთხემ შესაძლოა გამოიწვიოს დისკრიმინაციული ქმედებები. თავი აარიდეთ სენსაციური ენას. მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამოწმება: განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ “გადამოწმების” პრინციპს“.

თეგები : მანიპულაცია; სტიგმატიზება; სტერეოტიპები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ