„პანორამა“ საუკეთესო რაკურსით
10.11.2017
“პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით მწვავე დისკუსია უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. სამოქალაქო სექტორისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ ის ქალაქის იერსახეს დააზიანებს. დისკუსია მიმდინარე კვირასაც გააქტიურდა, 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თავისუფლების მოედანზე, სადაც “პანორამა თბილისის” სასტუმრო უნდა აშენდეს, მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეეცვალა და თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას რეკრეაციული სტატუსი მოეხსნა. დღეს, 10 ოქტომბერს კი თბილისის საკრებულო „თანაინვესტირების ფონდისთვის“ პროექტის ასაშენებლად მიწების 1 ლარად გადაცემის საკითხს განიხილავს. ეს ფონდი “პანორამა თბილისის” პროექტს ახორციელებს და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული.

8 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ „პანორამა თბილისის“ შესახებ 12 წუთიანი სიუჟეტი გავიდა. მედიაჩეკერმა რაოდენობრივად დაითვალა პროექტის გაშუქების ტონი. 12 წუთიან სიუჟეტში, „პანორამა თბილისი“ მხოლოდ 51 წამის განმავლობაში გაშუქდა ნეიტრალურად, დანარჩენი დრო, მთლიანად პოზიტიურ გაშუქებას დაეთმო. მასალაში არ ისმოდა არც ერთი კრიტიკული აზრი, პროექტი წარმოჩენილი იყო, როგორც პარკირების პრობლემის მოგვარების უპრეცედენტო გზა, ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, რეკრეაციული ზონების მოწყობის საშუალება. წამყვანის შესავალი ტექსტიდან კი ისე ჩანდა, თითქოს ამ პროექტს „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ქვეყანაში არავინ აკრიტიკებს.



„ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა“ , „უპრეცედენტო პროექტი“ - ასეთი შეფასებები ისმოდა წამყვანის მხრიდან „პანორამა თბილისის“ შესახებ, შესავალ ტექსტში:

„პროტესტი თბილისის განვითარებას და 20 ათას ახალ სამუშაო ადგილს, ცდილობენ თუ არა გასული კვირის მთავარი პერსონაჟები ოპოზიციიდან, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ წამოწყებული 8 ტურისტული პროექტის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. უპრეცედენტო პროექტმა აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს საკუთარი არითმეტიკა აქვთ და ქალაქის ეგრეთ წოდებულ დამცველებს, 680 მილიონი დოლარი, იგივე მილიარდ-ნახევარი ლარი, 1 ლარი ჰგონიათ. ყოველგვარი მიკერძოებისა და ამბის პოლიტიზების გარეშე შევეცდებით მოგიყვეთ, რა სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა. უპრეცედენტო კომპლექსი - „პანორამა თბილისი“.

წამყვანის შესავალი ტექსტიდან ისე იკვეთებოდა, თითქოს „პანორამა თბილისს“ მხოლოდ ვიწრო პარტიული ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკებს, თანაც მათი პროტესტი „თბილისის განვითარებისა და 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილის“ წინააღმდეგაა მიმართული. არადა მედიაში მრავლად იძებნება სხვადასხვა პარტიის, ორგანიზაციისა თუ სფეროს სპეციალისტის მიერ სხვადასხვა დროს, „პანორამა თბილისის“ შესახებ გამოხატული კრიტიკა.

მაგალითისთვის, ამგვარი შეფასებები შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიებში:

რადიო თავისუფლება: „პანორამა თბილისი“ - ძველი თბილისის რეკვიემი?

ლიბერალი: "პანორამა თბილისი" - ინვესტიცია, რომელიც კლავს"

ლიბერალი: „პანორამა თბილისის” ლანდშაფტის ზონაში მშენებლობის წინააღმდეგ NGO-ებმა სარჩელი შეიტანეს“ ნეტგაზეთი: „საერთაშორისო ორგანიზაციები „პანორამა- თბილისის“ წინააღმდეგ“

ლიბერალი :პანორამა თბილისი - ახალი სატრანსპორტო პრობლემების მოლოდინში?

რადიო თავისუფლება: შეცვლილი ზონა - დარტყმა ძველ ქალაქზე თუ ახალი სუნთქვა?

პანორამა თბილისის წინააღმდეგ პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციებიც. 29 სექტემბერს, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გაუპროტესტებია.

თავად სიუჟეტი იწყება პარკინგის პრობლემის მიმოხილვით, შემდეგ კი „პანორამა თბილისზე“ გრძელდება საუბარი და წარმოჩენილია ისე, თითქოს ამ ქაოსს ქალაქში ეს პროექტი მოაგვარებს. „თავისუფლების მოედნის მომავალი იერსახე გამჭვირვალე არქიტექტურა და მოწესრიგებული ტერიტორიაა. 1900 კვ. მეტრზე მიწის ზედა პარკინგი მოეწყობა“ - აღინიშნა სიუჟეტში. ამავე მასალიდან ისიც გავიგეთ, რომ „ისტორიულ და პანორამულ ხედებს 48 მეტრის სიმაღლიდან, წყლიდან, ე.წ. უსასრულო აუზიდანაც დავათვალიერებთ“. ითქვა, რომ სასტუმრო დაუკავშირდება თაბორის მთაზე, რეკრეაციულ ზონას. გავიგეთ ისიც, რომ თურმე, ამ რეკრეაციული ზონიდან 750- ამდე ხე იმიტომ მოუჭრიათ და გაუტანიათ, რომ დაავადებული ყოფილა. სიუჟეტის მიხედვით, მოჭრილი, დაავადებული ხეების ნაცვლად, 10 ათასი ხე დაირგვება.

ამავე მასალაში დიდი დრო დაეთმო იმაზე საუბარს, თუ რა მნიშვნელოვანია ეს პროექტი, ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამაში მაყურებლის დარწმუნებას არა მხოლოდ სიუჟეტის ავტორი, არამედ ეკონომიკის მინისტრიც ცდილობდა.

„თბილისური ახალი პანორამა დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება“ - სიუჟეტის მიწურულს ჟურნალისტი პროექტით აღფრთოვანებასა და მისეულ პროგნოზსსაც გვიზიარებს. აღსანიშნავია, რომ მასალა მუსიკალურად, რევაზ ლაღიძის „თბილისოთია“გაფორმებული.

სიუჟეტის დასრულების შემდეგ კი სტუდიაში მისი ავტორი ჩართეს.

„დღევანდელ სიუჟეტში ბუნებრივია, ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიცია არ ვუჩვენეთ მაყურებელს, თუმცა მაინც საინტერესო იქნება გვითხრა, რატომ აპელირებს „ნაციონალური მოძრაობა“ სიმბოლური 1 ლარით“ - ჰკითხა წამყვანმა სიუჟეტის ავტორს, მაყურებლისთვის კი ბუნდოვანი დარჩა, რატომ იყო ბუნებრივი სიუჟეტში „პანორამა თბილისის“ შესახებ კრიტიკული აზრის არ წარმოჩენა.

„სავარაუდოდ, ეს ხდება პოლიტიკური ქულების დასაწერად როგორც თქვენ სიუჟეტში მოისმინეთ, ინვესტიციების განხორციელება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის განვითარებასთან და მოქალაქეების დასაქმებასთან“ - ასე უპასუხა წამყვანის შეკითხვას სიუჟეტის ავტორმა.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ