როგორ გაშუქდა „თანაინვესტირების ფონდთან“ დაკავშირებული ხმაური „მოამბეში“
05.11.2017
29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თავისუფლების მოედანზე, სადაც “პანორამა თბილისის” სასტუმრო უნდა აშენდეს, მიწისქვეშა ავტოსადგომის განსათავსებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეეცვალა, თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას კი რეკრეაციული სტატუსი “თაბორი რიზორთსის” სასარგებლოდ მოეხსნა. „თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც პროექტ “პანორამა თბილისსა” და “თაბორი რიზორთს” ახორციელებს, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, თემაზე მომზადებულ ზოგიერთ სიუჟეტში „თანაინვესტირების ფონდთან“ ბიძინა ივანიშვილის კავშირი საერთოდ არ აღნიშნულა, ზოგში კი იკვეთებოდა განსახორციელებელი პროექტების პოზიტიურ ჭრილში გაშუქება.

“დღევანდელ სხდომაზე განხილვის საგანი ორი ლოკაციისთვის ლანდშაპტურ-რეკრეაციული სტატუსის შეცვლა იყო. იმის მიუხედავად, რომ დეპუტატებს კონკრეტული ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემის საკითხზე არ უმსჯელიათ, სწორედ ამ მიმართულებით კეთდებოდა ყველაზე ხმაურიანი და პოლიტიკური განცხადებები საგნობრივ დებატებზე მეტად”, - ასე წარადგინა ჟურნალისტმა 29 სექტემბერს ეთერში გასული სიუჟეტი.

მასალაში ჟურნალისტი მაყურებელს ოპოზიციის მოსაზრებას აცნობდა, რომ ცვლილებები „თანაინვესტირების ფონდის“ პროექტსა და ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიას უკავშირდებოდა. სიუჟეტის დასრულების შემდეგ კი, ეთერში მასალის ავტორი ჩაერთო და მაყურებელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ უამბო.

სიუჟეტში არ მოხვდა საქართველოს პარლამენტის წევრის და თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიასა და ასევე თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის პოლიციის ძალით გაყვანის შესახებ ინფორმაცია.



ამავე გამოშვებაში ამ მასალას მოსდევდა სიუჟეტი თბილისში პარკირების პრობლემის მოგვარებაზე, რომლის წარდგენისას წამყვანმა საკრებულოს მიერ თავისუფლების მოედანზე მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლა პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩინა: “პროექტი, რომელიც დღეს პროტესტის მიზეზი გახდა, თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის - პარკირების პრობლემის გადაჭრას გულისხმობს”. თავად სიუჟეტში მიწისთვის სტატუსის შეცვლას აღარ შეხებიან და მხოლოდ მერობის კანდიდატების ხედვები აჩვენეს პარკირების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.

2 ოქტომბერსაც “თანაინვესტიორების ფონდის” პროექტი დადებით კონტექსტში გაშუქდა, გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის კავშირზე არაფერი თქმულა. სტატუსშეცვლილ მიწებზე საინფორმაციო გამოშვებაში ორი სიუჟეტი გავიდა.

პირველი მასალა მიწისთვის სტატუსის შეცვლაზე თბილისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” აქციას შეეხებოდა, მეორე სიუჟეტი კი, რომელიც თითქმის ხუთ წუთს გაგრძელდა, განსახორციელებელი პროექტების სიკეთეებზე საუბარს დაეთმო.



მასალიდან ვიგებთ, რომ “მშენებარე პარკინგის სივრცე ორჯერ აღემატება სასტუმროსთვის საჭირო მანქანების რაოდენობას და დამატებითი ავტოსადგომიც, სასტუმროს კუთვნილი ტერიტორიის მსგავსად, საზოგადო მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი. ადგილის 1 ლარად გადაცემას კი ინვესტორი მილიონი ლარის დახარჯვის სანაცვლოდ ითხოვს”.

სტატუსშეცვლილ მიწებზე მასალები “მოამბის” მთავარ გამოშვებებში 30 სექტემბერს და 3 ოქტომბერსაც გავიდა. ზემოთგანხილული სიუჟეტებისგან განსხვავებით, ამ მასალებში ბიძინა ივანიშვილის კავშირი თანაინვესტირების ფონდსა და მიწისთვის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით აღნიშნული იყო (ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა კომენტარებში) და არ შეინიშნებოდა „თანაინვესტირების ფონდისა“ და განსახორციელებელი პროექტების პოზიტიური გაშუქება.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ