რძალ-მულის კონფლიქტი და “სადავო მცირეწლოვანი” რუსთავი 2-ის ფოკუსში
05.02.2018
3 თებერვალს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “შაბათის კურიერის” ბოლო სიუჟეტი არასრულწლოვნის დედასა და მამიდებს შორის დავას შეეხებოდა, სიუჟეტი ასე იყო დასათაურებული: “სადავო არასრულწლოვანი”. როგორც სათაურში, ისე მთლიან მასალაში ბავშვი სადავო საგნად, ობიექტად არის წარმოჩენილი. სიუჟეტი მთლიანად აგებულია რძალ-მულის კონფლიქტის დეტალებზე, მთავარი აქცენტი კეთდება არა ბავშვის საუკეთესო ინტერესზე - იმაზე თუ რა მდგომარეობაშია ის დედასა და მამიდებს შორის არსებული დავის ფონზე, ან იმაზე, რომ ამ დავის გამო ის სრულფასოვან განათლებას ვერ იღებს, არამედ უფროსების ჩხუბზე. ბავშვი უბრალოდ, კონფლიქტის გამძაფრების და უფრო სენსაციურ ჭრილში წარმოჩენის საშუალებაა.

სიუჟეტში მამიდები ამბობენ, რომ დედამ არასრულწლოვანი შვილი სახლიდან გამოაგდო და “ის სიგლახე დაანახა, რაც არ შეიძლებოდა”. შემდეგ ისმის მეორე მამიდის სიტყვები, რომელსაც, მისი თქმით, დედა შვილს ეუბნებოდა “ჩაგრეცხავ კანალიზაციაშიო; შენ არავის არ უყვარხარო, ბავშვს ეუბნებოდა, ჩემ გარდაო და იმორჩილებდა ბავშვს”. “ის კაცები რომ მოდიოდნენ, მე მცემდნენ, მამიდაო, მაგზავნიდნენ. თითო ღერი პაპიროზის გულისხთვის 50-ჯერ უნდა ჩასულიყო ბავშვი”.

მასალა აჩენს კითხვებს: რა მდგომარეობაში იქნება არასრულწლოვანი, თუკი ამ სიუჟეტს ნახავს? ხომ არ შეუქმნის ამგვარი მასალა მის ფსიქო-სოციალურ კეთილდღეობას ხელს? ხომ არ გახდება ის ბულინგის მსხვერპლი იმ ფონზე, რომ მასალაში მისი ირიბი იდენტიფიცირება ხდება? (მამიდები და დედა არიან იდენტიფიცირებულნი).

ამავე სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ბავშვს, ამ დავის გამო საბუთები წესრიგში არ აქვს და სკოლაში არა მოსწავლის, არამედ მსმენელის სტატუსით დადის. თუმცა ეს დეტალი ამბის მეორეხარისხოვან ნაწილადაა წარმოჩენილი და ძირითადი აქცენტი არა ამ საკითხზე, არამედ უფროსების დავაზე კეთდება. სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის დაინტერესება სახელმწიფოს როლზე, არ ისმის კითხვა, რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ არასრულწლოვანს არ შეეზღუდოს განათლების მიღების უფლება, ან რატომ არ ჰყავს მეურვე არასრულწლოვანს, ან ვინაა პასუხისმგებელი მასზე. სამაგიეროდ, დეტალურად ვისმენთ, რომ სასამართლო პროცესზე მულებმა რძალს სცემეს, რომ მამიდებს არც მეზობლებთან აქვთ კარგი ურთიერთობა და ა.შ. მასალაში არაერთხელ აღინიშნა, რომ რძლისა და მეზობლების აზრით, მამიდებს ფსიქიკური პრობლემები აქვთ, ისე თითქოს, “ფსიქიკური პრობლემა” სიტყვის მასალა, ან სალანძღავი სიტყვა იყოს.

საბოლოო ჯამში, მასალის ამოსავალი წერტილი არის არა ბავშვის საუკეთესო ინტერესი, არამედ რძალ-მულის კონფლიქტის სენსაციური დეტალები.

თეგები : ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ