სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ სიუჟეტის გამო ქარტიას მიმართეს
03.04.2018
ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ „რუსთავი 2-ის“ გადაცემის „შაბათის კურიერში“ გასული სიუჟეტის გამო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. მასალა, ეხება 15 წლის გოგონას, რომელიც პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

სადავო სიუჟეტი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერის“ ეთერში 31 მარტს გავიდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალაში ჟურნალისტებმა ვერ უზრუნველყვეს არასრულწლოვანის კონფიდენციალურობის სრული დაცვა. ამის გამო, მოხერხდა გოგონას ამოცნობა, იგი თანატოლებისგან ჩაგვრის მსხვერპლი გახდა და თვითმკვლელობა სცადა.

ორგანიზაციის პოზიციით, ჟურნალისტმა ვერ შეაფასა მოსალოდნელი საფრთხე, რომელსაც ძალადობის ფაქტის გაშუქებით უქმნიდა მოზარდს. განცხადების მიხედვით, გადაცემის „შაბათის კურიერის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა ამ სიუჟეტში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 პრინციპი დაარღვიეს.

ქარტიის მე-8 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის“.

„ჟურნალისტს უნდა ეხმარა ყველა ღონე, რათა დაეფარა ყველა ის დეტალი, რაც გოგონას იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა და თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი საფრთხე“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეგები : ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ