დეზინფორმაცია, სტიგმატიზება და ანტიდასავლური გზავნილები „საქინფორმის“ მასალაში
16.05.2018
„საქართველოში „ნარკომანების რევოლუცია“ მზადდება!“ - თბილისში გამართული აქციების შესახებ ასეთი მანიპულაციური სათაურით გამოაქვეყნა გამოცემა „საქინფორმმა“ მასალა, რომელიც გაჯერებულია ანტიდასავლური გზავნილებით, შეცდომაში შეჰყავს მკითხველი და ადამიანების გარკვეული ჯგუფების სტიგმატიზებას ახდენს.

12 და 13 მაისს მიმდინარე აქციებს „საქინფორმმა“ ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელსაც რამდენიმე გზავნილი აქვს. მასში ნათქვამია, რომ „ეს იყო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა", "აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ნარკოტიკების ლეგალიზებას" და "მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურესად უარყოფითად ეკიდება ე.წ. „დასავლურ ღირებულებებს“. ამ გზავნილებს გამოცემა მასალის სხვადასხვა ნაწილში არაერთხელ იმეორებს და ამავდროულად, ისე, რომ მასალაში არ ჩანს რაზე დაყრდნობით, რის საფუძველზე ავითარებს ასეთ მსჯელობას ავტორი.

ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს გამოცემა ახსენებს მასალის დასაწყისშიც და დასასრულშიც: „მომხდარის მიღმა აშკარად იკვეთება ოპოზიციის და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესები, რომელიც საპროტესტო ტალღაზე საქართველოში დასაბრუნებლად და, რადაც უნდა დაუჯდეს, ახალი „ფერადი რევოლუციის“ მოსაწყობად ემზადება - თუნდაც ეს „ნარკომანების რევოლუცია“ იყოს“, - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში არასწორი ინფორმაციაა აქციის მიზნის შესახებაც. გამოცემა წერს, რომ ორგანიზატორებმა ხელისუფლებას „ყველა სახეობის ნარკოტიკების ლეგალიზაცია მოსთხოვეს“. მაშინ, როდესაც აქციის მოთხოვნა ეს არ ყოფილა. გარდა ამისა, მასალაში საქართველოს სკოლებში მომხდარი დაპირისპირებები და ოჯახში ძალადობის გახშირებული შემთხვევებიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან არის დაკავშირებული, ომბუდსმენი და საქართველოს პრეზიდენტი კი ნარკორეალიზატორების მხარდაჭერაში არიან დადანაშაულებული.

გარდა ამისა, სტატიაში გვხვდება სიძულვილის ენა და ხდება წამალდამოკიდებული ადამიანების დისკრედიტაცია და სტიგმატიზება. აქციის მონაწილეები მოხსენიებული არიან ბრბოდ, ორგანიზატორები კი ნარკომანებად.

სტატია ორი ნაწილისგან შედგება და ანტიდასავლური გზავნილები განსაკუთრებულად აქცენტირებულად მასალის მეორე ნაწილში გვხვდება. მაგალითად: „მომხდარმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურესად უარყოფითად ეკიდება ე.წ. „დასავლურ ღირებულებებს“ - ნარკომანიის ლეგალიზაციას, ლგბტ-ს ცხოვრების სტილის პროპაგანდას და „კლუბურ კულტურას“;

ამ ნაწილში აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეები მოხსენიებული არიან როგორც „ქართველი საზოგადოების „ელიტარული გამოსული“ პროდასავლური ნაწილი - ლიბერტარიანელები, ლგბტ, ფემინისტები, ბომონდის და მათი უფლებების დამცველი, დასავლურ გრანტებზე შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები“, კონტრაქციის მონაწილეები კი „პატრიოტული ძალები, ანუ - ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა”.

სტატია მკითხველს აქციის ფოტოებსაც სთავაზობს, თუმცა, ყველა ავთენტური არ არის. სტატიაში გამოყენებულია ლგბტ პირების ფოტო, რომელსაც ამ აქციასთან კავშირი არ აქვს, არის ფოტომანიპულაცია და აქციის მიზნების ლგბტ-საზოგადოებასთან დაკავშირებასა და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას ემსახურება.


თეგები : ფოტომანიპულაცია; სტიგმატიზება; სიძულვილის ენა;
ავტორი : რომა კალანდაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ