ზაუტაშვილის სარჩელი საზმაუს წინააღმდეგ სააპელაციომაც არ დააკმაყოფილა
18.11.2026


დღეს, 18 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის სარჩელი მისი ტელევიზიიდან გათავისუფლების საქმეზე არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკატერინე ელიაძის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. 

ზაუტაშვილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და წამყვანის შესაბამის პოზიციაზე აღდგენას მოითხოვდა. სასარჩელო მოთხოვნებში ასევე მითითებული იყო, რომ თუ მისი სამსახურში აღდგენა ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნებოდა, მომხდარიყო განაცდურის ანაზღაურება. 

ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებასაც აპირებს.

14 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების საქმეზე გადაცემა „რეალური სივრცის“ თანამშრომლების: ქეთევან კაპანაძე, იოსებ კაციტაძე, თამარ მშვენიერაძე, ომარ წოწორია, ტუხა კვინიკაძე საჩივარიც. 

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გია ბერაიამ ძალაში დატოვა „პირველი არხიდან“ გათავისუფლებული წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი, „მოამბის“ წამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად, სამსახურიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლა, მაისიდან კი „რეალური სივრცეც“ დახურა და მისი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებებზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა.  

2024 წლის ნოემბერიდან დაწყებული პროევროპული პროტესტის პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლები „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ. ისინი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის სატელევიზიო ეთერის გახსნასაც მოითხოვდნენ. მათ შექმნეს პლატფორმაც - „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“.  


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ