გაზეთ „ქრონიკა+“-ისა და Cnews-ის დამფუძნებელს, ელისო კილაძეს 10
წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ჩამოერთვა ორი ავტომობილი და
30 000 აშშ დოლარიც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი დღეს, 17 ნოემბერს გამოაცხადა. ელისო კილაძის სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, საჯარო მხოლოდ განაჩენის გამოცხადება იყო. მან საბოლოო სიტყვაც დახურულ სხდომაზე წარმოთქვა.
კილაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს იყო არა ე.წ. ქოლცენტრების საქმე, არამედ „სპეცოპერაცია ჟურნალისტ ელისო კილაძის პერსონალური განადგურებისთვის, მისი რეპუტაციული სიკვდილისათვის, „ქრონიკა+“- ის დასახურად!“
„ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუსის ექს დირექტორი, მამუკა მდინარაძეა. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე.
მიზანი მიღწეულია, რედაქცია დარბეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია.
თქვენი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური“, - თქვა ელისო კილაძემ საბოლოო სიტყვაში.
კილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.
ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე 18 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, „ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა“.
პროკურატურის მაშინდელი
განცხადებით, ქოლცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული
გამოავლინეს და სისხლისსამართლებრივი დევნა ორგანიზებული ჯგუფის მიერ
ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, 10 პირის მიმართ
დაიწყეს. კილაძესთან ერთად, ესენი არიან: ოთარ ფარცხალაძე, გიორგი
მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი
ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. ამ პირების
საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

