არასრულწლოვანის იდენტიფიცირება მედიაში მისი პოვნის შემდეგ
07.11.2018
5 ნოემბერს ქართულ მედიასაშუალებებში არასწრულწლოვანი გოგოს დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ბავშვი თბილისის ერთ-ერთ უბანში დილით სახლიდან გასვლის შემდეგ გაუჩინარდა. ძიების მიზნით დილიდან მშობლებმა დაკარგულის ფოტო, მაიდენტიფიცირებელი დეტალები და ტელეფონის ნომერი გაავრცელეს, რომელიც მედიამაც გამოაქვეყნა. დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის გოგო იპოვეს, ის ჯანმრთელი და უვნებელი იყო. ამ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით (აღარ იძებნებოდეს ინტერნეტში ეს ფაქტი მისი ცხოვრებიდან) რამდენიმე მედიასაშუალებამ მასალა შეასწორა და როგორც ახალ, ისე ძველ მასალაში ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დეტალები ამოიღო, იქვე მიუთითა, რომ სტატია შესწორებულია. ასე მოიქცა ნეტგაზეთი, ლიბერალი და On.ge.

ვებსაიტების ნაწილმა უცვლელი დატოვა და გოგოს პოვნის შემდეგაც მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა, მათ შორისაა:

imedinews.ge, interpressnews.ge, ambebi.ge, fortuna.ge, tabula.ge, 1tv.ge, Primetime.ge, marshalpress.ge, akhalitaoba.ge, kvirispalitra.ge, kvira.ge, itv.ge, palitranews.ge, reginfo.ge, ghn.ge, pia.ge, expressnews.com,  gurianews.com, resonancedaily.com, marneulifm.ge,  presa.ge, nsp.ge, mediamall.ge. palitravideo.ge-მ და rustavi 2.ge-მ კი ის კადრებიც გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს თუ როგორ გადაჰყავთ ნაპოვნი გოგო პოლიციაში.

საქართელოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მედია მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები და ზიანის ალბათობა, რაც ბავშვს შეიძლება მასალის გამოქვეყნებით მიადგეს. იმ შემთხვევაში კი, თუ ამას საჭიროება არ მოითხოვს, მოზარდის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ქართული მედიის დიდი ნაწილი კი ასე არ მოიქცა.

ამავე სახელმძღვანელოში ვკითხულობთ:
  • უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის.
  • მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხიმგებლობისგან თავად გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება. მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს.

თეგები : ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ