„კვირის აქცენტების“ პრობლემური აქცენტები
16.11.2018
11 ნოემბერს, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა და გადაცემა „კვირის აქცენტების“ წამყვანმა ნიკა გვარამიამ ფოტოგრაფ იური მეჩითოვს პირდაპირ ეთერში აგინა. გინების მიზეზი გახდა ტელეკომპანია Al Jazeera-ს დოკუმენტურ ფილმში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ფოტოგრაფის შეფასებები.

„მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს“, - აღნიშნა მეჩითოვმა ყატარულ ტელევიზიასთან საუბრისას. სწორედ ამ კომენტარის „კვირის აქცენტებში“ გასვლის შემდეგ, არხის გენერალურმა დირექტორმა ფოტოგრაფს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მიმართა და არაერთგზის მოიხსენია არაკორქტულად.

თანაწამყვანის მიერ სიმშვიდისაკენ რამდენჯერმე მოწოდების შემდეგ, გვარამიამ არაერთხელ მოიხადა ბოდიში მაყურებლის წინაშე. აღნიშნული თემა კი საბოლოოდ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუკავშირა, ვინაიდან იური მეჩითოვი მისი ღია მხარდამჭერია.

გადაცემა, რომელიც მეინსტრიმულ მედიაში განსაკუთრებით გამოირჩევა ვერბალური აგრესიითა და არაკორექტული ლექსიკის ხშირი გამოყენებით, ტელეეთერში 2018 წლის აპრილის ბოლოდან გადის და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთგვარ ედიტორიალს წარმოადგენს. ამის შესახებ, გადაცემის წარდგენისას, არხის გენერალურმა დირექტორმა და გადაცემის თანაწამყვანმა ეკა კვესიტაძემ ისაუბრეს, 29 აპრილს, კურიერი P.S.-ში.

„ჩვენ შევეცდებით რომ გამოვხატოთ საინტერესო პოზიციები და პრინციპში რუსთავი 2-ის ედიტორიალის მსგავსი რამ გავაკეთოთ“, - აღნიშნა გვარამიამ. კვესიტაძის თქმით, იგი თავის კერძო მოსაზრებებს გამოხატავს გადაცემაში, ნიკა გვარამია კი არხის პოლიტიკასა და მოსაზრებას.

გადაცემის დაწყებისთანავე აღნიშნული იყო, რომ იგი იქნებოდა არა ობიექტურობასა და ბალანსზე ორიენტირებული, არამედ მას ექნებოდა კონკრეტული დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც, წამყვანები შეაფასებდნენ კვირის მთავარ თემებს, რამდენიმე სტუმართან ერთად. წამყვანების თქმით, ისინი ფაქტების სიღრმისეულ ანალიზს შესთავაზებდნენ აუდიტორიას. „ჩვენ შევეცდებით, რომ კამათში ვშობოთ ჭეშმარიტება“, - თქვა ნიკა გვარამიამ.

მიუხედავად ამ დაპირებისა, აღნიშნულ გადაცემაში მაყურებელს კამათის ხილვის შესაძლებლობა ყველაზე ნაკლებად აქვს. როგორც წესი, გადაცემის წამყვანების მოსაზრებები სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. აღნიშნულ ჰარმონიას ვერ არღვევს ვერც გადაცემის სტუმართა სრული უმეტესობის მოსაზრებები. განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, გადაცემის თითქმის ყველა სტუმარი თუ რესპონდენტი კრიტიკულად ან ნეგატიურად არის განწყობილი მხოლოდ ხელისუფლებისა და “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

თუმცა, კამათისგან განსხვავებით, მაყურებელი ხშირად ისმენს ვერბალურ აგრესიასა და შეურაცხყოფის გამომხატველ გამონათქვამებს. აღნიშნული გამონათქვამები, უმეტესწილად ერთ-ერთი წამყვანის და ზოგჯერ სტუმრების მხრიდან, ძირითადად სალომე ზურაბიშვილის („წუნკალი დედაკაცი“ „მოღალატე“ „ცხენი“), “ქართული ოცნების” ხელისუფლების, კახი კალაძის („კლეპტომანი“), პარლამენტის თავმჯდომარის („არარაობა“, „გამოშტერებული“), ბიძინა ივანიშვილის („ჩასვრილი“, „გიჟი“ „შამანობით დაკავებული კაბალისტი“) და ზურაბიშვილის სხვადასხვა მხარდამჭერი საჯარო თუ კერძო პირის მისამართით („ნაძირალა“, „გაღორებული“, „ჩასვრილი“,ერთუჯრედიანი ინფუზორიები“) გაისმის. გარდა აღნიშნული ტერმინებისა, გადაცემიდან ისმის გინებაც და ისეთი სიტყვებიც, რომლებიც საზოგადოებაში არსებულ ეთიკურ ნორმებს არღვევს.

საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ცალსახად არ მიუთითებს ტელეეთერით შეურაცხმყოფელი სიტყვების აკრძალვის ან არგამოყენების აუცილებლობის შესახებ, იმ შემთხვევაში თუკი ტელეგადაცემა ეთერში ე.წ. წყალგამყოფის (21:00 სთ-ის) შემდეგ გადის. ამას „კვირის აქცენტები“ თავისი საეთერო დროის გამო აკმაყოფილებს. თუმცა, აღნიშნული კოდექსის 52-ე მუხლი ცალსახად ამბობს, რომ „აუდიტორიის შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას“.

გარდა ამისა, კოდექსში მითითებულია, რომ ამგვარი ტერმინების გამოყენება ტელევიზიის ეთერით შესაძლოა გამართლებული იყო სარედაქციო კონტექსტით და ზოგჯერ რეალობის აღსაწერად შესაძლოა საჭიროც კი იყოს. თუმცა, „კვირის აქცენტების“ შემთხვევაში, ერთ-ერთი თანაწამყვანისა და არხის გენერალური დირექტორის მიერ შეურაცხმყოფელი და არეთიკური ლექსიკის გამოყენებას, ზურგს, როგორც წესი, არავითარი კონტექსტუალური აუცილებლობა არ უმაგრებს. იგი მხოლოდ და მხოლოდ თავად წამყვანის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

ზემოხსენებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ცალსახად მიუთითებს მე-17 მუხლში, რომ საავტორო გადაცემის ავტორს გადაცემაში საკუთარი მოსაზრებების წარმოჩენის უფლება, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ ეს სულაც არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან: „საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა“.

მიუკერძოებლობაში კი, ამ შემთხვევაში, სულაც არ იგულისხმება ამბის ყველა მხარისათვის თანაბრად დათმობილი დრო, არამედ ამბავთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების სათანადო წარმოჩენა.

გარდა გინებისა და შეურაცხმყოფელი ლექსიკისა, გადაცემაში ხშირად არის შემთხვევები, როდესაც განსაკუთრებით ერთ-ერთი წამყვანი იყენებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ტერმინებს, როგორც პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისა და შეურაცხყოფის საშუალებას. გადაცემებში მუდმივად მეორდება ისეთი ტერმინები, როგორიცაა: „გიჟი“, „ფსიქიკურად შერყეული პიროვნება“, „შეპყრობილი“, „ფსიქიკური პრობლემების ზღვრულ მდგომარეობაში მყოფი“, „ჩლუნგი“ და ა.შ.

აღნიშნული ტენდენცია რამდენიმე მიზეზით არის პრობლემური. მედიის მიერ ისეთი ტერმინების გამოყენება როგორიცაა „ჩლუნგი“, „გიჟი“ ამყარებს სტიგმას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ, ვინაიდან აღნიშნულ სიტყვებს ნეგატიური კონოტაცია აქვთ შეძენილი. ამასთანავე, ფსიქიკური პრობლემების მეშვეობით, პოლიტიკური ოპონენტების თუ ნებისმიერი ადამიანის დისკრედიტაცია ცალსახად ამყარებს არსებულ სტერეოტიპს, რომ ფსიქიკური დაავადება შეიძლება იყოს ამხსნელი მიზეზი რაიმე ტიპის ნეგატიური შინაარსის მქონე გადაწყვეტილებისა, კომენტარისა თუ ქმედებისა.

ცდუნება იმისა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენთვის არასასურველი ქმედებები თუ გადაწყვეტილებები ფსიქიკური პრობლემებით ავხსნათ დიდია, თუმცა მედიას ასეთი კავშირების დამყარებისას ორმაგი სიფრთხილე მართებს. ყველაფერი რაც ძალადობრივი, არალოგიკური ანდა ჩვენი აზრით, საღ აზრთან შეუთავსებელია, ფსიქიკური პრობლემებით არ აიხსნება. განსაკუთრებით, თუკი საუბარი პოლიტიკურ, ბიზნეს თუ სხვა ტიპის ელიტებზეა საუბარი. მათი ქმედებების უკან უმეტესწილად სხვა ტიპის მოტივაციები დგას და არა ვინმეს ფსიქიკური ჯანმრთელობა.

ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გადაცემისა, რომელიც არხის ედიტორიალად არის მიჩნეული, არის წამყვანების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაუსაბუთებელი და უარგუმენტო კრიტიკა. გადაცემაში არაერთხელ დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, როდესაც წამყვანები ყოველგვარი წყაროს გარეშე, საკუთარი ინტერპრეტაციის საფუძველზე, მოსაზრებებს წარმოაჩენენ როგორც ფაქტებს, ანდა ფაქტების გასამყარებლად წყაროების მოყვანით არ იწუხებენ თავს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო ნიკა გვარამიას მიერ „საქართველოს რკინიგზის“ სპიკერის დაჩი ცაგურიასა და მისი მამის მისამართით გაკეთებული კომენტარი, რის შემდეგაც ცაგურიამ გვარამიას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა.

როგორც ეთიკის ქარტიის საბჭომ მიიჩნია, აღნიშნულ შემთხვევაში “ კვირის აქცენტების" წამყვანმა ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს”.

მსგავს შემთხვევაზეა საუბარი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიშშიც. „გვარამიას თქმით, სუსის ყოფილი უფროსი სოსო გოგაშვილი სამსახურიდან გაუშვეს სხვადასხვა გარემოების, მათ შორის, საარჩევნოდ ფულის მითვისების და იმის გამო, რომ მისი ბრძანება ისმის რაციაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის შესახებ“, - ამ ფაქტის გასამყარებლად ტელეწამყვანს არ გამოუყენებია არც ერთი წყარო და არ მიუთითებია თუ რას ეფუძნებოდა მისი გაჟღერებული ინფორმაცია”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

მონიტორინგის ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ წამყვანები, როგორც წესი, არ სწევენ სათანადო ძალისხმევას, რათა სტუმრების მიერ გაჟღრებული დაუსაბუთებელი ბრალდებები გადამოწმდეს.

და ბოლოს, ამავე ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ გადაცემა ცალსახად ტენდენციურია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ, რაც გადაცემის დეკლარირებული მიზნებიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის. მიუხედავად ამისა, გადაცემის საავტორო თუ სარედაქციო ხასიათი სულაც არ არის ერთგვარი ინდულგენცია პროფესიული სტანდარტებისა თუ ეთიკური ნორმების დარღვევის საპირწონედ. პირიქით, ასეთ დროს გაკეთებული განცხადებები (მათ შორის დედის გინებაც) არა მხოლოდ წამყვანის, არამედ გადაცემისა და მთლიანად არხის პოზიციად ითარგმნება.

ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ