მანიპულაციური სათაური „რუსთავი 2-ზე“
06.12.2018
„აღმაშენებლის გამზირზე ათობით მრავალწლოვანი ხე მოთხარეს“ - ამ სათაურით 5 დეკემბერს, „რუსთავი 2“-ის 19:00 საათიან გამოშვებაში კადრ-სინქრონი გავიდა. სათაური მანიპულაციურია, რადგან მაყურებელს აწვდის ინფორმაციას, რომ კონკრეტული ტერიტორიიდან ნარგავები უმიზეზოდ ამოთხარეს, მასალიდან კი ირკვევა, რომ ისინი უნდა ჩაანაცვლონ.

გარდა სათაურისა, მასალაში აქცენტიც ხეების მოთხრაზე, და არა მათ ჩანაცვლებაზეა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა რესპონდენტი ამბობს, რომ ხეები უნდა ჩაანაცვლონ.

მასალის წარდგენისას საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ამბობს, რომ ხეების მოთხრის მიზეზად მათი ჩანაცვლება სახელდება, მაგრამ იქვე ასეთ ტექტს ამატებს: “თუმცა ადგილზე მომუშავე პერსონალს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია რატომ გახდა აუცილებელი ძველი ხეების ახლით შეცვლა”.

ამის შემდეგ ისმის მუშებისა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის თანამშრომლის კომენტარი. ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც სამუშაოს ასრულებს, ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია მიზეზზე და ამის გასაგებად მის ხელმძღვანელს უნდა მიმართონ. იქვე იგი ამატებს, რომ “ალტერნატივა იქნება, ჩავრგავთ ახალს და უკეთესს”. ჩანაცვლებაზე საუბრობს მეორე რესპონდენტიც, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელი და ბოლოს მერის მოადგილე ხსნის როდის დარგეს ეს ხეები და რატომ გადაწყდა მათი ჩანაცვლება.

მასალის ამგვარი შინაარსის მიუხედავად კი სათაურში აქცენტი მაინც ხეების მოთხრაზეა.

თეგები : მანიპულაცია;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ