თვითმკვლელობის მცდელობის ამსახველი ვიდეო და მცდარი ინფორმაცია გადარჩენილის დაჯარიმების შესახებ
18.12.2018
თბილისში, ახალგაზრდა ქალი ფეისბუკის პირდაპირი ეთერის რეჟიმში მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადახტა და თვითმკვლელობა სცადა. მედიასაშუალებების ნაწილმა თემაზე მომზადებულ ამბავს დაურთო Facebook Live-ს ვიდეომასალა, რომელშიც სრულად ჩანს თვითმკვლელობის მცდელობა, ნაწილმა ვიდეო არ გაავრცელა, მაგრამ ქალის ვინაობა დაასახელა და მისი ფოტოსურათი გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, 500 ლარით დააჯარიმეს.

შემთხვევა 17 დეკემბერს მოხდა. გადახტომამდე, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, Facebook Live-ში ქალი საუბრობდა ფინანსურ პრობლემებსა და უსამსახურობაზე, რამაც მისი მტკიცებით, ასეთი საქციელის ჩადენა აიძულა. 

სუიციდის მცდელობის ამსახველი ვიდეო ნაწილობრივ ან სრულად შემდეგმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს:
  • Rustavi2.ge
  • Newposts.ge
  • Itv.ge
  • Imedinews.ge
  • Palitravideo.ge
  • Digest.pia.ge
  • Inforustavi.ge
  • Dianews.ge
  • Alia.ge
  • Resonancedaily.ge
  • Cyc.ge
  • Sputnik-georgia.com
  • Accentnews.ge
  • Tbiliselebi.com
  • Pirveliradio.ge
  • Plus.kvira.ge
  • Infonews.ge
Presa.ge-ს და Tv4.ge-ს ვიდეომასალა არ გაუვრცელებიათ, მაგრამ ქალის სახელი და გვარი დაასახელეს, რაც ასევე პრობლემაა - ქალი გადარჩა, მის შესახებ მასალა კი ინტერნეტში ყოველთვის მოიძებნადი იქნება.

შემთხვევის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, 500 ლარით დააჯარიმეს. რამდენიმე საიტმა ეს ინფორმაცია ჯერ გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა გამოცემამ გაავრცელა გადამოწმებული ინფორმაცია, რომ თვითმკვლელობის მცდელობა ქართული კანონმდებლობით დასჯადი ქმედება არ არის და შესაბამისად, ქალს ვერ დააჯარიმებდნენ, ტექსტები შეასწორეს.

მიუხედავად გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებისა, presa.ge-ზე კვლავ იძებნება მასალა, რომ ქალი, რომელიც მტკვარში გადახტა თვითმკვლელობის მიზნით,500 ლარით დააჯარიმეს.

როგორ უნდა გაშუქდეს სუიციდი, ან სუიციდის მცდელობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, დაუშვებელია, როდესაც მედია ზედმიწევნით აღწერს ადამიანების თვითმკვლელობას, აქვეყნებს ინფორმაციას სუიციდის მეთოდის შესახებ, აჩვენებს დადგმულ სცენას (რეკონსტრუქციას), ან ამართლებს სუიციდს, როგორც კრიზისსა და უბედურებაზე მისაღებ რეაქციას.

იგივეს ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტი. სახელმძღვაბელო წესებში აღნიშნულია, რომ „სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროება საჭირო არ არის. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლოა, უნებურად თავად ვასწავლოთ, თუ როგორ გააკეთონ ეს“.

გარდა ამისა, სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სუიციდი როგორც პრობლემის გადაჭრის გზა, არ უნდა იყოს ნაჩვენები. რედაქცია განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას და დასვას კითხვა - რატომ ვაშუქებთ ამ კონკრეტულ შემთხვევას? რადგან, კვლევებმა დაადასტურა, რომ ცალკეული შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის ახალი შემთხვევები. ეს რისკები განსაკუთრებით იწევს ამგვარი მოვლენის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას.

მედიისთვის გასათვალისწინებელ რეკომენდაციებში ასევე ვკითხულობთ:
  • თქვენი გაშუქება უნდა დაეხმაროს მომავალში სუიციდის შემთხვევების პრევენციას. დაამატეთ სტატიას ჩანართი “სუიციდის ნიშნების” ან მაგალითად, “სასარგებლო რჩევების” შესახებ. შეგიძლიათ ისტორიას ბოლოში ნდობის ტელეფონი და სხვა სასარგებლო ბმულები დაურთოთ.
  • სუიციდისა და სუიციდისაგან გადარჩენილი ადამიანების გაშუქებისას ყურადღება გაამახვილეთ სუიციდის პრევენციაზე, ინფორმირებასა და მხარდაჭერაზე.

თეგები : სუიციდი;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ