მსხვერპლი არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირება და დადანაშაულება “რუსთავი 2-ის” მასალაში
07.02.2019

5 თებერვალს, გორში, 14 წლის შვილზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 39 წლის კაცი დააკავეს. იმავე დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, 18:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა მასალა, რომელიც იყო ცალმხრივი, მასში დადანაშაულებული იყო მსხვერპლი და ხდებოდა მისი ირიბი იდენტიფიცირება.

მიუხედავად იმისა, რომ მასალის წარდგენისას წამყვანმა თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება სექსუალური ხასიათის დანაშაული, თავად მასალაში რესპონდენტები მომხდარში გოგონას ადანაშაუელებენ და ამბობენ, რომ მას მცდარი წერილი დააწერინეს. სიუჟეტში სამი რესპონდენტი საუბრობს და სამივე ამბობს, რომ გოგონას მამის დადანაშაულება შეყვარებულმა აიძულა, რადგან იგი მასთან ერთად გაიპარა, მამამ კი სახლში დააბრუნა.

ამ სამი რესპონდენტის გარდა, მასალაში სხვა მხარის მოსაზრება არ ისმის. შესავლის გარდა, არსად გვხვდება ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება, რომელშიც ნათქვამია: “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რასაც დაკავებული ო.მ.-ც აღიარებს”, ასევე, “სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა”.

გარდა იმისა, რომ მასალა ცალმხრივია და მასში ფაქტობრივად მომხდარში მსხვერპლია დადანაშაულებული, ნაჩვენებია ის კორპუსი, სადაც სავარაუდოდ დაზარალებული ცხოვრობს, ღიად აჩვენებენ მეზობლებს, მათი ვინაობის იდენტიფიცირებით და ერთ-ერთი რესპონდენტი საუბარში ახსენებს გოგონას სახელსაც. ეს დეტალები კი სრულიად საკმარისია მსხვერპლი არასრულწლოვნის იდენტიფიცირებისთვის.

ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერაამომზადებული, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნის იდენტიფიცირება, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი, დაუშვებელია, იმის მიუხედავად ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის. ამავე დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი მისი სრულად არაიდენტიფიცირებისთვის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით.

კიდევ ერთი ჩანაწერი, რასაც ასეთ დროს მედიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, ამბობს, რომ მედია უნდა მოერიდოს ბავშვის რეტრავმირებას და არ გაახსენოს ის ამბავი, რაც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს, თუ ეს რედაქციულად დასაბუთებული არ არის.


თეგები : ბავშვთა საკითხები;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ