საქართველო თაფლის სამშობლო, გაყიდული საგანძური, უსაწოლოდ დარჩენილი სიძე-პატარძალი - თებერვლის ყალბი ამბები
05.03.2019
გასული იანვრის მსგავსად, ყალბი ამბების, ე.წ. Fake News-ების გარეშე არც თებერვალს ჩაუვლია. განსხვავებით იანვრისგან, როდესაც ასეთი ამბები იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან იყო კავშირში, თებერვალში გავრცელებული Fake News-ების რამე თემასთან დაკავშირება შედარებით რთულია.

თებერვლის თვეში ონლაინ მედიასა და სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სამი ყალბი ამბავი სარგებლობდა: უძველესი თაფლის აღმოჩენა ბორჯომში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შესახვედრად საჭირო ფულის მოსაგროვებლად გაყიდული ეროვნული საგანძური და ქორწილის ღამეს უსაწოლოდ დარჩენილი სიძე-პატარძლის ამბავი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვითვე ტოვებდა ყალბი ამბის შთაბეჭდილებას, ონლაინგამოცემებში მაინც ვირუსულად გავრცელდა.

altსაქართველო არამხოლოდ ღვინის, თაფლის სამშობლოცაა - ამ პათოსით სტატიები სხვადასხვა საიტებზე 7 თებერვლიდან გაჩნდა. გამოცემები სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის გეგა ხვედელიძის სტატუსს ეყრდნობოდნენ. იგი წერდა, რომ “ბორჯომში, სოფელ საკირეში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად უძველესი თაფლი აღმოაჩინეს. რამდენიმე წლიანი ლაბორატორიული კვლევების შედეგად კი დადასტურდა, რომ აღმოჩენილი თაფლი 5 500 წლის წინანდელია”.

altმიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა, ხვედელიძის ფეისბუკ პოსტი დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ამ დროისთვის მას 16 192 გაზიარება აქვს.

ინფორმაციაგადამოწმების გარეშე გამოქვეყნდა საიტებზე: ქართული აზრი, ჯორჯიან თაიმსი, არტინფო, ინტერმედია, ასევე იძებნება საიტებზე: itar.ge, cnobisfurceli.ge, geonewss.com.

ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამის მოპარვასა და გაყიდვასთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციის ერთადერთი წყაროც ფეისბუკის მომხმარებელი იყო. დეზინფორმაცია ამჯერად მანჩო მენაბდემ გაავრცელა. 9 თებერვალს ფეისბუკის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში იგი წერდა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2011 წელს „მოპარული“ ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამის ნაწილი - 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა, საფრანგეთში სოსო თოფურიძის ცოლმა გაყიდა. მენაბდე მომხდარს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან აკავშირებდა. ამბობდა, რომ საგანძურის გაყიდვით მიღებული თანხა მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების ლიეჟში დაგეგმილ შეხვედრის ორგანიზებას მოხმარდებოდა და ფეისბუკის მომხმარებლებს ამ ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებდა.

alt„გუშინწინ შემთხვევით წავაწყდი ამ განცხადებას ფრანგულ საიტზე სადაც ყიდიან ხელოვნების ნიმუშებს და ანტიკვარიატს, ეს არის 2011 წელს საქართველოდან გამქრალი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამის ფრაგმენტი. ყელსაბამი თარიღდება ქრ.შობამდე მე-5 საუკუნით!!! ეს არის უნიკალური ქმნილება და ნიმუში ქართული კულტურისა. მაშინ როდესაც 2011 წელს პატიოსანმა ხალხმა ვისაც არ შეეშინდა განგაშის ზარების რეკვა დაიწყო და გამოიტანა ინფორმაცია რომ სამკაულს აკლდა 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა, ამ ფაქტს არავინ ყურადღება არ მიაქცია. იყო მუქარის ზარები მაშინდელი მესვეურებიდან რომელთა სახელების დასახელებას მოვერიდები სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე!“ - წერდა მენაბდე.

აღნიშნული პოსტი დღემდე იძებნება მის პირად გვერდზე და ამ დროისთვის მას 2 886 გაზიარება აქვს.

altმომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, გადამოწმების გარეშე, გამოაქვეყნეს გამოცემებმა: მარშალპრესმა, ქართულმა აზრმა, ფაქტნიუსმა,  ასევე,  გავრცელდა საიტებზე:  otime.ge, infopostalioni.com, progressnews.ge.

ვანში აღმოჩენილ, ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებულ სამკაულთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ყალბი ინფორმაცია „ოქროს კუების“ დაკარგვის შესახებ ბოლო რვა წლის განმავლობაში პერიოდულად ქვეყნდება. ინტერნეტ სივრცეში დღემდე იძებნება 2011 წელს ghn.ge-ზე გამოქვეყნებული მასალა, რომლის წყაროც გაზეთ „ალიაში“ დაწერილი სტატიაა.

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია, თითქოს, სამკაულს 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა აკლiა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მსგავსი ცრუ ინფორმაცია გასულ წლებშიც ვრცელდებოდა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2013 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წლებში ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია", რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. კომისიის მუშაობის შედეგად მიღებულ დასკვნაში ვკითხულობთ: „კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს".

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ვანის ყელსაბამი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის მუდმივმოქმედ გამოფენაზეა წარმოდგენილი. „ქურდობა მამათში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა“ - ამ სათაურით, მესამე და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დეზინფორმაცია, 15 თებერვალს „გურიის მოამბემ“ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში ახალდაქორწინებული წყვილი ქორწილის დღეს გაქურდეს.

alt„ქორწილის დღეს მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ რესტორნიდან უკან დაბრუნებულ სიძე-პატარძალს არც საწოლი დახვდათ და არც ქვეშაგები“, - წერდა „გურიის მოამბე“. გამოცემა ირწმუნებოდა, რომ ქურდობასთან დაკავშირებით საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობდა.

აღნიშნული ამბავი, „გურიის მოამბის“ სტატიაზე დაყრდნობით, გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნეს ვებგვერდებმა:  resonancedaily.comalia.ge imedinews.gedianews.ge, droni.ge, newposts.ge, info9.ge, geonewss.com, plus.kvira.ge, 2020news.ge, sputnik-georgia.com, paqtebi.ge, newsmakers.ge, citytv.ge, geoinformer.tk, itar.ge, topnews.ge, mediamall.ge, exclusivenews.ge, zodiaqo.clubcyc.ge, , lasose.com, digest.pia.ge.

გამოცემები ცრუ ინფორმაციას ახალ ამბად, კომიკური სათაურებით აქვეყნებდნენ. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ოჯახის გაქურდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ