ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირება “კურიერში”
09.03.2019
8 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ერთ-ერთი სიუჟეტი პოლიციის მხრიდან 15 წლის მოზარდზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობას ეხებოდა, რომლის შედეგადაც არასრუწლოვანი ფიზიკურად დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში თავად მოზარდი დაფარულია, მისი ამოცნობა ნაცნობებს არ გაუჭირდებათ, ვინაიდან იდენტიფიცირებულია დედა და ჩანს მისი საცხოვრებელი სახლი.

მასალიდან ცნობილი ხდება, რომ ბოლნისის პოლიციაში ქურდობაში ბრალდებულ მოზარდს 8 საათის განმავლობაში სავარაუდოდ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და მასზე მორალურად ძალადობდნენ, ბოლოს კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც არასრულწლოვანს ხელი მოსტყდა და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

სიუჟეტში სავარაუდო მსხვერპლი არასრულწლოვნის დედა კამერის წინ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ღიად საუბრობს. ამასთან, სიუჟეტში კარგად ჩანს სავარაუდო მსხვერპლის სახლი და ეზო. კადრში ასევე ხვდება ქუჩის სახელწოდება და ნომერი, სადაც სახლი მდებარეობს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “ბავშვთა საკითხების გაშუქების” სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა “ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის”.

“უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზებას. თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

თეგები : ბავშვთა საკითხები;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ