დაინტერესებული პირი წარმატებული ბიზნესმენის სტატუსით საპენსიო რეფორმის გასამართლებლად „იმედის“ გადაცემაში
16.03.2019
12 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პირისპირ“ საპენსიო რეფორმას ეხებოდა. მიწვეულ სტუმრებს შორის წარმატებული ბიზნესმენის სტატუსით კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი დავით(დევი) გულაშვილი იყო, რომელიც საპენსიო რეფორმის სიკეთეებზე საუბრობდა. გულაშვილი მუშაობს კომპანიებში, რომლებიც საპენსიო სააგენტოს დირექტორის სახელთანაა დაკავშირებული, თუმცა, სტუმრის წარდგენისას გადაცემის წამყვანს აუდიტორიისთვის ამ კავშირების შესახებ არაფერი უთქვამს.

უფრო კონკრეტულად, კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი“, რომლის აღმასრულებელი დირექტორი დავით გულაშვილია, საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანიაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ ერთ-ერთი მფლობელი რევაზ სურგულაძე იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგაც მისი კუთვნილი წილი მის შვილებს - ლევან სურგულაძესა და გიორგი სურგულაძეს გადაეცათ. თუმცა, ამ ცვლილების რეგისტრაცია რეესტრში შეჩერებულია.

გარდა ამ კომპანიისა, საპენსიო სააგენტოს დირექტორთან იკვეთება მეორე კომპანიაც - „კავკასიის ბიზნეს ჯგუფი“, რომლის წევრიცაა "კავკასიის ავტოიმპორტი". დავით გულაშვილი ამ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეა, ლევან სურგულაძე კი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. საპენსიო ფონდის პრესსსამსახურის ცნობით, სულგულაძემ სამეთვალყურეო საბჭო სექტემბერში დატოვა, თუმცა, ეს ცვლილება არ ასახულა არც საჯარო რეესტრში და მის მიერ 2018 წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციაშიც მითითებულია, რომ ჯერ კიდევ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

დავით გულაშვილი რომ ნამდვილად მუშაობს ორივე კომპანიაში, „მედიაჩეკერმა” მასთანაც გადაამოწმა. იგი ადასტურებს, რომ კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი”, რომელშიც აღმასრულებელი დირექტორია, ნამდვილად რევაზ სურგულაძის კომპანიაა. თუმცა, ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ვის მფლობელობაში გადავიდა „კავკასიის ავტოიმპორტი” რევაზ სურგულაძის გარდაცვალების შემდეგ.

გადაცემა „პირისპირ” არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაგროვებითი პენსიის შესახებ სასაუბროდ დავით გულაშვილი „იმედის“ ეთერში მიიწვიეს. ამავე არხსა და ამავე თემაზე, იგი 10 მარტს, “იმედის კვირაშიც” საუბრობდა. დავით გულაშვილი დაგროვებითი პენსიის დადებით მხარეებზე ამახვილებდა ყურადღებას. ამბობდა, რომ ეს ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი არ არის და მაგალითად მოჰყავდა საკუთარი კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი“, რომელიც დასაქმებულებს თავად უხდის საპენსიო გადასახადს.

საპენსიო რეფორმა საქართველოში 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სქემაში ავტომატურად ერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი აქვთ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირები კი ვალდებულნი არიან. სქემის მიხედვით, დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6% გროვდება, - დამსაქმებელიც, დასაქმებულიც და სახელმწიფოც, ფონდში ხელფასის 2-2%-ს რიცხავენ.

რეფორმა მასზე საუბრის დაწყებიდან დღემდე საზოგადოების კრიტიკის საგანია. დაგროვებითი პენსია საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ