რელიგიური თემით მანიპულირება აპრილის თვეში
07.05.2019
სოციალურ და ონლაინ მედიაში აპრილის თვეში, გასული თვეებისგან განსხვავებით, რელიგურ თემატიკასთან დაკავშირებული ამბებით მანიპულირება ჭარბობდა. სხვადასხვა გამოცემებისთვის არაზუსტი და ყალბი ამბების გავრცელების ინსპირაცია ძირითადად, მიმდინარე მოვლენები იყო. 15 აპრილს, საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი, აღდგომის კვირაში ნაპოვნი უძველესი ბიბლია და დავით-გარეჯთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტი - ამ მოვლენებთან დაკავშირებით გამოცემები დაუდასტურებელ, ყალბ ინფორმაციებს ნამდვილ ამბად ავრცელებდნენ და მყვირალა სათაურებით ცდილობდნენ მკითხველზე მანიპულირებას.

altრელიგური თემით მანიპულირება 15 აპრილს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრით დაიწყო. ნოტრ-დამის ხანძარი, რამდენიმე დღის განმავლობაში, მსოფლიო მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და, შესაბამისად, სოციალური მედიაც ხანძრის ამსახველი კადრებით იყო მოცული. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდებოდა ფოტო/ვიდეო მანიპულაციები. მათ შორის ყველაზე სახიფათო ქსენოფობიური შინაარსის მასალები იყო. სხვადასხვა საიტებზე ვრცელდებოდა ფოტოები, რომლებზეც ალმოდებული ტაძრის ფონზე გადაღებული ორი უცნობი, მოღიმარი კაცი ჩანდა. გამოცემები წერდნენ, რომ უცნობები ნოტრ-დამის დაწვით გახარებული მუსლიმები იყვნენ.  

იმავე მიზნით, სხვადასხვა საიტებმა გაავრცელეს ფოტოასლებიც, რომლებზეც ჩანდა ხანძრის ვიდეოზე უცნობი პირების მიერ გამოხატული სიცილის ემოციები. გამოცემები წერდნენ, თითქოს მუსლიმები ალმოდებული ტაძრის ვიდეოებზე სიცილის ემოციის დართვით თავიანთ ემოციებს გამოხატავდნენ. სინამდვილეში კი, შეუძლებელი იყო ცალსახად იმის მტკიცება, რომ სიცილის ემოციების გამომხატველი ადამიანები მუსლიმები იყვნენ და ნოტრ-დამის დაწვას ზეიმობდნენ.

alt28 აპრილს მართმადიდებელმა ქრისტიანებმა აღდგომის დღესასწაული იზეიმეს. 22 აპრილიდან, ეგრეთ წოდებული „ვნების კვირის“ დასაწყისიდან, სხვადასხვა საიტებზე ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ინფორმაცია უძველესი ბიბლიის პოვნის შესახებ. გამოცემეები იუწყებოდნენ, რომ 1500 წლის ბიბლიის თანახმად, იესო ღვთის ძე არ ყოფილა, ეჭვქვეშ აყენებდნენ ქრისტეს ჯვარცმასაც და წერდნენ, რომ სენსაციურმა აღმოჩენამ შესაძლოა ქრისტიანების შეხედულება რწმენაზე შეცვალოს.

აღსანიშნავია, რომ არცერთ მასალას არ აქვს მითითებული ინფორმაციის წყარო. ასევე, ამბის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს ისიც, რომ 1500 წლის ბიბლიის პოვნის შესახებ ინფორმაცია 2013 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს ახალ ამბად ვრცელდება სხვადასხვა ქართულ თუ უცხოურ საიტებზე. მაგალითად, იდენტური ინფორმაცია სხვადასხვა ინტერპრეტაციით intermedia.ge-ს ახალ ამბად გამოქვეყნებული აქვს ორჯერ - 2016 და 2019 წელს. გამოცემები რიგ შემთხვევაში მხოლოდ ბიბლიის აღმოჩენის შესახებ, რიგ შემთხვევაში კი მის შინაარსზეც წერენ.

25 აპრილს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს და სასულიერო პირებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება აღარ ჰქონდათ. იმავე დღეს სოციალურ ქსელში გამოჩნდა მანიპულაციური მასალები. „როგორ გაიყიდა დავით-გარეჯი“, „დავით გარეჯი წაგვართვეს!!!“, „ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას“, "დავით გარეჯი გაყიდეს!" მსგავსი სენსაციური სათაურებით სხვადასხვა საიტები და ფეისბუკ გვერდები სოციალურ ქსელში ძველ სტატიებს აზიარებდნენ.

altმაგალითად, 25 აპრილს, სწორედ მაშინ, როცა მონასტერთან მისასვლელი გზის ჩაკეტვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, websport.ge-მ ახალ ამბად გამოაქვეყნა 2019 წლის 27 თებერვლის მასალა. სტატიის სათაური მკითხველს აუწყებდა, თითქოს საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას დათანხმდა. სინამდვილეში, მასალა ეფუძნებოდა „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, თენგიზ ომანიძის მოსაზრებას.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის დროს ბაქოში, განაცხადა თანხმობა საზღვრის დელიმიტაციაზე. ეს ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას“,- ამბობდა ომანიძე.

გამოცემებმა კი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა სათაურად დააწერეს მასალას. იმავე გზით მანიპულირებდა მკითხველზე გამოცემა „ალია“, როდესაც პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურიას ფეისბუკ სტატუსი სენსაციური სათაურით ("დავით გარეჯი გაყიდეს!") გამოაქვეყნა.

 altსაიტმა timer.ge-მ კი 2017 წლის სტატია 2019 წლის 3 მაისს გააზიარა ფეისბუკზე. Geotimes.ge-იმ იდენტური სტატია 4 მაისს ახალ ამბად გამოაქვეყნა საიტზე. ორი წლის წინანდელი მასალის გამოქვეყნება მსგავსი სენსაციური სათაურით, რომელიც დავით-გარეჯის გაყიდვის შესახებ აუწყებს მკითხველს, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კრიტიკულ სიტუაციაში საიტები განზრახ მანიპულირებდნენ საზოგადოებაზე.

თეგები : ყალბი ინფორმაცია; მანიპულაცია;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ