პარლამენტარ რომან გოცირიძის სახელით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია
13.06.2019

10 ივნისს გაზეთ „ალიას“ გვერდზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის სახელით გავრცელდა ყალბი ინფორმაცია. „ალია“ წერდა, თითქოს რომან გოცირიძე "რუსთავი 2-ის" ეთერში ზაზა სარალიძის ემოციურ გამოსვლას „სტანდარტული შოუ პროგრამად“ აფასებდა და ამბობდა:

"ის რაც გუშინ ზაზა სარალიძის მხრიდან რუსთავი ორის ეთერში ვიხილეთ, იყო სტანდარტული შოუ პროგრამა ! არ შეიძლება ანგელოზივით შვილი მიწაში ჩააწვინო და შენ თეატრალურის სტუდენტებზე ნიჭიერად თამაშობდე! ნაციონალური მოძრაობა მთელი ეს პერიოდი მას მხარში ედგა, თუმცა მისმა შეცდომებმა ნახეთ რაც მოიტანა! არ მიკვირს განგებამ რატომ არგუნა ამ კაცს ასეთი განსაცდელი".

„ალიამ“ ინფორმაციის წყაროდ მიუთითა 2019 წლის 21 მაისს ფეისბუკში შექმნილი გვერდი „სირცხვილის კორიდორი“, რომელიც ფოტო/ვიდეო მანიპულაციებით, დამონტაჟებული მასალებით და დეზინფორმაციის გავრცელებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციას ცდილობს.

„ალიას“ მასალას რომან გოცირიძე მალევე ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა. მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციას „ბინძური ჭორი“ უწოდა და გაზეთს ბოდიშის მოხდისკენ და მასალის დაუყოვნებლივ წაშლისკენ მოუწოდა. გოცირიძემ ოფიციალური განცხადება 11 ივნისს პარლამენტშიც გააკეთა. მისი თქმით, დაფინანსებული ე.წ. ტროლები და გაზეთი „ალია“ მიზანმიმართულად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციებს:

„მე ამას არ აღვიქვამ, როგორც ჩემზე პირადად თავდასხმას. აქ საგანგაშო ის ფაქტია, რომ ისინი ამით ეწევიან ბატონი ზაზა სარალიძის ფსიქოლოგიურ ტერორს. უნდათ, ადამიანი გამოიყვანონ წყობიდან და უნდათ, რომ მან აიღოს ხელი თავის სამართლიან ბრძოლაზე.“

მიუხედავად იმისა, რომ „ალია“ რომან გოცირიძეს დაუკავშირდა(რასაც მასალის განახლებული ვერსიიდან ვიგებთ) და მან მისი სახელით გავრცელებული ინფორმაცია უარყო, გაზეთი წერს, რომ „ალიას საბოდიშო არაფერი აქვს“ და ამტკიცებს, რომ ინფორმაციის დამადასტურებელი „სქრინები“ აქვს. თუმცა იმის მტკიცებულება, რომ რომან გოცირიძემ მსგავსი სიტყვები თქვა, მასალაში არ ჩანს.

„ალიას“ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია სხვა რამდენიმე გვერდსაც ჰქონდა გამოქვეყნებული, თუმცა მათ მალევე წაშალეს. მასალა ამ დროისთვის მხოლოდ alia.ge-ზე და geotimes.ge-ზე იძებნება. geotimes.ge მასალის ბოლოს წერს, რომ „სად და როდის გააკეთა პარლამენტარმა ეს განცხადება, უცნობია. ამას ვერც ერთი წყარო ვერ აზუსტებს.“

 

alt

თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ