მუქარისა და სიძულვილის ენის შემცველი, ჰომოფობიური შინაარსის მასალები ფემინისტი მხატვრის წინააღმდეგ
14.06.2019

24 მაისს მხატვარმა ლია უკლებამ ფეისბუკის პირად გვერდზე თავისი ახალი ნამუშევრის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ასახულია ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც თავზე შარავანდედი აქვს და ხელში ბავშვი უჭირავს.

altლია უკლებას ნახატს სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის შემცველი დისკუსია მოყვა. 10 ივნისს კი მის ნამუშევარს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი გიორგი გიგაური გამოეხმაურა. გიგაურმა მხატვრის წინააღმდეგ ფეისბუკის გვერდზე მუქარის და სიძულვილის ენის შემცველი, ჰომოფობიური ტექსტი გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა საიტებზე და სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

გიგაური წერდა, რომ ლია უკლებას ნახატზე „ტრანსგენდერი იესოა“ გამოსახული და ნამუშევარს „სატანისტობად“ აფასებდა. მისივე თქმით, ამით ავტორი ქართველთა რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა და წერდა, „სანამ ამ სატანისტებს ,,შარლი ებდოს'' მოუწყობდეს ვინმე, სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომლითაც რელიგიური სიწმინდეებისა და გრძნობების შეურაცხყოფისათვის, პატიმრობა მიესჯებათ!“

გამოცემებმა topnews.com.ge, alia.ge, resonancedaily.com, progressnews.ge გიგაურის მუქარანარევი ტექსტი უცვლელად გამოაქვეყნეს და, მიუხედავად იმისა, მხატვარს ნამუშევრის სახელი არ დაუსახელებია, წერდნენ, თითქოს „იესო პომადით და ჩვილი ბავშვით ხელში“ ნახატის სახელწოდება იყო.

თავად ავტორი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მისი ნამუშევარი რეფლექსიაა ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემებზე, ნახატზე ქრისტეს წარმოდგენაზე კი ამბობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი ინტერპრეტაციაა.

„სკანდალზე ორიენტირებული ონლაინ-მედიების ნაწილმა, ისე, რომ ამბავი ჩემთან არ გადაუმოწმებიათ, ეს სათაური ფაქტად გაასაღეს, ნებით თუ უნებლიეთ, ტყუილის ტირაჟირებას შეუწყვეს ხელი. ასე იქცა გუნდა ზვავად. ადამიანებმა ეს ინტერპრეტაცია ჭეშმარიტებად ისე მიიღეს, რომ საკუთარი თავისთვის არ უკითხავთ – იქნებ ტილოზე ქრისტე არ არის. იქნებ შარავანდედი დედასაც შეიძლება ჰქონდეს, დედას, რომელიც ყველაფერს აკეთებს შვილის კეთილდღეობისთვის,“ - აცხადებს ლია უკლება და ამბობს, რომ მისი მიზანი ადამიანების და მათი რწმენის შეურაცხყოფა არ ყოფილა.

გამოცემებმა, რომლებმაც ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი ტექსტების გაავრცელეს, ლია უკლებას წინააღმდეგ მიმართული აგრესია უფრო გააღვივეს. მსგავსი შეტევა მხატვარზე 2015 წელსაც იყო,  მაშინ, როდესაც მისი ნამუშევარი „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“ ილიას უნივერსიტეტში გამოიფინა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად,

  • ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.


    ⇒  ⇒ ფოტოგალერეა

თეგები : სიძულვილის ენა; მანიპულაცია;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ