ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენი “იმედის კვირაში”
30.07.2019
ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის მონაწილე, ორგანიზატორი და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი არეულობის ბოლო იმედი - ასე წარმოჩინდა პოლიტიკოსი 28 ივლისს “იმედის კვირის” ერთ-ერთ სიუჟეტში.

“ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ბოლო იმედი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 20-21 ივნისის ღამეს თანამოაზრეებთან ერთად, პარლამენტში შეჭრას ცდილობდა. ამას ადასტურებს კადრები, რომლებიც ამ ღამესაა გადაღებული”, - ამბობს გადაცემის წამყვანი თემის წარდგენისას და არ მსჯელობს რამდენად არის საკმარისი ამის მტკიცებისთვის საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული კადრები.

ამის შემდეგ, იმის დასტურად, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ნამდვილად რაღაცას გეგმავდა, ჟურნალისტი ინგა გრიგოლიას ეთერში მისი სტუმრობიდან ამონარიდს იშველიებს და განმარტავს, რომ ოქრუაშვილი “პირდაპირ აანონსებდა რევოლუციას”. საილუსტრაციოდ სიუჟეტში ის მონაკვეთია ნაჩვენები, სადაც ოქრუაშვილი განმარტავს, რომ თუკი კარი ნებაყოფლობით არ გაიღება, მის სხვაგვარად გაღებას შეეცდებიან და წამყვანის მიერ 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცასთან პარალელის გავლების შემდეგ, ამბობს, რომ “შესანიშნავი სცენარი იყო”.

არადა, რევოლუციასთან და გადატრიალებასთან 2003 წელთან პარალელი არცთუ რელევანტური ანალოგია, რადგანაც იმ კონკრეტულ მოცემულობაში, პარლამენტში შესვლის მოტივი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ უკიდურესად კრიტიკულად შეფასებული არჩევნებისთვის ლეგიტიმურად გამოცხადების ხელისშეშლა იყო და არა მთავრობის დამხობა. ჟურნალისტი ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელის გუბაზ სანიკიძის შეფასებასაც იხსენებს, სადაც იგი მისი სიმტკიცის ხაზგასასმელად, ოქრუაშვილს “მაღალი ხარისხის ლითონთან” აიგივებს და ამბობს:

“უმაღლესი ხარისხის ლითონისგან არის დამზადებულიო, ეს ალბათ, მისი გვარის გამო არ უთქვამს. ოქრო რომ გაუტეხელი არ არის, ეს გუბაზ სანიკიძეს ეცოდინებოდა. წესით, ისიც უნდა იცოდეს, რომ გატეხვა და პრინციპებზე უარის თქმა ოქრუაშვილისთვის, ზოგჯერ, როგორც თვითონ ამბობს, სტრატეგიის ნაწილია. ასე გადააბიჯა ძველ წყენას, დამცირებას და როგორც მაშინ ამბობდნენ ზეწოლასაც და მიხეილ სააკაშვილს შეურიგდა, სულ ბოლოს დაუმეგობრდა კიდეც”.

აღნიშნულის შემდეგ, ჟურნალისტი ირაკლი ოქრუაშვილზე, როგორ საქართველოს ექსპრეზიდენტის ბოლო იმედზე საუბრობს და ტელეკომპანია მაესტროში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს განვითარებულ მოვლენებთან ავლებს პარალელს, როდესაც მისივე მტკიცებით, ოქრუაშვილმა “მთავარი ოპოზიციური არხის განეიტრალება სცადა”. ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “სააკაშვილისდროინდელი მთავრობა მომხდარის კერძო დავად წარმოჩენას ცდილობდა და ოქრუაშვილს ფაქტობრივად მხარს უჭერდა, რომ რეალური მფლობელებისთვის ტელეკომპანია წაერთმია”.

სიუჟეტიდან იმასაც ვიგებთ, რომ ტელეკომპანია “მაესტრო” ოქრუაშვილის ერთადერთი სამიზნე არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაშმა “მრავალწლიანი დავის შემდეგ, “რუსთავი 2 დაიბრუნა”, იგი ისევ გამოჩნდა და “ახლა ამ ტელეკომპანიის მითვისებას ცდილობს დოკუმენტით, რომელზეც მისი თქმით ხელი ქიბარ ხალვაშს აქვს მოწერილი და რომლის ნამდვილობასაც ხალვაში არ ადასტურებს”.

სიუჟტში მსჯელობა ისე ვითარდება, რომ ხალვაშის ხელმოწერასთან მიმართებით, არცერთი კითხვის ნიშანი არ არის დასმული და არც ის დაშვებაა განხილული, რომ ის შესაძლოა, ნამდვილი იყოს. ასევე, არ ამბობს, რომ აღნიშნულზე სამხარუალის ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის, რის გარეშეც მხოლოდ ხელმწოერის ავტორის განმარტება, რომ ის ავთენტური არ არის, დამაჯერებლობას მოკლებულია.

სიუჟეტის დასასრულს ჟურნალისტი კვლავ 20-21 ივნისის მოვლენებს უბრუნდება და ამბობს, რომ ოქრუაშვილს ახლა ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მოუწია მუშაობა - “თან სააკაშვილის გეგმაა შესასრულებელი, თან მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული იმის გამო, რაც 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტთან მოხდა”.

“იმ დროს, როდესაც კითხვები ოქრუაშვილთანაც გაჩნდა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა წარსულზე სკანდალური განცხადებების გაკეთება გადაწყვიტა და იმაზე ლაპარაკი დაიწყო, რაც პოლიტიკაში შემოსვლის დროსაც არ გახსენებია”, - გვიყვება ჟურნალისტი, რასაც ოქრუაშვილის ის ვიდეო მოსდევს, სადაც იგი მოქმედი მაღალჩინოსნების მხრიდან მისთვის გაგზავნილ შეტყობინებებზე საუბრობს.

აღნიშნულზე დაყრდნობით ჟურნალისტი ასკვნის:

“ამ დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა თავისებურად აღიარა, რომ “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობების დალაგებას და დაახლოებას ცდილობდა, რომ ხელისუფლებასთან ვაჭრობდა და ჩვენებების ნაცვლად, თანამშრომლობას ითხოვდა... იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის დაედო ბრალი, პირდაპირ არა, თუმცა ფაქტობრივად ისიც თქვა, რომ პროკურატურას ცრუ ჩვენება მისცა. ოქრუაშვილს, რომელიც ახლა სულ სხვა საქმეზეა დაკავებული, კიდევ ერთი აღიარება დარჩა - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის საქმეზე”.

სიუჟეტის ავტორს არც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების წინაპირობაზე უმსჯელია და არც ის უთქვამს, თუ რას მოჰყვა საზოგადოების პროტესტი. მას არც სამართალდამცველების პასუსმგებლობის საკითხი დაუყენებია და არც ის შედეგები გაუხსნებია, რაც ამ ღამეს მოჰყვა.

სასამართლოს განაჩენის, კონკრეტული მტკიცებულებებისა და დასაბუთების გარეშე, არხის მხრიდან კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ დაწყებული საქმის ცალმხრივად, იმ ფორმით განხილვა, სადაც ის უკვე შემდგარ ქმედებაში დამნაშავედ არის წარმოჩენილი, ეთიკური მედიის სტანდარტებს სცდება და არხის მხრიდან აღნიშნული პირისა და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ წინასწარ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და დისკრედიტაციის შთაბეჭდილებას ქმნის.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ