რას აშუქებდნენ მაუწყებლები, როდესაც 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა და თბილისი პროტესტმა მოიცვა
18.12.2019
17 დეკემბერს, დაახლოებით 20:20 საათზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც სავარაუდოდ, პოლიციის  მხრიდან ზეწოლის გამო 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. გამოძიება მას ერთ-ერთი კერძო სკოლის კედელზე წარწერის გაკეთებას ედავებოდა.  

მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სწორედ მაშინ გავრცელდა, როდესაც მაუწყებლების დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები ან უკვე პირდაპირ ეთერში იყო ან საეთეროდ ემზადებოდნენ. “მედიაჩეკერი” მათ მიერ ამბის გაშუქების ტენდენციას დააკვირდა.

მომხდარი ტრაგედიის გაშუქებით დაიწყო მთავარი საინფორმაციო გამოშვება “მთავარმა არხმა”.  საღამოს ეთერში აქტიურად გაშუქდა საგამოძიებო და სახელისუფლებო ორგანოებთან დაგეგმილი სპონტანური სოლიდარობის აქციებიც. ამასთან, მოზარდის გარდაცვალება ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ტოქშოუ "ღამის მთავარშიც".

იმავე რეჟიმში მუშაობდნენ ტელეკომპანიები - “ფორმულა” და “TV პირველი”.  "ფორმულამ" მოზარდის გარდაცვალების შესახებ ამბავი ჯერ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დაფარა, შემდეგ კი, თემაზე დისკუსია ტოქშოუ “პოლიტიკის ფორმულაში" განაგრძო. ამავე გადაცემაში შემოგვთავაზეს ჩართვები სოლიდარობის აქციებიდან.

იმ დროს, როდესაც ტრაგედიის შესახებ გახდა ცნობილი, “TV პირველის” ეთერში გადაცემა “რეაქცია” გადიოდა. არხის მაყურებელმა მომხდარის შესახებ პირველად სწორედ აქედან გაიგო. ამავე გადაცემაში დაიფარა სოლიდარობის აქციებიც. ამასთან, დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების დიდი ნაწილი სწორედ მოზარდის გარდაცვალების შესახებ ამბავს დაეთმო. ამავე თემაზე გაგრძელდა დისკუსია ტოქშოუ “ღამის ამბებშიც”.

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, “პირველმა არხმა” მომხდარის შესახებ მაყურებელს მთავარი საინფორმაციო გამოშვების დაახლოებით 38-ე წუთზე, მეექვსე ამბად, მოკლე ინფორმაციის სახით ამცნო.  გადაცემის მიწურულს კი მაყურებელს მომხდარზე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში გამართული ბრიფინგი შესთავაზა, სადაც ინსპექტორმა საზოგადოებას საქმის გამომძიებლის დაკავების შესახებ ამცნო.

ამის შემდეგ ეთერში სერიალი “იდეალური დედა” გავიდა. მისი დასრულების შემდეგ საეთერო დრო ტოქშოუ “თავისუფალ ხედვას” დაეთმო, რომელიც სწორედ ამ ამბის შესახებ ჟურნალისტის ჩართვით გაიხსნა. ამის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სისტემურ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საქმე მხოლოდ ერთი გამომძიებლის დაკავებით არ უნდა დასრულდეს. 

მოზარდის გარდაცვალებით დაიწყო დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ტელეკომპანია „რუსთავი 2-მაც“, გადაცემის დასასრულს კი, ამავე თემაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის ბრიფინგი შემოგვთავაზა. ამის შემდეგ, ეთერში იუმორისტული შოუ „გააცინე და მოიგე“ გავიდა. შემდეგ ეთერი ტელესერიალითა და მხატვრული ფილმით გაგრძელდა.

ამბის შესახებ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ასევე მოკლე ინფორამციის სახით მიიღო ინფორმაცია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “აჭარის ტელევიზიის” მაყურებელმა. ამის შემდეგ ეთერი ჯერ სერიალს, შემდეგ კი - დოკუმენტურ ფილმს დაეთმო.

მოზარდის გარდაცვალებისა და მომხდარის სავარაუდო მიზეზების შესახებ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ორი ჩართვის სახით უამბო მაყურებელს ტელეკომპანია “იმედმა”. გადაცემის დასრულების შემდეგ, ეთერში თურქული სერიალი “ერთხელ ჩუკუროვაში” გავიდა. სერიალს ყოველკვირეული ტოქშოუ “არენა” მოჰყვა, რომლის მთავარი თემაც 14 დეკემბერს "ქართული ოცნების" მიერ გამართული აქცია/კონცერტი და ოპოზიციის მიერ მისი დისკრედიტაციის მცდელობა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა პირდაპირი ეთერის ფორმატში გადის, დასაწყისში წამყვანებს არც მოზარდის გარდაცვალების შესახებ უთქვამთ და  არც საპროტესტო აქციების. აღნიშნულის შესახებ კითხვა არც დედაქალაქის მერისა და "ქართული ოცნების" გენერალური მდივნისთვის კახა კალაძისთვის დაუსვამთ, რომელიც გადაცემაში "ოცნების" აქციის შესახებ სასაუბროდ იყო მიწვეული.

altმოზარდის გარდაცვალებას, წამყვანების ძალისხმევის გარეშე, თავად კახა კალაძე გამოეხმაურა, მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ვაკა გორგილაძემ მომხდარზე ყურადღება მხოლოდ ამის შემდეგ გაამახვილა და უბრალოდ თქვა, რომ სამძიმარს ისინიც უერთდებიან. მისი მხრიდან საკითხზე დისკუსიის გაგრძელების მცდელობა არ ყოფილა.

აღსანიშნავია გადაცემის ინტერაქტივიც, რომლის კითხვაც ასე იყო ფორმულირებული - “14 დეკემბრის ღონისძიება იყო თუ არა მოსახლეობის მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მიმართ?” ინტერაქტივის შედეგების მიხედვით, კითხვაზე დადებითი პასუხი 90%-ზე მეტმა გასცა.

“არენის” შემდეგ გვიანი ეთერი უკვე ტოქშოუ “SWOT ანალიზს” დაეთმო, რომლის სტუმარიც ზემოთ ხსენებული გადაცემის წამყვანი, სოციოლოგი ვაკა გორგილაძე, დისკუსიის საგანი კი - ქართული სოციოლოგიის SWOT ანალიზი იყო.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ