მედიამ არ დაფარა ციხის თანამშრომლები, რომელთაც პატიმრები თავს ესხმიან
21.01.2020
იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ ესხმიან თავს პატიმრები ციხის თანამშრომლებს, მედიის ნაწილმა უცვლელად გამოაქვეყნა. უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში დაფარული მხოლოდ პატიმრების სახეა, ციხის თანამშრომლები კი ღიად ჩანან.

ვიდეომასალაში ხუთი შემთხვევაა ნაჩვენები, როდესაც პატიმარი თავს ესხმის ციხის თანამშრომელს. ხუთიდან ორ შემთხვევაში პატიმრის აგრესიის სამიზნე პენიტენციური დაწესებულების ექიმია, სამ შემთხვევაში კი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. მასალებში ჩანს, როგორ ეჩხუბებიან და ურტყამენ პატიმრები ციხის თანამშრომლებს (მაგ. მუშტს სახეში ბადრაგს, ესვრის სკამს ექიმს და ა.შ.). ყველა ის პირი, რომელსაც პატიმარი ღიად უსწორდება, ადვილად იდენტიფიცირებადია.

იუსტიციის სამინისტროს ეს ვიდეო დღეს, 21 იანვარს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ციხეებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკული ანგარიშის წარდგენას მოჰყვა. იუსტიციის მინისტრმა, ამ ვიდეომასალის საფუძველზე, სახალხო დამცველს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელი იყო, მაგალითად, პატიმრებისა და ექიმების მარტო დატოვება, ასეთი შემთხვევების ფონზე.

ვიდეომასალა, მასში მონაწილე პირების დაფარვის გარეშე, სრულად, მინისტრის ახსნა-განმარტებებიანად, უცვლელად გამოაქვეყნა რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, იმედმა, TV პირველმა. ასევე გამოქვეყნდა imedinews.ge-ზე, itv.ge-ზე, მარშალპრესზე, რეზონანსზე, allmedia-ზე, კვირა.ჯი-სა და ფაქტები.ჯი-ზე (ჩამოთვლილი მედიები იძებნება 21 იანვრის 19:00 საათის მონაცემებით).

ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემისადმი მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს და ეს ვიდეომასალა უნდა გავრცელებულიყო, მედიასფეროში მომუშავე პირები არ დავობენ. მათივე თქმით, ცალსახაა ისიც, რომ უწყება, რომელმაც ვიდეო ამ ფორმით გაავრცელა, უპასუხისმგებლოდ მოიქცა, მაგრამ, ეს არ ათავისუფლებს ეთიკურ მედიას პასუხისმგებლობისგან, ეპოვა სწორი ბალანსი საჯარო ინტერსსა და კონკრეტული პირების (ამ შემთხვევაში რიგითი მოხელეების) ინტერესების შელახვას შორის.

“ორი მხარე იკვეთება ჩემთვის, პირველი ეს არის იუსტიციის სამინისტროს დამოკიდებულება თავისივე უწყებაში, პენიტენციურ სამსახურში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ, საერთოდ არ აქვთ მგრძნობელობა, გაავრცელეს სახე დაუფარავი კადრები, წარმოიდგინეთ როდესაც ამ კადრებს მათი თანამშრომლების ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლეები, დედები ნახავენ, როგორი ასატანი იქნება ეს მათთვის”, - ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნანა ბიგანიშვილი და აქვე მეორე მხრივ, მედიის პასუხისმგებლობის ნაწილზე საუბრობს.

“მედია არაეთიკურად მოიქცა, იმიტომ, რომ გაავრცელა იმ ადამიანების სახეები და მოახდინა მათი იდენტიფიცირება ვინც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და მოხვდა ამ სიტუაციაში - მათზე განხორციელდა თავდასხმა. არანაირი საჭიროება არ იყო მათი იდენტიფიცირების, ამის გარეშეც თავისუფლად შეიძლებოდა საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება და ფაქტის სრულფასოვნად გაშუქება. მედია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მსგავს ფაქტებს, როცა მისმა გაშუქებამ შესაძლოა ღირსების შემლახავად იმოქმედოს კონკრეტულ ადამიანებზე”, - ამბობს იგი და დასძენს, რომ მედიას უნდა აღეწერა მომხდარი, გაევრცელებინა ეს ვიდეობიც, თუმცა, უნდა დაეფარა რიგითი მოხელეები და მიენიშნებინა იმ კონკრეტულ შემთხვევაში ვისზე ხდებოდა ძალადობა.

"მედიაჩეკერი" შეეცადა პასუხი კითხვაზე, რატომ არ დაფარეს გავრცელებულ ვიდეოში ციხის თანამშრომელთა სახეები, ქმნის თუ არა ეს მათთვის და მათი ახლობლებისთვის გარკვეულ უხერხულობას, სასჯელაღსრულების  სამინისტროდან მიეღო. 

უწყებამ ჩვენს კითხვას ასე უპასუხა: "ამაზე სახალხო დამცველმა უნდა ინერვიულოს, როცა გვაძლევს რეკომენდაციას, ეს ხალხი ერთი ერთზე დავტოვოთ პატიმართან".

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი; მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ