ყალბი გზავნილები ევროპული ქვეყნებისთვის რუსეთის დახმარებაზე კორონავირუსთან ბრძოლაში
10.05.2020
ევროსკეპტიციზმი და ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება, უკვე იქცა Covid-19-ის თანმდევ “სიმპტომად”. პრორუსული მედია ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად ცდილობს მკითხველი დაარწმუნოს, რომ ევროკავშირმა წევრი სახელმწიფოები ბედის ანაბარა მიატოვა და მათი მშველელი რუსეთი აღმოჩნდა.

25 მარტს, "საქართველო და მსოფლიომ" გამოაქვეყნა სტატია სათაურით - “ევროკავშირმა იტალია ბედის ანაბარა მიაგდო. რუსეთმა დახმარების ხელი გაუწოდა”, რომელშიც ხაზგასმულია, რომ “ვლადიმერ პუტინმა იტალიელ ხალხსა და იტალიის ხელმძღვანელობას თანადგომა გამოუცხადა უკიდურესად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი. კონტემ მადლობა გადაუხადა რუსეთს დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯებისთვის”.

alt“რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავით 22 მარტს იტალიაში ჩავიდა სამხედრო ვირუსოლოგებისა და მედიკოსების რვა ბრიგადა, ჩაიტანეს ტრანსპორტისა და ტერიტორიის აეროზოლური დეზინფექციის კომპლექტები, აგრეთვე სამედიცინო მოწყობილობა”, - ვკითხულობთ სტატიაში.

რუსეთის გზავნილს იტალიისადმი დიდი განხილვა და კრიტიკა მოჰყვა. რუსეთმა მართლა გაუგზავნა იტალიას დახმარება სლოგანით ”სიყვარულით რუსეთისგან”. თუმცა სინამდვილეში მისია არა რუსეთის ჯანდაცვის, არამედ თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა.

ამ გზავნილზე ბევრი შეფასება დაიწერა იტალიურ მედიაში. მაგალითად იტალიური გამოცემა la stampa წერდა, რომ ამ ჰუმანიტარული დახმარების უმრავლესობა გამოუსადეგარი იყო და სინამდვილეში მას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.

ასევე ერთ-ერთ იტალიურ გამოცემაში გავრცელდა ამბავი, რომ იტალიისადმი გაწეული დახმარებისთვის, რუსეთი იტალიის მოქალაქეებს, პუტინისთვის ვიდეორგოლით მადლობის გადახდის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.

alt14 აპრილს, იგივე გზავნილებით, “საქართველო და მსოფლიომ” მკითხველს კიდევ ერთი მასალა შესთავაზა. სტატიაში - “ევროკავშირმა სლოვენია ბედის ანაბარა მიატოვა”, გამოცემა სლოვენიის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ “ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სლოვენიას ევროკავშირისგან ერთი ნიღაბიც კი არ აქვს მიღებული და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისა და რეგიონში მეგობრების იმედზეა”.

სად და როდის გააკეთა სლოვენიის პრემიერმა ასეთი განცხადება, მასალაში ამის დამადასტურებელი რამე წყარო მითითებული არ არის. მსგავსი განცხადება არც სხვა ქართულ, მათ შორის არც პრორუსულ საიტზე და არც უცხოურ გამოცემებში არ იძებნება.

altიმავე დღეს, იგივე გამოცემაში, კიდევ ერთი მსგავსი სტატია იძებნება. ამჯერად, გამოცემა მხოლოდ ერთი ქვეყნის მაგალითით არ კმაყოფილდება. სტატიაში, სათაურით: “რუსეთი ეხმარება სერბეთსა და სირიას კორონავირუსთან ბრძოლაში”, ავტორი გვიყვება, როგორ სთხოვს ყველა დახმარებას რუსეთს. იქვე, გვიკონკრეტებს, რა დახმარებას უგზავნის რუსეთი ამ ქვეყნებს.

რა არის რუსეთის მიზანი


ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, როიტერსი ჯერ კიდევ მარტში წერდა, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციით რუსეთი ცდილობს დასავლური ინსტიტუტების სანდოობაში ეჭვი შეიტანოს. ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ “რუსული კამპანიის სახით, ინტერნეტ სივრცეში აქვეყნებენ ყალბ ინფორმაციებს ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე და წერენ ურთიერთსაწინააღმდეგო, დამაბნეველ და ზიანის მომტან ინფორმაციებს”.

ევროკავშირის დეზინფორმაციის მონიტორინგის სამსახური - EUvsDisinfo პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რა ყალბ ნარატივებს ავრცელებს რუსული პროპაგანდა ევროსკეპტიციზმის გასაძლიერებლად.

ანტიდასავლური გზავნილების ნარატივი დაახლოებით ასეთია:

  • ევროკავშირი ვერ უმკლავდება კრიზისს და ის არის უბედურება ევროპისთვის;
  • ევროკავშირი ვერ ეხმარება წევს სახელმწიფოებს და ისინი სხვა ქვეყნების დახმარებაზე არიან დამოკიდებული (მეტწილად ასეთი დამხმარე ქვეყანა ჩინეთია);
  • ჩინეთი ეხმარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მაშინ როდესაც მათ ბრიუსელი დახმარების გარეშე ტოვებს;
  • შენგენის ზონა აღარ არსებობს - ევროპელები კარანტინში არიან, თუმცა, მიგრანტები თავისუფლად გადაადგილდებიან;
იმ ფონზე, როდესაც მთელი სამყარო პანდემიას ებრძვის, ეს გზავნილები ნათლად აჩვენებს რუსეთის მიზანს სასიკეთოდ გამოიყენოს კრიზისი, - გააჩინოს განცდა, რომ პანდემიასთან გამკლავების ძალა მხოლოდ მას შესწევს და ძლევამოსილ სახელმწიფოდ წარმოჩინდეს.

დეტალური ინფორმაცია, სინამდვილეში რა დახმარება გაუწიეს ევროპულმა ქვეყნებმა ერთმანეთს კორონავირუსთან ბრძოლაში, შეგიძლიათ ამ გვერდზე იხილოთ.


alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : თამთა აბუსელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ